ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის შეფასებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობამ უკვე აჩვენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ვერსიები ერთმანეთისგან განსხვავდება. „ძალიან კარგ რეჟიმში მიდის კომისიის სხდომა. გადასარევ რეჟიმში იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ გამოაშკარავდა ვინ რისი გამკეთებელი იყო, ვინ რა გააფუჭა, ვინ რა დააშავა“ - განუცხადა დღეს რადიო თავისუფლებას ზაზა სარალიძემ. მან ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა პროკურორ ფხაკაძის მტკიცება, რომ მ.კ. 8-9 მეტრში იყო მკვლელობის ადგილზე მდებარე ფარდულიდან მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მ.კ. ფარდულში შევიდა. „შსს-ს აქვს ის ინფორმაცია, რაც პირველ დღეებში მოწმეებისგან მიიღო, ხოლო პროკურატურამ თავის ჭკუაზე გადააკეთა. ესე იგი, დამნაშავეა პროკურატურა თავიდან ბოლომდე ყველაფერში“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების მიმდინარეობას, სარალიძის თქმით, კონკრეტულ საკითხებზე საუბრისგან თავს შეიკავებს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს. „ძალიან უმოკლესი ვადა აქვთ და ვნახოთ, რას გააკეთებენ“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძე კმაყოფილია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობით
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1