ჯავახეთში იზრდება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, ვინც სასწავლებლად რუსულ-სომხურ უნივერსიტეტს ირჩევს. შარშანდელთან შედარებით РАУ-ში (РОССИЙСКО-АРМЯНСКИЙ УНИВЕРСИТЕТ) ჩაბარების მსურველთა რიცხვი თითქმის გაორმაგებულია. რუსულ-სომხური უნივერსიტეტი, რომელიც ნელ-ნელა პოპულარული ხდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის კვოტას ზრდის.
ანაჰიტ მანუკიანი ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომელმაც გასაუბრება გაიარა და წელს რუსულ-სომხურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ანაჰიტი ახალქალაქის რუსულ სკოლაში სწავლობს. რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა ნაწილი საქართველოში რჩება და 4+1 პროგრამით აპირებს სწავლის გაგრძელებას, ხოლო მეორე ნაწილი მასავით ერევანში მიდის.
"იქ ჩემი ბევრი მეგობარი და ნაცნობი სწავლობს ჯავახეთიდან. მე პროგრამის შესახებ 3 წლის წინ მეგობრებისგან გავიგე, უფრო მეტი კი ინტერნეტში მოვძებნე. გასაუბრებაში მონაწილეობა მივიღე და რუსულ პროგრამაზე ჩავირიცხე. სხვებზე [თანაკლასელებზე] ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მე რაც ვიცი, ნაწილი მოხვდა ერევანში, ნაწილი რუსეთში“, – ამბობს ანაჰიტ მანუკიანი.
ანაჰიტის მსგავსად, სწავლის გაგრძელებას რაუში აპირებს მისი კლასელი დიანა ხაზარიანიც. მან რაუში, რომელსაც სხვაგვარად სლავიანსკის უნივერსიტეტსაც უწოდებენ, უკვე ჩააბარა.
"4+1 პროგრამით არც დავინტერესებულვარ, რადგან კარგად არ ვიცი ქართული ენა, მხოლოდ სალაპარაკო დონეზე. ამიტომ ვფიქრობ, რაუ სწორედ ის არის, რაც მე მჭირდება“, – ამბობს დიანა.
რაუ 1997 წელს რუსეთისა და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა დააფუძნეს. სასწავლებელი 2003 წელს თავდაპირველად მოსკოვში გაიხსნა, 2015 წელს კი უმაღლეს სასწავლებელს ერევანში სომხური სექტორიც დაემატა. რაუ ამჟამად რვა ინსტიტუტსა და 21 ფაკულტეტს მოიცავს. უმაღლესი სასწავლებელი განათლების სამივე საფეხურს - ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და ასპირანტურას ფარავს. უნივერსიტეტში სწავლა საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის უფასოა. უნივერსიტეტი სწავლის ხარჯებს თავისი ბიუჯეტიდან ისტუმრებს.
ახალქალაქში სულ 5 სკოლაა, აქედან ერთი ქართული, 3 სომხური და ერთიც რუსულენოვანი.
ქართულ უნივერსიტეტ დამთავრებული ბრუნდება უკან და სამსახურს ვერ შოულობს. ეს იწვევს, გარკვეულწილად, იმედგაცრუებას...ანი მინასიანი
რუსულენოვანი სკოლის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს სასწავლებელი 31-მა აბიტურიენტმა დაამთავრა. 4+1 პროგრამა 4-მა აბიტურიენტმა აირჩია, 6 კი რაუში ჩაირიცხა.
”ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ორივე პროგრამაზე ერთდროულად აბარებენ, სადაც უფასოზე მოხვდებიან, იქ რჩებიან“, - ამბობს რუსული სკოლის დირექტორი ტერეზა ნაჰატეტიანი.
რადიო თავისუფლება ახალქალაქის რუსული და სომხური სკოლების დამამთავრებელი კლასის 15–მდე მოსწავლეს გაესაუბრა. გაირკვა, რომ მათმა უმეტესობამ განაცხადი ელექტრონულად შეავსო და ნაწილმა ჩარიცხვის დამადასტურებელი შეტყობინება უკვე მიიღო.
ახალქალაქის რუსული სკოლის მსგავსად, აბიტურიენტთა ინტერესები პირველ საჯარო სომხურ სკოლაშიც გაყოფილია. ადმინისტრაციის მონაცემებით, სკოლა წელს 51-მა მოსწავლემ დაამთავრა. მათგან 17–მა 4+1 პროგრამა აირჩია, ხოლო რაუდან ექვსს უკვე დადებითი პასუხი მოუვიდა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ დაახლოებით ამდენივე ელოდება პასუხს.
"რაუ პოპულარული უნივერსიტეტია ძალიან. კარგად ასწავლიან, კარგი სპეციალისტები გამოდიან. ენაც უწყობს ხელს – იქ რუსულ ენაზეც შეიძლება სწავლა და სომხურზეც“, – ამბობს ახალქალაქის 1-ელი საჯარო სომხური სკოლის დირექტორი რუზან ტეპოიანი.
ჯავახეთში ყველა თანხმდება, რომ 4+1 პროგრამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო ენის შესწავლის და უმაღლესში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წამოწყებაა, თუმცა მისი მინუსი ისაა, რომ იგი დასაქმებით ვერ სრულდება. იმედგაცრუებული ახალგაზრდები სამუშაოს ისევ რუსეთში ეძებენ.
"ინტეგრაციის საუკეთესო მაგალითია 4+1 პროგრამა. გარდა იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობა სწავლობს სახელმწიფო ენას, ამასთანავე, ურთიერთობს საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქართულ უნივერსიტეტდამთავრებული ბრუნდება უკან და სამსახურს ვერ შოულობს. ეს იწვევს, გარკვეულწილად, იმედგაცრუებას. მათგან ნაწილი იძულებული ხდება სამუშაოდ ისევ რუსეთში ან სომხეთში წავიდეს, რაც პრობლემაა“, – ამბობს ახალქალაქის საინფორმაციო სააგენტო “jnews”- ის ჟურნალისტი ანი მინასიანი.
რუსულ-სომხური უნივერსიტეტი და მისი კარიერული ცენტრი კი კურსდამთავრებულთა დასაქმებაზეც ზრუნავს.
“[კარიერული] ცენტრი ეხმარება სტუდენტებს კონკრეტული პროფესიის სპეციფიკის შესწავლაში, მათთვის მნიშვნელოვანი კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაში, სამუშაოს ძიებასა და დასაქმებაში“, – ნათქვამია უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბიულეტენში.
ერევანში ძალიან პოპულარულია რაუ. გარდა ამისა, რუსეთი როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის მოქალაქეებისთვის კვოტას იძლევა...სამველ პეტროსიანი
რაუ დასაქმების ბაზარზეა ორიენტირებული და ისეთი პროფესიების დაუფლებას სთავაზობს სტუდენტებს, რომლებიც პოპულარულია. რუსულ-სომხურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, მათემატიკის, კომპიუტერულ მეცნიერებათა, საინჟინრო ფიზიკის, ბიომედიცინის, მედიცინის, რეკლამისა და კინოს, სამართლისა და პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტები ფუნქციონირებს.
"რუსულ-სომხური უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაა ... უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებებს რუსეთის ფედერაციისა და საზღვარგარეთის 60 წამყვან უნივერსიტეტსა და ორგანიზაციებთან“, – აღნიშნულია რაუს, სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის, ვებგვერდზე.
"საგანმანათლებლო დაწესებულებები არის მძლავრი ინსტრუმენტი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რადგან საინფორმაციო სივრცეში პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებაზე საშიში არის ეს საგანმანათლებლო კერები, რადგან იგი მარტო ცოდნას კი არ აძლევს, არამედ ქმნის ინსტრუმენტს, რომ შექმნას მისდამი ლოიალურად განწყობილი საზოგადოება. სწორედ აქედან გაჩნდება მიზიდულობის კერა სხვა სახელმწიფოების მიმართ“, – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე.
ჯავახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღემდე ეკონომიკურად რუსეთზეა დამოკიდებული. სომხური თემით დასახლებულ რეგიონში გაზრდილია საბჭოთა და რუსეთის მიმართ დადებითი განწყობებიც. მაგალითად, NDI-ის ბოლო გამოკითხვით, საქართველოს სომხურენოვანი მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ ქვეყანა მეტ სარგებელს მიიღებს, თუკი რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოზე.
სამველ პეტროსიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია "პატრიოტთა ალიანსიდან“. იგი ამბობს, რომ ყველა სახელმწიფო თანამდებობაზე მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო განათლების ხელშეწყობა. მანამდე იგი საქართველოს პარლამენტში ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. სამველ პეტროსიანი თავად ქართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ მისი შვილიშვილები მშვენივრად ფლობენ ქართულ ენას.
"ერევანში ძალიან პოპულარულია ეს სასწავლებელი [რაუ]. გარდა ამისა, რუსეთი როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის მოქალაქეებისთვის კვოტას იძლევა იქ, სადაც ახალგაზრდები უფასოდ სწავლობენ და უგამოცდოდ ხვდებიან. თუ არ ვცდები, წელს თითქმის გაორმაგებულია კვოტა”, გვეუბნება სამველ პეტროსიანი.
რაუში პირველი სტუდენტი ჯავახეთიდან 2015 წელს ჩაირიცხა. მაშინ სასწავლებელმა მხოლოდ სამი ადგილი გამოყო საქართველოს მოქალაქეებისთვის, წელს კი კვოტა 80-მდე გაზარდა.