რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის გაზრდის წინააღმდეგ გამოსვლაში ოპოზიციაც ჩაერთო მას შემდეგ, რაც 6 იანვარს დაახლოებით 40-მა რუსთაველმა, უპირატესად ახალგაზრდობამ, საპროტესტო აქცია გამართა რუსთავის მერიის წინ და თვითმმართველობისგან კომპანია „ინტერტრანსთან“ ხელშეკრულების გადახედვა მოითხოვა.
8 იანვარს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მხოლოდ ორი საკითხი უნდა განეხილათ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია ორი დღით ადრე გამართული აქციის მონაწილეთა და მათთან ერთად „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერების მისვლამ.
გიორგი გზირიშვილმა, რომელსაც 6 იანვარს საპროტესტო აქცია მიჰყავდა, რუსთავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე უმოქმედობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„ორი დღის წინ ჩვენ შეგხვდით...ძალიან კარგი იყო, როცა მერი [ჩვენთან ] მოვიდა, თუმცა დღეს იგივე რეალობის წინ ვდგავართ, რაც მანამდე იყო - ტარიფი ისევ ორ ლარამდეა გაზრდილი. [მერმა] ვერ შემოგვთავაზა მოკლე ვადაში ტარიფის შემცირების ვერანაირი გეგმა“, თქვა გიორგი გზირიშვილმა. ამის შემდეგ მან რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლევან ონიანს, მიმართა:
„ჩვენ ვართ ძალიან მშვიდობიანები, არ გვინდა, რომ ეს ყველაფერი კომფლიქტში გადაიზარდოს, ვითხოვთ ამ პრობლემის [მგზავრობის საფასურის გაზრდა] სასწრაფოდ მოგვარებას, რადგან მგზავრები და მძღოლები ერთმანეთთან გამუდმებულ კონფლიქტში არიან...მძღოლები 2 ლარის გადახდას ითხოვენ, საკრებულოს დადგენილების მიუხედავად“.
იძულებული ვარ გადავიხადო, რადგან სხვა გზა არ მაქვს. ავდივარ მიკროავტობუსში, სადაც გამოკრულია, რომ მგზავრობის ღირებულება არის 2 ლარი. თუ ავედი, უნდა გადავიხადო. პირადად მე მძღოლთან ვერ მოვაგვარებ პრობლემას.ნიკა კურტანიძე
გზირიშვილმა იქვე რუსთავის მერს შეახსენა მისივე ნამოქმედარი, როცა ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში ძველი ტარიფის აღმნიშვნელი აბრა გააკრა.
რუსთავის მერმა რეპლიკის სახით უპასუხა, რომ მძღოლებმა მგზავრობის ტარიფი დაუსაბუთებლად გაზარდეს და მგზავრებმა ეს არგუმენტად უნდა გამოიყენონ.
კამათში ჩაერთო საკრებულოს უმრავლესობის წევრი გიგა ვეფხვაძე, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე მისულებს ურჩია მძღოლებთან კონფლიქტის შემთხვევაში პატრულს გამოუძახონ.
ამ რეკომენდაციის საპასუხოდ სხდომაზე მისულმა ახალგაზრდა მამაკაცმა, ნიკა კურტანიძემ, თქვა, რომ ის მაინც იძულებულია გადაიხადოს გაზრდილი ტარიფით:
„იძულებული ვარ გადავიხადო, რადგან სხვა გზა არ მაქვს. ავდივარ მიკროავტობუსში, სადაც გამოკრულია, რომ მგზავრობის ღირებულება არის 2 ლარი. თუ ავედი, უნდა გადავიხადო. პირადად მე მძღოლთან ვერ მოვაგვარებ პრობლემას. თვითმმართველობა ცალსახად ამბობს, რომ ირღვევა კანონი, თუმცა ამ კანონის დარღვევის გამო ვზარალდებით უბრალო მოქალაქეები“.
აბსოლუტურად გულუბრყვილო იყო, როცა ხალხს მოუწოდეთ 1,5 ლარი გადაიხადონ და დაპირისპირებაში შევიდნენ მძღოლებთან... ოთხი წელია, კომპანია შემოსულია ბაზარზე, რა გააკეთა მერიამ, რომ „ინტერტრანსს“ ამ დონემდე არ მიეყვანა ვითარება?ნინო იმედაშვილი
2018 წლის 24 დეკემბერს რუსთავის საკრებულომ დადგენილება მიიღო და „ინტერტრანსის“ 11-ვე მარშრუტზე მგზავრობის ფასი, რომელიც 1,5 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობს, იგივე დატოვა, მაგრამ 29 დეკემბერს თბილისის მიმართულებით 7 მარშრუტზე მგზავრობის ღირებულება ორ ლარამდე გაიზარდა. ამას წინ უსწრებდა მძღოლების გამაფრთხილებელი აქცია, რომ აპირებდნენ მგზავრობის ღირებულების გაზრდას იმ მოტივით, რომ ინფლაციამ მიკროავტობუსების მოვლა-შენახვაზეც იმოქმედა. მგზავრობის ფასის მომატებას ქალაქში მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა „ინტერტრანსის“ მისამართით განაცხადა, რომ
„საკრებულოს ყველა დარღვევაზე აქვს მკაცრი რეაგირება“, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა მკაცრ რეაგირებაში.
