ქუთაისის სხვადასხვა დასახლების მცხოვრებნი ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას დაზიანებული გზის, სანიაღვრე არხებისა და წყალარინების სისტემის არარსებობის გამო. შიდასაუბნო გზების გარდა, ქუთაისში ამ დრომდე მოუწესრიგებელია გზის საფარი რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზეც, სადაც წყლით მომარაგების სისტემის შეცვლის მიზნით ასფალტი ზაფხულში აყარეს. იმის გამო, რომ დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად არ დასრულდა, ქუთაისის მერიას ოპოზიციის წარმომადგენლებიც აკრიტიკებენ და საქმის წარუმატებლობის მიზეზად არასწორ მენეჯმენტს ასახელებენ. საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის გიგა შუშანიას შეფასებით, ქუთაისის მერიამ არაკვალიფიციურობის გამო ვერ განახორციელა წლის დასაწყისში გამოცხადებული ვერც ერთი დიდი პროექტი.
ქუთაისის მერის მიერ წლის დასაწყისში გამოცხადებული დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ამ დროისთვის მიმდინარეობს მხოლოდ „თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქცია. ხიდი 22 აგვისტოს უნდა გახსნილიყო, თუმცა მშენებელმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რისთვისაც მერიამ დააჯარიმა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტურისტულად ყველაზე აქტიურ სეზონზე ხიდის დაკეტვამ დისკომფორტი შეუქმნა ვიზიტორებს და დააზარალა ხიდთან მდებარე კერძო ობიექტები. საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ მერაბ მეშველიანი გამოცხადებული დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განუხორციელებლობისა და დაუსრულებელი სამუშაოების გამო ამბობს, რომ ქალაქის ხელისუფლება ამბიციურია, თუმცა მოკლებულია შესაბამის შესაძლებლობებს. მისი თქმით, წლის პირველ ნახევარში განსახორციელებელი პროექტების თითქმის 30 % ჩავარდა, რადგან, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, არ შედგა ტენდერი პროექტირებისთვის, ნაწილზე კი სამუშაოების შემსრულებელი ფირმები ვერ გამოვლინდა.
ოპოზიციის პასუხად, ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ წლის დასაწყისში გამოცხადებულ დიდ პროექტებზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და რადგან ისინი ძირითადად ისტორიულ უბნებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება, შესაბამის სამსახურებთან აქტიურად თანამშრომლობენ და მათი ნაწილი პროექტირების პროცესშია. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა ხიდაშელს მაგალითად მოჰყავს ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის პროექტი, რისთვისაც 30 ათასი ლარი გამოიყო და ბაღის ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად ითვალისწინებს დენდროლოგიურ კვლევასაც. ხიდაშელის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად დასრულებისთვის მერია მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს. მირზა ხიდაშელის ინფორმაციით, „თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქციისთვის კომპანია „ალმა რუსს“ ვადა 22 სექტემბრამდე მისცეს.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მირზა ხიდაშელის განცხადებით, ქალაქის დღევანდელ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა ერგო გასულ წლებში დაწყებული და განუხორციელებელი პროექტების სახით და, ამის მიუხედავად, მოხერხდა ქუჩების ნაწილზე გზის საფარის მოწყობა. ამასთან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წელს ქალაქმა მიიღო 8 მილიონი ლარი 28 საგზაო მონაკვეთის მოსაწყობად და მათი ნაწილი დასრულებულია, მათ შორის 16 შიდა საუბნო გზა, შესახვევი და ჩიხი. ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე ქუჩის რეკონსტრუქცია, ახლო მომავალში კი სამ ქუჩაზე მთლიანად განახლდება გზის საფარი.
მირზა ხიდაშელის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ქალაქმა მილიონ ლარამდე დაფინანსება მიიღო და სხვადასხვა ქუჩაზე 33 საყრდენი კედელი რემონტდება. ამასთან, ქუთაისის მერიამ გასულ წელს დაწყებული და შეუსრულებელი სამუშაოებისთვის რამდენიმე კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. მათ შორისაა ნიკეასა და სულხან-საბას ქუჩების დამაკავშირებელი გზის საფარისა და ბაგა-ბაღებზე მიშენებების შემსრულებელი კომპანიები. განსახორციელებელ პროექტებს შორის პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ასახელებენ რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები.