საქართველოს მთავარი პროკურატურისგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელახალი გამოძიებისთვის გადაეცა თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმე. წუხელ შსს-ს გამომძიებლების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელსაც ერთ-ერთი მოკლულის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ადანაშაულებს დამნაშავეთა მფარველობაში. თავად სუბელიანი ამ ბრალდებას უარყოფს. 31 მაისს ღამით, პარლამენტთან საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ მირზა სუბელიანმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა, თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
შსს-ში გამოძიების დაწყებას მთავრობის მხრიდან მოტყუების კიდევ ერთ მცდელობად აფასებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. მისი განცხადებით, რა გამოძიება უნდა ჩატარდეს იმ პირობებში, როცა ნივთმტკიცებები განადგურებულია და მოწმეები დააშინეს.
31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე. მოსამართლემ ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, მეორე კი დამნაშავედ აღიარა არა დავით სარალიძის მკვლელობაში, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებდა, არამედ მკვლელობის მცდელობაში. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, უცნობია ვინ მოკლა დავით სარალიძე.
სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას თბილისში მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.