ურთიერთკამათის შემდეგ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე მისულ მოქალაქეებს უთხრა, „მერიც და საკრებულოც არის თქვენს მხარესო“.
„ყველაზე კარგი ფორმატი არის ის, რომ დავსხდეთ ერთად ცივილურ ფორმებში...ხომ არ შეიძლება ერთ მხარეს ვიყოთ და ერთმანეთის წინააღმდეგ ვაპროტესტებდეთ? - მიმართა ლევან ონიანმა მოქალაქეებს და იქვე დასძინა, „კარგი იქნება, თუ არ მოხდება ამ თემის პოლიტიზებაო“.
პასუხად სხდომაზე მყოფმა ნინო იმედაშვილმა, „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის ლიდერმა, თვითმმართველობის ხელმძღვანელებს ჰკითხა, თუ რა გააკეთეს მათ მგზავრობის ღირებულების ძველ ნიშნულამდე დასაბრუნებლად:
„რა გააკეთეთ გარდა ბიუროკრატიული ქაღალდების წერისა და საჯარო განცხადებებისა? გქონდათ თუ არა კომუნიკაცია „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობასთან? აბსოლუტურად გულუბრყვილო იყო, როცა ხალხს მოუწოდეთ 1,5 ლარი გადაიხადონ და დაპირისპირებაში შევიდნენ მძღოლებთან... ოთხი წელია, კომპანია შემოსულია ბაზარზე, რა გააკეთა მერიამ, რომ „ინტერტრანსს“ ამ დონემდე არ მიეყვანა ვითარება?“
ნინო იმედაშვილმა თვითმმართველობას რეკომენდაციის სახით შესთავაზა, ყოველ მარშრუტზე სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა შეუმციროს „ინტერტრანსს“, რის ხარჯზეც შემცირდება მგზავრობის გადასახადი.
ეს არის დაბალი გადასახადი, რომელიც თვითმმართველობამ დააწესა, რათა კომპანიამ კეთილსინდისიერად შეასრულოს ვალდებულება. თუმცა ახლა „ინტერტრანსი“ შიდა ხელშეკრულებებს იყენებს არგუმენტად, თითქოს ზარალს განიცდის.გურამ კვარაცხელია
რუსთავის მერმა უპასუხა, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როცა განაცხადა, რომ გადამზიდავი კომპანია სალიცენზიო მოსაკრებლის სახით ყოველთვიურად 88 ათას ლარს იხდის:
„“ინტერტრანსის“ წლიური სალიცენზიო გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში 97 ათასი ლარია. არასწორი ციფრების გავრცელება არის ზუსტად საკითხის პოლიტიზება“.
რუსთავის საკრებულოში ორი ოპოზიციური ფრაქციაა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბერიძემ, საკრებულოს უმრავლესობას შეახსენა, რომ ფრაქციამ გასულ წელს წამოსწია „ინტერტრანსის“ შეუსრულებელი ვალდებულებების საკითხი, თუმცა საკრებულომ ეს არ გაითვალისწინა.
„წინა წელს რომ მოგვარებულიყო გარკვეული ფორმით ეს საკითხი, პრობლემა ასე აღარ გამწვავდებოდა“, - თქვა ბერიძემ.
რუსთავის საკრებულოს ინიციატივით ერთი წლის წინ შექმნილი ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გურამ კვარაცხელიამ ივარაუდა, რომ ფასების გაზრდა მძღოლების თვითინიციატივა არ უნდა იყოს, როგორც ამას თავად მძღოლები და „ინტერტრანსის“ მენეჯმენტი აცხადებს.
„ინტერტრანსს“ თითოეულ მომუშავე მანქანაზე გადასახდელი აქვს 50 ლარი ყოველთვიურად, ყოველდღე ამუშავებს საშუალოდ 200 მიკროავტობუსს. ეს არის დაბალი გადასახადი, რომელიც თვითმმართველობამ დააწესა, რათა კომპანიამ კეთილსინდისიერად შეასრულოს ვალდებულება. თუმცა ახლა „ინტერტრანსი“ შიდა ხელშეკრულებებს იყენებს არგუმენტად, თითქოს ზარალს განიცდის, თან აქვს განსხვავებული ხელშეკრულებები მძღოლებთან, რომლებიც მოექცნენ ცუდი გავლენის ქვეშ“, თქვა გურამ კვარაცხელიამ და მაგალითად მოიყვანა მძღოლების „გამბედაობა“, რომლებმაც გაზრდილი ტარიფი დატოვეს, საკრებულოს დადგენილებისა და რუსთავის მერის პოზიციის მიუხედავად.
„საქმე გვაქვს სხვა თავნებობასთან“, თქვა საკრებულოს წევრმა გურამ კვარაცხელიამ. მანვე განაცხადა, რომ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფი 10 იანვარს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართავს სხდომას, სადაც მიიწვევენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობას.
„ინტერტრანსი“ რუსთავში 2014 წელს შემოვიდა და 11-ვე მარშრუტს ფლობს. მან მგზავრობის ღირებულება მესამედ გაზარდა. მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ახლავს დათქმა, რომ ინფლაციის ან სხვა ფორსმაჟორული ვითარების დროს მგზავრობის ღირებულება გადაიხედება.