საქართველოდან ევროკავშირის ქვყენებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად და უვიზო მიმოსვლის შეჩერების თავიდან აცილების მიზნით ხელისუფლება აპირებს გააძლიეროს ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან მოლაპარაკება. ევროკავშირისა და შენგენის ზონის 30 ქვეყნიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ვრცელდება, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მხოლოდ 6 სახელმწიფოს ჰყავს აღიარებული, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი კი თავშესაფრის მაძიებელთათვის ავტომატურ უარს მოასწავებს. ამ სიაში არ არის გერმანია, სადაც, საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ყველაზე მეტი პრობლემები შეიქმნა.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად ხელისუფლება ინტენსიურ მუშაობას აპირებს. ამის დასტურია განცხადება, რომელიც მედიასთან გააკეთა თამარ ხულორდავამ, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი სიტყვებით, ამ მიზნით მომავალ კვირაში დაგეგმილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი გერმანიაში. მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია შს მინისტრის ვიზიტიც.
ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველო რამდენიმემ უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში...
თამარ ხულორდავას სიტყვებით, გერმანიასთან მოლაპარაკების გაჭიანურება გამოიწვია ამ ქვეყანაში ჩატარებულმა არჩევნებმა და მთავრობის დაკომპლექტებისთვის საჭირო დრომ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს რადიო თავისუფლებას, საქართველოს მთავრობა აგრძელებს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობას, რომლის მიზანია ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევისა და თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელისუფლება დამატებით კონსულტაციებს გამართავს ევროპელ პარტნიორებთან:
„ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველო რამდენიმემ უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში. ამ საკითხზე მუშაობა, ბუნებრივია, გრძელდება ჩვენს ყველა პარტნიორთან, თუმცა საკითხი არის ინდივიდუალურად პარტნიორი ქვეყნის გადასაწყვეტი და არ თანხმდება ორმხრივი მოლაპარაკებებით. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების ნაწილს არ აქვს ქვეყნების დაყოფის მსგავსი კრიტერიუმები“.
ევროკავშირის ქვეყნებიდან 6-ს საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში ჰყავს შეყვანილი. ეს ქვეყნებია: ბულგარეთი, საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია, ავსტრია. უსაფრთხო ქვეყნად აღიარებული სახელმწიფოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნა არ უკმაყოფილდებათ. ამაზე ლაპარაკობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარიამ თოქმაზიშვილი:
საქართველოდან მიგრაციის თვალსაზრისით, საქართველოს უსაფრთხოება ვერ იქნება სერიოზული ფაქტორი იმ ქვყენების მხრიდან გადაწყვეტილების მიღებაში, რომლებიც განიხილავენ, მისცენ თუ არა თავშესაფარი. ამ კუთხით საქართველოს სწორედაც რომ უსაფრთხო ქვეყნად თვლიან და ქვეყნად, სადაც, უსაფრთხოების და პოლიტიკური თვალსაზრისით, ადამიანს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი არ უჩნდება...გიორგი ბადრიძე
„ადამიანები უნდა იდევნებოდნენ თავის წარმოშობის ქვეყანაში, უნდა იყვნენ წამების მსხვერპლი და ა.შ. იმისათვის, რომ მოითხოვონ თავშესაფარი საზღვარგარეთ. ბელგიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ და ბულგარეთმა შეიყვანეს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რაც გულისხმობს იმას, რომ არ ირღვევა ადამიანის უფლებები, არ იდევნებიან ისინი მასობრივად და როცა ამ ქვეყნებში მიდიან თავშესაფრის მოსათხოვად, ეს უკვე აზრსაა მოკლებული“.
ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა ინდივიდუალურად წყვეტს, რა კრიტერიუმები მიიჩნიოს სხვა ქვეყნის უსაფრთხოდ აღიარებისთვის. განვითარებული ქვეყნები დიდი სიფრთხილით - ზოგჯერ გადაჭარბებული სიფრთხილით - ეკიდებიან ამ საკითხს და ძალიან კონსერვატიულები არიან ამ თემასთან მიმართებით, ამბობს „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი გიორგი ბადრიძე. შესაბამისად, მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას ცოტა რამის გაკეთება შეუძლია ამ ქვეყნების შეფასების კრიტერიუმებზე გავლენის მოსახდენად და ეს უფრო დროის საკითხია. გიორგი ბადრიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო მიმართულებით უფრო მეტი უნდა იმუშაოს, რათა ამაღლდეს ცოდნა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის, თაობაზე:
„საქართველოდან მიგრაციის თვალსაზრისით, საქართველოს უსაფრთხოება ვერ იქნება სერიოზული ფაქტორი იმ ქვყენების მხრიდან გადაწყვეტილების მიღებაში, რომლებიც განიხილავენ, მისცენ თუ არა თავშესაფარი. ამ კუთხით საქართველოს სწორედაც რომ უსაფრთხო ქვეყნად თვლიან და ქვეყნად, სადაც, უსაფრთხოების და პოლიტიკური თვალსაზრისით, ადამიანს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი არ უჩნდება. შეიძლება მათ საკუთარი ტურისტებისადმი რჩევაში უწერიათ ძალიან ბევრი გაზვიადებული რამ საქართველოს შესახებ, მაგრამ როდესაც ამ ქვეყნების საიმიგრაციო ინსტიტუტები განიხილავენ საქართველოდან იქ დარჩენის მსურველთა განცხადებებს, საქართველოს უსაფრთხოებას ძალიან სერიოზულად არ მიიღებენ მხედველობაში, ეს შემიძლია ზუსტად გითხრათ“.
ევროკომისიის პირველ შეფასებით ანგარიშში, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა, ევროპარლამენტის კომეტეტსა და ევროკავშირის საბჭოს სავიზო ჯგუფში საქართველოს მიერ წარმოებული სამუშაო ძირითადად დადებითად შეფასდა და ხაზი გაესვა პროგრესს. 2016 წლის მეორე ნახევრიდან 2017 წლის შუა ხანებამდე სტაბილური იყო ევროკავშირის ქვეყნებსა და შენგენის ზონის ქვეყნებში უკანონოდ დარჩენასა და შესვლაზე უარის თქმის ტენდენცია და ამ პერიოდში თავშესაფრის მოთხოვნის ტენდენცია შემდგომ ზრდაზე არ მიუთითებდა. თანდართულ დოკუმენტში კი ვკითხულობთ, რომ, „ევროსტატის“ მონაცემების თანახმად, შარშან მაისსა და ივნისში, 2016 წელთან შედარებით, თავშესაფარი 20 %-ით მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა. გერმანიის მაგალითზე კლება იყო. ზრდა საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიისა და ისლანდიის მიმართულებით გამოვლინდა. მიუხედავად პრობლემებისა, ამჟამად საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო საფრთხე უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისა არ არსებობს, თუმცა ევროკომისიის პრესცენტრის მიერ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების პასუხებიდან ვიგებთ, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს, თუ ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის დონე 50 %-ს მიაღწევს, თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობაც 50 %-მდე გაიზრდება და თუ საშიშროება შეექმნება წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას განსაკურებით მძიმე დანაშაულის მაჩვენებლით. ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს მოვლენათა განვითარების თაობაზე ახალ ანგარიშს 2018 წლის ბოლოსთვის წარუდგენს.