Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაფი წამლები - მოსახლეობის ნაწილი პროგრამით ვერ სარგებლობს


"გასული წლების მსგავსად, 2019 წელსაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ქაღალდზე რჩება", - განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. - „სარგებელს ასიათასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი განვლილ ხუთ-ნახევარ თვეში პროგრამაზე გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან 1 მლნ ლარის ათვისებაც კი ვერ მოახერხა“.

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

​ზურაბ ჭიაბერაშვილის ამ შეფასებას არ იზიარებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. „არ ვიცი საიდან აქვს ასეთი მონაცემები“,- გვითხრა სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ. მისი განმარტებით, ეს არის სპეციფიკური, მედიკამენტების შესყიდვის პროგრამა და მისი შეფასება წლის ბოლოს უმჯობესია.

„ასევე იყო შარშანაც ლაპარაკი, თუმცა წლის ბოლოს ავითვისეთ ეს ფული, 10 მილიონამდე ლარი. 7 მილიონი რეალურად დახარჯული იყო მედიკამენტებში და იყო 2 მილიონზე მეტის სატენდერო ეკონომია. ხარჯი შარშან ვაჩვენეთ. ასევე იქნება წელსაც, დარწმუნებული ვარ“, - ამბობს ეკატერინე ადამია. მისი განმარტებით, რამდენიმე თვის წინ სამინისტროს ინიციატივით საგანგებოდ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ეტაპობრივი ზრდა თვალსაჩინოა, მთავარი ბარიერი კი პროგრამის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა, რის გამოსასწორებლადაც კომუნიკაციის კამპანია მიმდინარეობს.

ეკატერინე ადამია
ეკატერინე ადამია

ეკა ადამიას განმარტებით, პროგრამის დაწყებისთვის, 2017 წელს ყოველთვიურად 700-800 პაციენტი რეგისტრირდებოდა, გაფართოების შემდეგ, 2018 წლიდან კი რეგისტრაციის ყოველთვიური მაჩვენებელი საშუალოდ 4070-4100 ადამიანის ფარგლებში მერყეობს, აფთიაქს წამლისთვის კი 11-12 000 პაციენტი მიმართავს.

შესაბამისად, ეკატერინე ადამია არ იზიარებს ოპონენტების კრიტიკას, თითქოს პროგრამა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. იგი არაობიექტურს უწოდებს ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრამით მოსარგებლეებამდე გასულ წელს მხოლოდ 1,7 მილიონი ლარის წამალი მივიდა მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ 8 მილიონი ლარის წამალი შეიძინა. ეკატერინე ადამია აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ეს პროგრამის არასწორი შეფასებაა, რადგან წამლების შესყიდვა მათ მყისიერ ხარჯვას არ ნიშნავს.

„ გათვალისწინებულია უფერული დოზა, რომ მედიკამენტი მომავალ წელსაც სამყოფი იყოს, მედიკამენტები, რომლებიც სიახლეა და უნდა დაინერგოს, ანუ სხვადასხვა მექანიზმით უნდა მოხდეს მისი ხარჯვა. მედიკამენტების შესასყიდად ამ ფულის დახარჯვას სამინისტრო ახერხებს, მაგრამ ბენეფიციარმა რამდენი ტაბლეტი წამალი გადაყლაპა, ვერ იქნება სწორი შეფასება“, - ამბობს ეკა ადამია.

ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით კი წამლებზე ფასი ბოლო 6 წლის განმავლობაში 60%-ითაა გაზრდილი და მთავრობა ვერ ახერხებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს მედიკამენტების პროგრამით დაეხმაროს.

დღევანდელი მონაცემებით, ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში 56 000-მდე ადამიანია ჩართული. პროგნოზული გათვლებით კი პროგრამა 200 000 ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო.

„პროგრამის ამოქმედებამდე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქე ისარგებლებდა. სინამდვილეში, 2017-2018 წლებში პროგრამით 32 669 პირმა ისარგებლა", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

პროგრამის პირველი ეტაპი 2017 წლის მაისში დაიწყო და მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეეხო. მათ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტებზე მოეხსნათ ფინანსური ბარიერები და მიეცათ შესაძლებლობა მედიკამენტების 1 ლარად შეეძინათ. პროგრამას მეორე ეტაპზე დიაბეტის მეორე ტიპის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის განახევრდა. ამ დროისათვის პროგრამით მოსარგებლეები არიან ასევე პენსიონერები, შშმ სტატუსის მქონე პირთა ნაწილი, პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებული ადამიანები. პროგრამა ვრცელდება მათზე, ვისაც აქვთ

  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
  • დიაბეტი (ტიპი II)
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • ეპილეფსია;
  • პარკინსონის დაავადება.
XS
SM
MD
LG