Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოს მიტაცების სახიფათო ნიშნები საქართველოში


  • „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ (Transparency International) ბერლინის სამდივნო საქართველოში „სახელმწიფოს მიტაცების“ მზარდ ნიშნებზე ლაპარაკობს.
  • „სახელმწიფოს მიტაცება“ კორუფციის განსაკუთრებით მძიმე და სახიფათო ფორმაა, რომლის დროსაც მთელი სახელმწიფო სისტემა გარკვეული ჯგუფების ინტერესებს არის მორგებული და სრულიად უგულებელყოფილია საზოგადოებრივი ინტერესები.
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გმობს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან თავდასხმას არასამთავრობო სექტორზე იმის შეხსენების პასუხად, რომ ქვეყნისთვის დამღუპველია მაღალი დონის კორუფცია და არაფორმალური ზეგავლენები.
  • პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ძველ აზრზე რჩება.

„განგაში საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის გამო“ - Transparency International-ის ბერლინის სამდივნოს მიერ ასეთი სათაურით გავრცელებულ განცხადებაში ექსპერტებმა მართლაც საგანგაშო მესიჯები ამოიკითხეს. გავლენიანი ორგანიზაცია მაღალი დონის კორუფციის ნიშნებზე ლაპარაკობს და მისთვის ძალიან ცუდის მომასწავებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ თავდასხმით უპასუხა არასამთავრობო სექტორის მოწოდებას - სათანადოდ ყოფილიყო გამოძიებული მედიით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში ასახული სავარაუდო კორუფციული დანაშაულები. ლაპარაკი იყო სარგებელზე, რომელიც უნდა მიეღოთ მაღალი თანამდებობის პირებს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და მოსამართლეებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარე დელია ფერეირა რუბიო:

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი უკუსვლა დემოკრატიული მმართველობის კუთხით. ძალზე დასანანი იქნება, თუ საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის მხრივ მიღწეულ პროგრესს კლეპტოკრატიისა და კორუფციის დაუსჯელობისკენ სვლა ჩაანაცვლებს“.

„გამოცდილება ადასტურებს, რომ „სახელმწიფოს მიტაცება“, საბოლოოდ, მაინც კრახით მთავრდება, რადგან მახინჯი მმართველობა დიდხანს ვერ მუშაობს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია, რომლისთვისაც ძალიან სამწუხაროა საქართველოს მოხვედრა ქვეყნების მეტად არასახარბიელო ჩამონათვალში. თუმცა, ვიდრე „სახელმწიფოს მიმტაცებლები“ მოღვაწეობას კრახით დაასრულებენ, ისინი სამომავლო თადარიგს იჭერენ და სათავისო კვალს ტოვებენ სახელმწიფო ინსტიტუტებზე.

ბათუ ქუთელია "სახელმწიფოს მიტაცებაზე"
please wait

No media source currently available

0:00 0:01:33 0:00
გადმოწერა

ვინ იტაცებს და ვისას იტაცებს

გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (UNICRI) გამოცემა “Freedom from Fear”-ის განმარტებით, „სახელმწიფოს მიტაცებას“ კონკრეტული მახასიათებლები აქვს:

  • „სახელმწიფოს მიტაცება“ ხდება მაშინ, როდესაც მმართველი ელიტა და/ან ძლევამოსილი ბიზნესმენები პოლიტიკის ფორმირებით მანიპულირებენ და ზეგავლენას ახდენენ თამაშის ჩამოყალიბებულ წესებზე (კანონებისა და ეკონომიკური წესების ჩათვლით), საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ისინი იღებენ არსებით სარგებელს კანონის მკაფიო უზენაესობის არარსებობის პირობებში.
  • „სახელმწიფოს მიტაცების“ დროს მიტაცების სამიზნეს წარმოადგენენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო თუ მარეგულირებელი ორგანოები; ხოლო მიმტაცებლებში იგულისხმება: დიდი კერძო კომპანიები, პოლიტიკური ლიდერები, მაღალი თანამდებობის პირები თუ დაინტერესებული ჯგუფები.
  • როცა პოლიტიკოსებს ეშინიათ სოციალური არასტაბილურობის, რაც ცუდი მმართველობის შედეგია ანდა ეყრდნობა მომდევნო არჩევნებში დამარცხების რისკს, ამან შესაძლოა შეასუსტოს სახელმწიფო ინსტიტუტების კანონიერი ინტერესები.

„სახელმწიფოს მიტაცება“ იმიტომ ითვლება კორუფციის მძიმე ფორმად, რომ ამ შემთხვევაში რომელიღაცა ჯგუფი ან ჯგუფები აკონტროლებენ ხელისუფლების უმაღლეს ინსტიტუტებს, უმაღლეს თანამდებობებს და სისტემა კარგავს თვითწმენდის უნარს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ერეკლე ურუშაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი. შექმნილი სიტუაცია მისთვის მანიშნებელია, რომ საქართველოში სისტემა დიდწილად უკვე ოკუპირებულია გარკვეულ ჯგუფთა ინტერესების შესაბამისად და იმისათვის, რომ სისტემა კიდევ უფრო არ დეგრადირდეს, გაბედულად უნდა იმოქმედონ მმართველი პარტიის იმ წარმომადგენლებმა, რომლებისთვისაც ასევე მიუღებელია „სახელმწიფოს მიტაცება“.

გადმოწერა

ერეკლე ურუშაძის თქმით, როდესაც, „მაგალითად, არის ნიშნები იმისა, რომ პროკურატურა და სხვა სამართალდამცველი უწყებები ემსახურებიან გარკვეული კერძო ჯგუფების ინტერესებს“, ამას, ერთ-ერთი პირველი, წინ უნდა აღუდგეს პარლამენტი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველი, მაგრამ კონტროლის ნაცვლად, „პარლამენტის თავმჯდომარე იწყებს შეტევასა და თავდასხმას არასამთავრობო ორგანიზაციებზე“.

თავდასხმა სამოქალაქო სექტორზე

“Freedom from Fear”-ის განმარტებით, „სახელმწიფოს მიტაცება“ სამოქალაქო სექტორის სისუსტის პირობებშია შესაძლებელი. ტექსტში მესამე სექტორი მოხსენიებულია ჯანსაღ ძალად, რომელიც ხელისუფლებას მუდმივად ხმაურით შეახსენებს - გამოასწოროს მანკიერი მხარეები და გამოიძიოს დანაშაულები. საერთაშორისო პრაქტიკაში გამოცდილი ამ მიდგომების შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორზე თავდასხმას გმობსTransparency International-ის ბერლინის სამდივნოც 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მართალია, ბოლო პერიოდში მესამე სექტორს შეტევა არც „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან დაჰკლებია, მაგრამ Transparency International-ის განცხადებაში საგანგებოდ სახელდება პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე.

Transparency International-ის ტექსტში კონკრეტულად ლაპარაკია ფაქტზე, როდესაც “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ფეისბუქპოსტით განაწყენებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფაშიზმში დაადანაშაულა.

ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრობისას დადასტურდა, რომ ირაკლი კობახიძეს პოზიცია არც Transparency International-ის კრიტიკული განცხადების შემდეგ შეუცვლია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG