„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს, რომ ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის უფასო რეკლამები თავიანთი შინაარსით პრეზიდენტობის ერთი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რეკლამას წარმოადგენს, რაც კანდიდატის სასარგებლოდ გაღებულ შემოწირულებად ითვლება, ამის უფლება კი, საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ.
ორგანიზაცია წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ათმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელთან ხუთი კვალიფიციური პარტიაა, შექმნა კოალიცია „ძალა ერთობაშია“ და პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. თუმცა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ შეიქმნას საარჩევნო ბლოკი, რომელიც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს წარადგენს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გრიგოლ ვაშაძე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (#5) წარადგინა.
დანარჩენმა კვალიფიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს ფორმალურად წარედგინათ საკუთარი კანდიდატები რა გზითაც მათ უფასო სარეკლამო დრო და საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლის დაფინანსების უფლება მოიპოვეს.
ესენი არიან:
- #1 - მიხეილ ანთაძე - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”;
- #13 - ზვიად მეხატიშვილი - „საქართველოს ქრისტიან- კონსერვატიული პარტია";
- #22 ზვიად ბაღდავაძე - „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო";
- #27 ზვიად იაშვილი - +ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ).
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამ 4 საარჩევნო სუბიექტის უფასო სატელევიზიო რეკლამები საკუთარი კანდიდატების აგიტაციაზე მეტად გრიგოლ ვაშაძის რეკლამირებას ემსახურება. მათ რეკლამებში ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი ან პირდაპირ ჩანს, ან ყოველი რეკლამის ბოლოს, რეკლამის დამკვეთთან ერთად ჩნდება წარწერა, სადაც ვაშაძის სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერია მითითებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამ ფაქტს აფასებს როგორც ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ მეორისათვის უსასყიდლოდ მიცემულ სარგებელს, შემოწირულობას. საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკურ პარტიებს ასევე აკრძალული აქვთ შემოწირულობის გაღება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, შეისწავლონ ეს საკითხი და მიიღონ შესაბამისი ზომები. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ზემოთ ნახსენებ ოთხ საარჩევნო სუბიექტს რეკლამებს უკანონო შემოწირულებად ჩაუთვლის, მოუწოდებს მათ შეწყვიტონ მსგავსი რეკლამების განთავსება.
წინასაარჩევნო რეკლამის საკითხი მედიაში რამდენიმე დღის წინაც გააქტიურდა. კერძოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისია გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდის ფაქტს. განცხადებაში კომისია შენიშნავდა, რომ საერთო ეროვნული მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის სავალდებულო ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდას, შესაძლოა, გამოეწვია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება, რაც უარყოფითად აისახებოდა შედარებით მცირე ბაზრის წილის მქონე მაუწყებლებზე. კომისია შეახსენებდა მაუწყებლებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოუწოდებდა მათ წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის საეთერო დროის სამართლიანად, თანაბრად და არადისკრიმინაციულად გადანაწილებისკენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელევიზიებს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სამი სარეკლამო ვიდეორგოლის სამაუწყებლო ბადიდან ამოღება მოსთხოვა. ტელეკომპანიებისათვის გაგზავნილ წერილში ეწერა, რომ მათი ეთერით გადაცემული ვიდეორგოლები „მიზნად ისახავდა სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელის შეშლას“ და „არღვევდა „მაუწყებლის შესახებ კანონს“.
რაც შეეხება გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პოზიციას მათ მიერ პოლიტიკური რეკლამით კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, რადიო თავისუფლება ოპოზიციური გაერთიანებისგან პასუხს ამ დრომდე ელის.