რუსეთის ფედერაციამ ხელი უკვე მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან (SGS), რომელმაც უნდა გააკონტროლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით გადაადგილებული ტვირთები. ამავე კომპანიასთან საქართველომ კონტრაქტი 2017 წლის დეკემბერში გააფორმა. ეს კონტრაქტები ეყრდნობა საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წელს გაფორმებულ შეთანხმებას „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“, რომელსაც მოსკოვი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ შეთანხმებად განიხილავს, თუმცა მეტი საპირისპირო არგუმენტი აქვს ქართულ მხარეს, რომელიც თვლის, რომ, პირიქით, 2011 წლის შეთანხმების გაფორმებით რუსეთმა არაპირდაპირ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
2011 წლის შეთანხმების მიხედვით, შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები ჩადგებიან მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე, შესაბამისად, რუს და ქართველ მებაჟეებთან ერთად. ისინი ფიზიკურად შეამოწმებენ ტვირთს, ხოლო უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთის გადაადგილების გაკონტროლება შესაძლებელია GPRS-ის სისტემით, ტვირთებზე დაკრული შესაბამისი სტიკერების დახმარებით.
მას შემდეგ, რაც შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდა (18 მაისს), რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს, რომელიც პრაღაში ხვდება ხოლმე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ „კონკრეტულ დეტალებს გაარკვევს 24 მაისს პრაღაში დაგეგმილი მორიგი შეხვედრის დროს“.
„შემდეგი ნაბიჯი, ალბათ, ასეთი უნდა იყოს, რომ, 2011 წლის შეთანხმების შესაბამისად, უნდა შეიქმნას ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დროდადრო შეიკრიბება შვეიცარიაში და გაუწევს მონიტორინგს ამ პროექტის რეალიზაციას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ აბაშიძემ, თუმცა მან თავი შეიკავა 2011 წლის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის შეფასებისგან, რაც მას მანამდე არაერთხელ მოუწია.
მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2011 წლის სავაჭრო შეთანხმება საქართველოს მიერ ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ტოლფასია, ძირითადად სწორედ გრიგორი კარასინისგან გვესმოდა. კარასინი ამბობს, რომ შეთანხმება საქართველოს საბაჟო საზღვარს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გარეშე განიხილავს.
თუმცა ქართული მხარისთვის 2011 წლის შეთანხმება აბსოლუტურად საპირისპიროზე მეტყველებს. მრავალჯერ ითქვა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების წინაპირობად განხილულ შეთანხმებაში არაერთი ისეთი პრინციპული საკითხი დევს, რაც გამორიცხავს შეკითხვებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მათ შორის არის ე.წ. სამი დერეფნის პრინციპი.
2011 წლის ხელშეკრულების მომზადების პროცესში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული იმხანად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ამჟამად პარლამენტში „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენს.
მისი აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ არაპირდაპირ აღიარებად შეიძლება ჩაითვალოს 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული კიდევ ერთი პრინციპი, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ელექტრონულ ბაზაში გადაცემული მონაცემები უნდა დაჯამდეს როგორც ვაჭრობის შედეგები საქართველოსა და რუსეთს შორის. შესაბამისად, ვაჭრობა, რომელიც რუსეთს აქვს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან, საერთო ბაზაში აისახება, როგორც ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს შორის.
2011 წლის შეთანხმებაში არ არის ნახსენები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, თუმცა, ჩამოთვლილი კოორდინატების მიხედვით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა შეადგინა რუკა, სადაც კარგად ჩანს სამი დერეფნის მთელი ტრაექტორია. ერთი იწყება რუსეთის კრასნოდარის მხარეში და მთავრდება ზუგდიდთან, მეორე - რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთში და მთავრდება გორთან, ხოლო მესამე დერეფანი მოიცავს ზემო ლარსი-ყაზბეგის ტერიტორიას, რომელზეც გადის ამჟამად რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ერთადერთი არასადავო საზღვარი.
2011 წლის შეთანხმების მიხედვით, შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები ჩადგებიან მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე, შესაბამისად, რუს და ქართველ მებაჟეებთან ერთად. ისინი ფიზიკურად შეამოწმებენ ტვირთს, ხოლო უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთის გადაადგილების გაკონტროლება შესაძლებელია GPRS-ის სისტემით, ტვირთებზე დაკრული შესაბამისი სტიკერების დახმარებით. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთიან ბაზაში მონაცემების შეყვანას უშუალოდ რუსი და ქართველი მებაჟეები აწარმოებენ, თუმცა მთელ პროცესს მონიტორინგს გაუწევს შვეიცარიული კომპანია (SGS), რომელთანაც უკვე გააფორმეს კონტრაქტები საქართველომ და რუსეთმა.
შეკითხვაზე, რატომ გაჯანჯლდა კონტრაქტების გაფორმება შვეიცარიულ კომპანიასთან და რატომ მოვიდა 2011 წელს დაწყებული პროცესი 2017-2018 წლამდე, აბაშიძე გვიპასუხებს, რომ ქართული მხარე უფრო ადრეც იყო მზად, მაგრამ რუსეთს „პროცესი გაურთულდა“, თუმცა, ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველო რუსეთის გაღიზიანებას ერიდებოდა და ცდილობდა პროცესი აბაშიძე-კარასინის ფორმატში დაერეგულირებინა, რაც მცდარი პოზიციაა და რის შედეგადაც „ძალიან ძვირფასი წლები დაიკარგა“.