Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის ამორტიზებული და ახალი ბაგა-ბაღები


მე-8 ბაღი
მე-8 ბაღი

რუსთავის ოცდამეხუთე ბაგა-ბაღში, შენობის სერიოზული დაზიანებების გამო, აღმზრდელობითი პროცესი ნაწილობრივ შეწყდა, მერვე ბაღკი, იმავე მიზეზით, მთლიანად დაიხურა.

გადმოწერა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახლახან გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, რუსთავის ოცდამეხუთე ბაგა-ბაღის ერთ-ერთი ფლიგელი დაზიანებულია და ადღგენას არ ექვემდებარება. მერვე ბაგა-ბაღის შენობის საძირკველი კი ისეთ მდგომარეობაშია, რომ თუ ის ძირფესვიანად არ გამაგრდა, შეიძლება დაინგრეს კიდეც. მერვე სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის, მიმოზა საჯაიას, თქმით, დაზიანებულია როგორც შენობის კედლები, ისე საძირკველი:

მიმოზა შამათავა
მიმოზა შამათავა

„ეს არის პადვალი, სადაც გადაბმები უკვე...ბათქაში ჩამოცვენილია. სამხარაულის ბიურომ სინჯები გაიტანა და დაასკვნა, რომ ბაღი უნდა დაიხუროს. 5-6 წლის აღსაზრდელები მე-16 საჯარო სკოლის შენობაში გადავიყვანეთ აღმზრდელობითი პროცესის გასაგრძელებლად“.

მიმოზა საჯაიას თქმით, დანარჩენი სამი ჯგუფისთვის მერიამ ქალაქში შესაბამისი ფართი გამონახა. მე-8 ბაღის დირექტორი შენობის აღდგენას სექტემბერში ვარაუდობს, თუ, რა თქმა უნდა, მერიამ შესაბამისი თანხები მოიძია.

მე-8 ბაღის დაზიანებული კედლები
მე-8 ბაღის დაზიანებული კედლები

შექმნილი პრობლემის გამო, 25-ე ბაღში აღსაზრდელთა ჯგუფები გააერთიანეს და შენობის უსაფრთხო ნაწილში გადაიყვანეს. ბაგა-ბაღის დირექტორ მარინა ლურსმანაშვილის თქმით, მშობლების ნაწილმა შვილები სხვა ბაღში გადაიყვანა. ახლა, 420-ის ნაცვლად, მას 180 აღსაზრდელი ჰყავს:

მშობლებთან ერთად გადაწყდა ის, რომ, თუ ვინმეს სურს, რომ მისი შვილი სხვა ბაღში გადაიყვანოს, ჩვენ ამ ალტერნატივას ვთავაზობთ..
მარინა ლურსმანაშვილი

„მშობლები გაგებით მოეკიდნენ აღნიშნულ სიტუაციას და, შეძლებისდაგვარად, ვისაც სამსახურში ისეთი მომენტები აქვს, მოჰყავს ბავშვები, ვისაც არა, ტოვებენ სახლებში. ამით ხელი გვეწყობა. დღის რეჟიმიდან გამომდინარე, კვებით დამთავრებული ბავშვებს აბსოლუტურად არაფერი აკლიათ“.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნითვე, გამაგრებით სამუშაოებს არ ექვემდებარება მერვე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. მან მშობლებთან ხანგრძლივი საუბარი გამართა და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა:

„ორივე ფილიალის აღსაზრდელებთან შეხვედრა მოხდა. კრებაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი ამ თემასთან დაკავშირებით. მშობლებთან ერთად გადაწყდა ის, რომ, თუ ვინმეს სურს, რომ მისი შვილი სხვა ბაღში გადაიყვანოს, ჩვენ ამ ალტერნატივას ვთავაზობთ“.

ბიუჯეტი ძალიან მზარდია ბაგა-ბაღების, რადგან მათზე მოთხოვნა ძალიან დიდია. 2017 წლის ბიუჯეტი იყო 5 მილიონ 434 ათასი ლარი და 2018 წლის გეგმაა 6 მილიონ 260 ათასი ლარი. რასაკვირველია, ძალიან მძიმეა...
ეკა ხუციშვილი

ეკა ხუციშვილი აღნიშნავს, რომ ქალაქს ბაღები არ ჰყოფნის. მაგალითად, შარშან, სასწავლო წლის დასაწყისში, 800-მდე აღსაზრდელი გარეთ დარჩა, თუმცა შემდეგ დამატებითი ჯგუფებისთვის ფართები გამოიძებნა..

რუსთავში საბიუჯეტო დაფინანსებაზე სულ 21 ბაღია. 2014 წლამდე მშობლები საკუთარი შვილების აღზრდისთვის, თანადაფინანსების საფუძველზე, გადასახადს იხდიდნენ - 40 პროცნტს, დანარჩენს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებდა, მაგრამ 2014 წლის შემდეგ ადგილობრივმა თვითმმართველობამ სრული დაფინანსება თავის თავზე აიღო. შედეგად, როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ეკა ხუციშვილი ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში ამბობდა, გაერთიანების დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება:

„ბიუჯეტი ძალიან მზარდია ბაგა-ბაღების, რადგან მათზე მოთხოვნა ძალიან დიდია. 2017 წლის ბიუჯეტი იყო 5 მილიონ 434 ათასი ლარი და 2018 წლის გეგმაა 6 მილიონ 260 ათასი ლარი. რასაკვირველია, ძალიან მძიმეა, მაგრამ, რადგან სკოლამდელი აღზრდა პრიორიტეტად გამოცხადდა, აუცილებელია დაფინანსება“.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 6 ათასზე მეტი ბავშვი დადის. თითოეულის კვებაზე ყოველდღიურად ერთი ლარი და 54 თეთრი იხარჯება.

მე-8 ბაღის დაბზარული კედლები
მე-8 ბაღის დაბზარული კედლები

მიმდინარე წლის თებერვალში მერიამ ექსპლუატაციაში 230 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი, მეათე ბაღი მიიღო. მის ასაშენებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან შარშან მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყო.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც აღიარებს, რომ ბაგა-ბაღების შენახვა, ახალი შენობის მშენებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ადგილობრივ ბიუჯეტს ძვირი უჯდება:

„ბაღების ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი. ძალიან ისეთ, სავალალო მდგომარეობაშია ბაღები და მე ვფიქრობ, აქტივობა უფრო ამ კუთხით უნდა დავიწყოთ შესაბამისი წყაროს ძებნა ახალი ბაღების ასაშენებლად. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილსაც ვეტყვით, თუ დიფერენცირება მოხდება, არ იქნება ეგ ცუდი საშუალება“.

ირაკლი ტაბაღუას ვარაუდით, მოსალოდნელია, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დროს მან მშობლების მიერ ბაგა-ბაღების ნაწილობრივ დაფინანსების საკითხი დააყენოს.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG