Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფსიქოპროექტის" კვლევა: ზურაბიშვილი - 54%, ვაშაძე - 18%, ბაქრაძე - 16%


„ქართული ოცნების“ მიერ შეკვეთილი მორიგი სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 28 ოქტომბრის არჩევნებში 54%-ით გაიმარჯვებს. ე.წ. ალოკაციის მეთოდით ჩატარებული კვლევის თანახმად, მეორე ადგილს დაიკავებს გრიგოლ ვაშაძე - 18%-იანი მაჩვენებლით, ხოლო მესამე ადგილზე გავა დავით ბაქრაძე - ამომრჩეველთა 16%-იანი მხარდაჭერით. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ, ერთად აღებული, ამომრჩეველთა 12%-იანი მხარდაჭერა აქვთ.

კვლევის შედეგები 25 ოქტომბერს გამოაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ამჯერადაც "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა. ამ კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა. გამოკითხვა ჩატარდა 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2200 რესპონდენტი. ცდომილება3%-ს შეადგენს.

ალოკაციის გარეშე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს გამოკითხულთა 30% უჭერს მხარს, გრიგოლ ვაშაძეს - 11%, ხოლო დავით ბაქრაძეს - 10%. სხვა კანდიდატებმა, ერთად აღებული, 7% მოაგროვეს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42% ან არ გეგმავს არჩევნებზე წასვლას, ან გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

„ქართული ოცნების“ დაკვეთით "ფსიქოპროექტის" მიერ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჩატარებული პირველი გამოკითხვის შედეგები 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა და მისი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერდა 53%, გრიგოლ ვაშაძეს 19% და დავით ბაქრაძეს 17%.

XS
SM
MD
LG