Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკო ნიკოლაძე: „ჩემი ღვაწლი და ნაწერი საფლავიდანაც ამოსძახებდა ყველას“


საქართველოს გასაბჭოებისას ნიკო ნიკოლაძე ინგლისში იმყოფებოდა ჭიათურის შავი ქვის პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ემიგრაციაში ყოფნას მან სამშობლოში ცხოვრება არჩია. გარდაიცვალა დაბრუნებიდან ოთხი წლის თავზე, 1928 წლის 5 აპრილს, 85 წლის ასაკში ფილტვების ანთებით.

ნიკო ნიკოლაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის, გაზეთების გამომცემლის, ნიჭიერი პუბლიცისტის, მეცნიერის, პოლიტიკოსის, განმანათლებლისა და სახელმწიფო მოხელის ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრება გაჯერებეული იყო მისი დროის საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობითა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობით. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის ნიკო ნიკოლაძის ცხოვრების ამსახველ უნიკალურ ფოტომასალას, რომლებიც გადაღებულია თვითონ ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ნიკოლაძის, დავით გურამიშვილისა და ვახტანგ ღამბაშიძის მიერ და მოიცავს მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე პერიოდს.

ამ ფოტოზე, რომელიც 1909 წელს დიდი ჯიხაიშის მამულშია გადაღებული, ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი წყალს ასმევენ ესპანურ თეთრ სახედარს. აკაკის ჰყვარებია დიდ ჯიხაიშში სტუმრობა, სადაც პოეტი აღტაცებაში მოჰყავდა ნიკო ნიკოლაძის მიერ საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილ სხვადასხვა ცხოველებს.
ამ ფოტოზე, რომელიც 1909 წელს დიდი ჯიხაიშის მამულშია გადაღებული, ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი წყალს ასმევენ ესპანურ თეთრ სახედარს. აკაკის ჰყვარებია დიდ ჯიხაიშში სტუმრობა, სადაც პოეტი აღტაცებაში მოჰყავდა ნიკო ნიკოლაძის მიერ საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილ სხვადასხვა ცხოველებს.

ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა კოდაკის ფოტოაპარატი. ფოტებს ასევე იღებდნენ ოჯახის სხვა წევრებიც: მეუღლე ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძისა, შვილი გიორგი ნიკოლაძე და მძახალი ვახტანგ ღამბაშიძე - საზოგადო მოღვაწე და პარიზის ქართული სათვისტომოს რიგით მეორე თავმჯდომარე.

მნიშვნელოვანია ფოტოები, რომლებიც ნიკო ნიკოლაძის სამეურნეო საქმიანობას უკავშირდება, რადგანაც ნიკო ნიკოლაძე ასევე იყო ტყიბულის, ჭიათურის სამთომრეწველობის, ფოთის პორტის ფუძემდებელიც, ფოთის თავკაცი მრავალი წლის განმავლობში და თვითონ იღიებდა ფოთის განვითარების ამსახველ ფოტოებს.

ფოთის, როგორც საპორტო ქალაქისა და მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრის, შექმნა მართლაც დიდწილად არის დაკავშირებული ნიკო ნიკოლაძის სახელთან. ჯერ კიდევ შორეულ 1871 წელს ფოთის მომავალი თავკაცი წერდა, „სანამ ფოთში პორტი არ გაიმართება, ისეთი, რომ ზღვის გემებს ყოველთვის შეეძლოს რიონში შემოსვლა და თავისუფლად დაცლა-დატვირთვა, მანამდი ფოთის მომავალი ყინულზეა დაწერილიო“.

ნიკო ნიკოლაძის სამახსოვრო ნიშანი ქართველთა ლეგიონისა.
ნიკო ნიკოლაძის სამახსოვრო ნიშანი ქართველთა ლეგიონისა.

ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება ბაქო-თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობა და მისი ორგანიზაცია. ნიკო ნიკოლაძის მთავარი მემკვიდრეობაც სწორედ ესაა - მის მიერ გაკეთებული საქმეები და კიდევ, პუბლიცისტიკა გაჯერებული ნიკოლაძის პოლიტიკური მრწამსითა და საქართველოს განვითარების ხედვით, რომლის შესახებაც აკაკი ბაქრაძე წერდა:

მისი ეროვნული პოლიტიკის არსი რომ მკაფიოდ დავინახოთ, უნდა განვიხილოთ ნიკო ნიკოლაძის სამი პრინციპი, რომელთაც იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა: ერთობა, თვითმოქმედება, თვითმმართველობა. ცნებაშითვითმოქმედებანიკო ნიკოლაძე იმას არ გულისხმობდა, რასაც დღეს ჩვენ. თვითმოქმედება მისთვის ნიშნავდა თავისუფალ ეკონომიკურ საქმიანობას („ნიკო ნიკოლაძე“. აკაკი ბაქრაძე).

ნიკო ნიკოლაძე დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების გარეშე ბედნიერი მომავლის იმედი არ უნდა ჰქონოდა:

ყოველი ერის საფუძველი, ძალა, მომავალი უფრო მის მეურნეობაზეა დამყარებული, მის მწარმოებლობაზე. სხვა ყველაფერი თითქმის უმნიშვნელოა ამასთან შედარებით. ერი, რომლის წარმოება შეფერხდა სხვა ქვეყნების წარმოებასთან შედარებით და ხეირიანად ვეღარ აჯილდოვებს მწარმოებელს, სხვის მსხვერპლადაა გამზადებული. იმან თუ სწრაფად ვერ მოახერხა თავისი წარმოების გაუმჯობესება, გაიაფება, გაადვილება და გახვავიანება, მისი საქმე წასული და დაღუპულია“.

​ნიკო ნიკოლაძე ფაქტობრივად, ერთადერთია თერგდალეულთა თაობიდან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოესწრო და, ამასთან, ლომის წილი შეიტანა თურქეთის მთავრობასთან მიმდინარე დაძაბული მოლაპარაკების წარმატებით დასრულებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში.

საქართველოს გასაბჭოებისას ნიკო ნიკოლაძე ინგლისში იმყოფებოდა ჭიათურის შავი ქვის პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ემიგრაციაში ყოფნას მან სამშობლოში ცხოვრება არჩია.

ნიკო ნიკოლაძე გრინვიჩის მერიდიანის ქრონომეტრთან. ლონდონი, 1923 წელი.
ნიკო ნიკოლაძე გრინვიჩის მერიდიანის ქრონომეტრთან. ლონდონი, 1923 წელი.

ნიკო ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნებიდან ოთხი წლის თავზე, 1928 წლის 5 აპრილს, 85 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ცხედარი დარკძალეს მთაწმინდის პანთეონში, ტვინი კი შეინახეს სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის თავის ტვინის მუზეუმში. ნიკო ნიკოლაძის ხსოვნისა და უკვდავების მთავარი წყარო, რა თქმა უნდა, მისი ღვაწლია. აკი ერთხელ თვითონაც შეუნიშნავს, საფლავშიაც რომ ვიდო, ჩემი ღვაწლი და ნაწერი იქიდანაც ამოსძახებდა ყველას, ვისაც კი სმენა არ დახშვიაო“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG