Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმისა და ცხინვალის რეაქცია: რუსეთის ჯარი - მოკავშირე თუ ბადრაგი?


ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორია
ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორია

24 მაისს პრაღაში რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა უნდა შექმნან სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმ შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის გაფორმდა საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებით. რუსეთი და საქართველო თანხმდებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური დერეფნების საშუალებით ტრანზიტული ტვირთების გატარებაზე შვეიცარიული კომპანიის SGS-ის მეთვალყურეობის ქვეშ.

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ტრანზიტული დერეფნის შექმნა „სუვერენული სახელმწიფოს“ ტერიტორიის გავლით მოჩვენებითია, რადგანაც არ არის გათვალისწინებული ცხინვალის პოზიცია და ინტერესები. შესაბამისად, როგორც განცხადებაში წერია, „აღნიშნული შეთანხმების რეალიზაცია დამოკიდებულია პირდაპირ მოლაპარაკებებზე შეთანხმების მონაწილე მხარეებს - მოსკოვსა და თბილისს - და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას შორის“.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა პროგრამამ „ეხო კავკაზამ“ საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ კომენტარი სთხოვა მოდესტ კოლეროვს, რუს პოლიტოლოგსა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომელს.

მოდესტ კოლეროვი
მოდესტ კოლეროვი

„ეს შეთანხმება პრინციპულად ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. სამხრეთ ოსეთი აბსოლუტურად მართალია, როცა აღნიშნულ შეთანხმებას აკრიტიკებს. ვფიქრობ, ამგვარად ხდება ახალი ვითარების გამოცდა, ერთგვარი ტესტირება. არც აფხაზეთის კონსტიტუცია და არც სამხრეთ ოსეთისა არ ითვალისწინებს ორმხრივ საბაჟო ურთიერთობებზე გარეკონტროლს - ეს პირდაპირ ანტიკონსტიტუციური შეთანხმებაა, მათ შორის რუსეთის კონსტიტუციის მიხედვითაც. ვფიქრობ, თუ ვინმე შეიტანს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, აუცილებლად მოიგებს“, - ამბობს კოლეროვი.

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმება განწირულია შეუსრულებლობისთვის:

გამშვები პუნქტების მდებარეობა
გამშვები პუნქტების მდებარეობა

„ვინმემ უნდა უზრუნველყოს ტვირთის, ტრანსპორტის და იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვისაც ტვირთი გადააქვს. საქართველოს არ შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენს ტერიტორიაზე, არც რუსეთის ფედერაციას შეუძლია ამის გაკეთება, რადგანაც სამხრეთ ოსეთი თვითონ ახორციელებს კონტროლს თავის ტერიტორიაზე. ამიტომ სამხრეთ ოსეთი უნდა მონაწილეობდეს ამ შეთანხმებაში - ეს ლოგიკურად გამომდინარეობს აქ გამოკვეთილი საკითხებიდან“.

სხვაგვარად ფიქრობს ცნობილი ოსი სამოქალაქო აქტივისტი და ბიზნესმენი თეიმურაზ ცხურბათი, რომლის თქმითაც, ადგილობრივი ბიზნესი მოუთმენლად ელოდება ტრანზიტის გახსნას:

„თუ ტრანზიტი გაიხსნება, ის ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის ჩვენი მოსახლეობისთვისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის: ნებადართულია სომხებისთვის, რუსებისთვის, ქართველებისთვის და ჩვენთვის არ შეიძლება? ძალიან სულელური იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ასეთ აკრძალვას იოლადაც აუვლი გვერდს, თუ კომპანიას ჩრდილოეთ ოსეთში დაარეგისტრირებ და ტვირთის წარმომავლობის ადგილადაც რუსეთს მიუთითებ“.

ვფიქრობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში არც საკითხის არსი შეცვლილა და არც აფხაზეთის მთავრობის დაპირება, „არ შეუშვას არანაირი „დამკვირვებლები“ და ტვირთები აფხაზეთთან შეთანხმების გარეშე. სხვათა შორის, საკითხი შესათანხმებელია არა მხოლოდ აფხაზეთის მთავრობასთან, არამედ მთლიანად საზოგადოებასთან, რაც ბევრად რთული იქნება...
იზიდა ჭანია

აფხაზ ექსპერტთა წრეებში კი მიიჩნევენ, რომ შეთანხმების ხელმომწერ მხარეებს გაუჭირდებათ აფხაზეთის ტერიტორიის გამოყენება თვითაღიარებული რესპუბლიკის საზოგადოების თანხმობის გარეშე. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ საიტზე გამოქვეყნებული ბლოგ-პოსტის ავტორის, სოხუმელი ჟურნალისტის იზიდა ჭანიას თქმით, გინდა დერეფანი დაარქვან აფხაზეთს, გინდა წინკარი, წარმატებას განაპირობებს არა შეთანხმებაში ჩაწერილი ოცნებები, არამედ თავაზიანი მოპყრობა როგორც მეგობრების, ასევე არაკეთილმოსურნეებისადმი.

„წინააღმდეგ შემთხვევაში შვეიცარიულ კომპანიას მოუწევს ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვება აფხაზეთის მიღმა ტერიტორიიდან, „ჩიპების“ სიმრთელის შენარჩუნებაც რთული იქნება, თუკი აფხაზეთსა და რუსეთში დისლოცირებული რუსეთის ჯარი მოკავშირიდან არ იქცევა ბადრაგად. ვფიქრობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში არც საკითხის არსი შეცვლილა და არც აფხაზეთის მთავრობის დაპირება, „არ შეუშვას არანაირი „დამკვირვებლები“ და ტვირთები აფხაზეთთან შეთანხმების გარეშე. სხვათა შორის, საკითხი შესათანხმებელია არა მხოლოდ აფხაზეთის მთავრობასთან, არამედ მთლიანად საზოგადოებასთან, რაც ბევრად რთული იქნება“, - წერს იზიდა ჭანია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG