Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადა მარშანიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ულტიმატუმით დატოვა


ადა მარშანია
ადა მარშანია

„პატრიოტთა ალიანსი“ მოითხოვს, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს არა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ჩადენილი დანაშაულიც. ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე განაცხადა კომისიის წევრმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ დეპუტატმა, ადა მარშანიამ. მისი პარტიისთვის მიუღებელია, რომ საპარლამენტო კომისიის წევრთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებითაა დაკომპლექტებული. მარშანიას შეფასებით, კომისიის შემადგენლობის სახით დაკანონდა აბსურდი და სისულელედ გამოცხადდა საღი აზრი, ზნეობა და მორალი. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობასა და ამ პარტიის მმართველობისას დანაშაულის ჩამდენთა მფარველობაში.

„ბატონო პროკურატურავ, იმის მაგივრად, რომ თქვენ დაგებარებინათ ბოკერია და დაგეკითხათ, ახლა თქვენ აქეთ გიბარებთ დასაკითხად პარლამენტში“ - განაცხადა მარშანიამ. მან კომისიას შესთავაზა ორი წინადადება, რომელსაც თავადვე უწოდა აბსურდული. ​„გაფართოვდეს საკითხთა წრე და ამ საზარელი დანაშაულის გარდა, გამოიძიოს კომისიამ სხვა ცნობილი დანაშაულებები ხსენებული რეჟიმის. ან პარალელურად შევქმნათ მეორე აბსურდული კომისია - იმიტომ, რომ მე აქ სერიოზულად საუბარი მიჭირს - რეჟიმის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, მათ ისაუბრონ თავიანთ დანაშაულზე, ობიექტურად გამოიძიონ თავისივე ქმედებები და გამოუტანონ თავიანთ თავს განაჩენი. ჩვენ ამაში მათ დავეხმარებით“ - განაცხადა ადა მარშანიამ. მან პასუხის გაცემა უახლოეს ხანში მოითხოვა, რის შემდეგაც კომისიის სხდომა დატოვა.

XS
SM
MD
LG