26 მილიონი ევრო დაიხარჯება პროექტისთვის, რომლის ფარგლებში მარტიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობა უნდა დაიწყოს. პროექტი ხორციელდება გერმანიისა და საქართველოს თანამშრომლობით და ფინანსურად მისი მხარდამჭერი გერმანიის განვითარების ბანკია.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 56 მუნიციპალური ნაგავსაყრელია. 2013 წლამდე თითქმის ყველა ნაგავსაყრელი არაორგანიზებულად, გარემოს დაცვის სტანდარტების შეუსაბამოდ ფუნქციონირებდა. კომპანია ამჟამად მართავს 54 მუნიციპალურ ნაგავსაყრელს (ქ.თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა). 2013-2017 წლებში კომპანიამ კეთილმოაწყო 30 მუნიციპალური ნაგავსაყრელი და 21 პოლიგონი ყველა წესის დაცვით დახურა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მუნიციპალური ნაგავსაყრელები უნდა ჩანაცვლდეს რეგიონალური ნაგავსაყრელებით და საქართველოში სულ 8 რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება. მათ შორის პირველი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ნაგავსაყრელი - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში განთავსდება.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობას კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თერჯოლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი. სოფელ ჭოგნარში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა ბოლო წლებში არაერთხელ გააპროტესტეს ჭოგნარშიც და ქუთაისშიც, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან. მომავალი რეგიონალური ნაგავსაყრელის ტერიტორიის მახლობლად მცხოვრებნი უკმაყოფილონი არიან, რომ მათი შიში გარემოს დაბინძურების გამო მთავრობამ არ გაითვალისწინა და, გასულ კვირაში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით, მშენებლობა მარტიდან დაიწყება.
ახალი ნაგავსაყრელის მოწინააღმდეგეებმა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლებს რამდენჯერმე არ მისცეს სოფელში პროექტის პრეზენტაციის შესაძლებლობა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანია მხოლოდ დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას და არაფერს ამბობს უარყოფით შედეგებზე, რაც 36 ჰექტარზე ნაგავსაყრელის მშენებლობას მოჰყვება. სოფლების ჭოგნარის, გოდოგნისა და ოდილაურის მცხოვრებნი შიშობენ, რომ სასმელი წყლისა და საძოვრების გარეშე დარჩებიან:
„დაგვიბინძურდება წყალი და საქონლისთვის საძოვრები და საკვები აღარ გვექნება, მწერებსა და სუნს ვერ მოსპობს ვერავინ. მე მიმავალი ვარ, მაგრამ მომავალ თაობას ხომ უნდა აქ ცხოვრება?!“
„მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით წყაროა და აქედან მარაგდება სოფლები. აქვე, 100 მეტრშია წყალსაცავი, საიდანაც ქუთაისი მარაგდება წყლით. ვინ დადო დასკვნა, რომ წყალსაცავთან შეიძლება ნაგავსაყრელის აშენება?!“
„200-300 მეტრშია სოფლის სასაფლაო და 34 წლის შვილი მყავს დასაფლავებული და მიწა არაა საკმარისი, ნაგავიც უნდა დამიყარონ, ნუთუ?!“ - ამბობენ ადგილობრივები.
თავის მხრივ, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი შუხოშვილი ამბობს, რომ ახალი ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების დაცვით მოეწყობა, რაც გამორიცხავს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას. მისივე განცხადებით, ახალი პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას დადებით ეკონომიკურ შედეგს მოუტანს, რადგან მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში სოფლად მცხოვრებნი დასაქმდებიან:
„ჩვენი კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები არ გვაძლევს უფლებას, რომ მოსახლეობას რაიმე საფრთხე შეექმნას. ეს იმიტომ არ კეთდება, რომ ერთ ადგილას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა მოსახლეობას და მეორე ადგილზე შევუქმნათ პრობლემა. ნაგავსაყრელის სწორად ექსპლუატაციისთვის ინვესტიცია მოზიდულია და დიდი თანხა დაიხარჯება ოპერირებისთვის“.
ნაგავსაყრელის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს არ სჯერათ, რომ პოლიგონი მაღალი სტანდარტით მოეწყობა და მთლიანად უსაფრთხო იქნება:
„არ არსებობს გარანტია, რომ ნაგავსაყრელზე დაცული იქნება სტანდარტები, რადგან საქართველოში ასე არ ხდება. თავდაპირველად გადამამუშავებელ ქარხანას გვპირდებოდნენ და სინამდვილეში გვატყუებდნენ“.
„არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ სიმართლეს იტყვიან, გამორიცხულია. ჩვენ მათი არ გვჯერა!“
„პოლიგონზე უნდა განთავსდეს 3 მილიონი ტონა ნარჩენი და მისი წვენი დააბინძურებს მიწისქვეშა დინებებს და შეიძლება ათეულობით კილომეტრში მოიწამლოს ჭები და წყაროები. სტანდარტი, რომელზეც კომპანია საუბრობს, ჩვენთვის არ არის მისაღები“, - ამბობენ თერჯოლის სოფლების მცხოვრებნი.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელის, გიორგი შუხოშვილის, ინფორმაციით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 5 ნაგავსაყრელი დაიხურა სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო. თითქმის ნახევარი საუკუნის წინ მოწყობილ კიდევ 7 ნაგავსაყრელს ექსპლუატაციის ვადა უკვე გასული აქვს და ამ პოლიგონებზე ნარჩენის განთავსება ძველი მეთოდით ხდება. გიორგი შუხოშვილის თქმით, ახალი, რეგიონალური ნაგავსაყრელის გახსნიდან დაახლოებით 1 წელიწადში ძველი ნაგავსაყრელები დაიხურება და ტერიტორია გამწვანდება. მათ შორისაა ქუთაისის გარეუბანში, ნიკეას ქუჩის ბოლოს მდებარე პოლიგონი, რომელიც ქუთაისის გარდა ბაღდათისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს ემსახურება.