Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ზიანი მოაქვს ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვას?


დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდა. სამეგრელოს მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის უფლება დღეს მხოლოდ მძიმე ავადმყოფებს მისცეს, - მათ, ვისაც გალის საავადმყოფოში გაცემული ჯანმრთელობის ცნობა ჰქონდა.

ე.წ. მესაზღვრეების მოთხოვნით, ავადმყოფს ცნობასთან ერთად თან უნდა ჰქონდეს გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტაცია, საუკეთესო შემთხვევაში - ე.წ. აფხაზური პასპორტი. მათ კი, ვისაც არც ის აქვს, უნდა წარადგინონ დროებითი დოკუმენტაცია - ბინადრობის მოწმობა ან ე.წ. ფორმა ნომერი ცხრა.

ამასთან, სოხუმის განცხადება, რომ ხიდზე მოძრაობა ორმხრივად ჩაკეტა, დღეს არ დადასტურდა. ჯერჯერობით ზუგდიდიდან აფხაზეთის მიმართულებით გალელებისთვის გადაადგილება შესაძლებელია. ამასთან, შეზღუდვები არ მოქმედებს ენგურჰესის თანამშრომლებზე.

გალის მცხოვრებმა რიმა კაჭარავამ მოხუცი, მძიმედ ავადმყოფი დედა ეტლით ჩაიყვანა ზუგდიდში. მათ 800-მეტრიანი ხიდის გადმოსვლა მარტოებს მოუწიათ, რაც უჩვეულოა, რადგან, ჩვეულებრივ, ამ ე.წ. საზღვარს ყოველდღიურად 100-ობით ადამიანი კვეთს.

„დედას აქვს დიალეზის ცნობა. გალში არ არის ასეთი პროგრამა, სოხუმშია მარტო. იქ ადგილები არ არის. მქონდა ცნობა და ამის საფუძველზე გამოგვიშვეს“, - გვითხრა რიმა კაჭარავამ.

ენგურის ხიდის გავლით ზუგდიდში დღეს გადმოსულ რამდენიმე მოქალაქეს შორის არის გალელი ნარგიზა რობაქიძე. ის ამჟამად ქუთაისში ცხოვრობს და ოკუპირებულ რეგიონში მხოლოდ რამდენიმე დღით, სტუმრად ე.წ. ვიზით იმყოფებოდა. ამიტომაც მას გამონაკლისის სახით უკან, ქუთაისში, დაბრუნების უფლება მისცეს. ნარგიზა რობაქიძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ე.წ. გამშვებ პუნქტთან მოქალაქეთა რიგებია. შეკრებილებს შორის არიან სტუდენტები, რომლებიც განათლებას დანარჩენ საქართველოში იღებენ:

„ეს ბავშვები მართლა ცოდო არიან. უნდათ აქეთ რომ ისწავლონ და იქ რომ ჩაკეტილში არიან, ეს ძალიან ცუდია“, - თქვა ნარგიზა რობაქიძემ.

ენგურის ხიდის ჩაკეტვით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ ეზღუდებათ არა მარტო გადაადგილების, არამედ ასევე განათლების, ასევე სახელმწიფო სერვისების მიღების უფლება. დე ფაქტო ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მძიმედ აისახება მათ სოციალურ მდგომარეობაზეც, რადგან გალის ან სოხუმის ბაზარში, რომელიც რუსული პროდუქტით არის გაჯერებული, სურსათის შეძენა გაცილებით მაღალ ფასად მოუწევთ. ხიდის ჩაკეტვით ისინი მოკლებული იქნებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებსა და ოჯახის წევრებთან ყოველდღიურ ურთიერთობას:

„იქეთ გადასვლით ხალხი ან პენსიის ფულს აიღებს, ან ნათესავი ასესხებს, სანამ თხილი იქნება. აი, ასე გაჰქონდა ხალხს თავი. აქ პენსიასაც არ აძლევენ ხალხს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში გალში მცხოვრები ჯულიეტა ბასარია. მას ზუგდიდში ჩასვლა უნდოდა, თუმცა შეზღუდვების გამო ვერ შეძლო.

მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ იმ ადამიანის ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან ამ უკანონო შეზღუდვით.

მისივე სიტყვებით, მუშაობენ, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას.

ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა და წუხილი, რაც მოქალაქეებს აქვთ, ახალგაზრდების გადაადგილებას და მათ მონაწილეობას უკავშირდება ერთიან ეროვნულ გამოცდებში.

"განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ სქემაზე, რომ არ ჰქონდეთ შეფერხება გალელ სტუდენტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებთან წვდომაზე", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი 27 ივნისს, საღამოს ცხრის ნახევრისთვის, "უსაფრთხოების დაცვის მიზნით" ჩაკეტა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოხუმმა განცხადებაც გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში, "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციები იმართება, რაც ეხება "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას".

მანამდე ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრლამენტმა მიმართა.

XS
SM
MD
LG