Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჟვანია: არ შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს


ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მტკნარი სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

„არ გავსულვარ დღეს ცესკოს შენობიდან და არ შევხვედრილვარ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის მტკნარი სიცრუე“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ. მისი შეფასებით, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან ცესკოს ადმინისტრაციის შენობა დატოვა და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობაა.

„მინდა, გამოვეხმაურო გარკვეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ აბსოლუტურ ტყუილ და მცდარ ინფორმაციას, რომელიც სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით, ისევ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობაა. მინდა, აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც მე დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დილით მოვედი, ამ ადმინისტრაციულ შენობაში ვარ, მე საერთოდ არ დამიტოვებია შენობა. ზუსტად იმ დროს, როდესაც მედიასაშუალებით ეს მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს მე სხვაგან შეხვედრაზე ვიმყოფებოდი, ამ დროს სამუშაო ოთახში ნაციონალური მოძრაობიდან დანიშნულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს ვხვდებოდი და ვესაუბრებოდი“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ინფორმაცია თამარ ჟვანიასა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „2020 ნიუსმა“ თავის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ამავე სააგენტოს ცნობით, შეხვედრა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღს უკავშირდებოდა.

XS
SM
MD
LG