ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური პოლიტიკის მიმართულებით სისტემურ რეფორმებს დაიწყებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომლის თქმითაც უკვე შემუშავებულია სპეციალური სამოქმედო გეგმაც.
„როგორც სოციალურ პოლიტიკაში, ასევე სოციალურ სამუშაოში, რომელსაც სოცმუშაკები ახორციელებენ, სისტემური ცვლილებები დიდი ხნის წინ არის დაგეგმილი. შარშან, წლის ბოლოს უკვე შემუშავდა სპეციალური სამოქმედო გეგმა, რომელიც არის პასუხი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
კანონის სოციალური მუშაობის შესახებ რომლის საფუძველზეც ჯანდაცვის სამინისტრომ სამოქმედო გეგმა მოამზადა 2018 წლის ივნისში მიიღო პარლამენტმა.
- კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სხვადასხვა სამინისტროებს დაევალათ, სოცმუშაკთა გადამზადება.
- სოცმუშაკთა ეტაპობრივი რაოდენობის ზრდა, ისე რომ 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებული სოციალური მუშაკები სრულყოფილად ასრულებდნენ კანონით მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს.
- კანონის მოთხოვნის შესაბამისად, თითოეულ სოცმუშაკს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის 50 საქმეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს. დღეს კი საქართველოს მასშტაბით სულ 240 -მდე სოცმუშაკია და თითოეულ მათგანს 70-80 საქმე აკისრია.
„2018 წლის შემოდგომაზე ჩვენ გავაკეთეთ სოციალური სამუშაოს შეფასება, გაეროს ბავშთა ფონდთან ერთად, გასულ კვირაში უკვე დაიდო შეფასების შიდა დოკუმენტი და არსებობს შიდა ოპერაციული სამუშაოების გეგმა, ამ გეგმის მიხედვით მოუწევს თითოეულ სოცმუშაკს სამუშაოს განხორციელება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნუცი ოდიშარიამ.
მისივე ინფორმაციით, ილიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად შემუშავდა საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიხედვითაც დაიწყება სოცმუშაკთა გადამზადება. ამასთან ნუცი ოდიშარიას თქმით, მნიშვნელოვანია სოცმუშაკთა სამუშაოს პოპულარიზაცია, რათა პროფესია გახდეს მიმზიდველი.
„უკვე წელს იგეგმება ჯანდაცვის სამინისტროში 50 სოცმუშაკის დამატება. ასევე სისტემის რეორგანიზაცია, რეგიონებში დასაქმებული სოცმუშაკებისთვის სატრანსპორტო ხარჯების გადახედვა და ა.შ“,- ამბობს ნუცი ოდიშარია.