ევროკავშირის სტრუქტურებში განიხილავენ სავიზო ლიბერალიზაციის ჭრილში მომზადებულ პირველ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიამ 20 დეკემბერს გამოაქვეყნა. ეს არის პირველი ანგარიში, რომელიც სავიზო ლიბერალიზაციის ამოცანების შესრულების ჭრილში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ მომზადდა. როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება, ევროკავშირის/შენგენის ზონის ზოგიერთი ქვეყანა უკმაყოფილოა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდით საქართველოდან, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს არ ემუქრება შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. ამ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაც ადასტურებს.
ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნავს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ მათთან გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან. აქ იგულისხმება სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია და ასე შემდეგ...
ამ ეტაპზე საქართველოს შეშფოთების საფუძველი არა აქვს, თუმცა შეშფოთების პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა , აღნიშნავს ჩვენთან საუბარში რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. 23 იანვარს ევროკომისიის ანგარიშს ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედი სავიზო ჯგუფი განიხილავდა და 22-23 იანვარს იოზვიაკს საშუალება მიეცა არაერთი ქვეყნის წარმომადგენელს გასაუბრებოდა:
„ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნავს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ მათთან გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან. აქ იგულისხმება სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია და ასე შემდეგ... რიგ შემთხვევებში ზრდის მაჩვენებელი 50 პროცენტს შეადგენს. ეს არის პრობლემა და ისინი ლაპარაკობენ ამის შესახებ. თუმცა ამ ეტაპზე არც ერთი მათგანი არ ითხოვს სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას საქართველოსთვის. ამ პრობლემას უნდა დაუპირისპირდეს საქართველო. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება რაღაც მოხდეს ამ წლის მიწურულს ანდა მომავალ წელს“.
2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭათ, რაც ძალაში შევიდა მიგრაციის ტალღების გასაკონტროლებლად შემუშავებული სპეციალური მექანიზმი. მარტივად რომ ვთქვათ, „შეჩერების მექანიზმი“ ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე რომელიმე ქვეყნიდან მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება რომელიმე მიმღებ ქვეყანას ევროკავშირში, ასევე დიდი რაოდენობის ადამიანი მოითხოვს თავშესაფარს ანდა უკანონო ქმედებებით შეაწუხებს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას.
ჯერჯერობით კომისიის მხრიდან არანაირი შეშფოთება ამ მიმართულებით არ არის - არც ჩემთან დაუსვამთ ეს საკითხი, როგორც შეშფოთების საგანი, და ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის... მაგრამ, რა თქმა უნდა, აკვირდებიან...
ევროკომისიის მიერ 20 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიში დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრი ყველა იმ ქვეყნის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ისახავს მიზნად, რომლის მოქალაქეებიც, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, სარგებლობენ უვიზო მიმოსვლის უფლებით. ევროკომისიის ვალდებულებაა, რომ მსგავსი ანგარიშები, შეჩერების მექანიზმის ჭრილში, წელიწადში მინიმუმ ერთხელ გამოაქვეყნოს.
პირველ ანგარიშში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ 2016 წლის მეორე ნახევრიდან 2017 წლის შუამდე „სტაბილურ“ სახეს ატარებდა უკანონოდ დარჩენისა და შესვლაზე უარის თქმის ტენდენცია და რომ ამ პერიოდში ევროკავშირის მასშტაბით თავშესაფრის მოთხოვნების საერთო მაჩვენებლები არ მიუთითებს შემდგომ ზრდაზე.
ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს ასევე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის, მაგალითად, რეადმისიის მექანიზმის ჭრილში და 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების საქმეში. თუმცა აღნიშნულია, რომ კვლავ შეშფოთების საგნად რჩება თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევები ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით.
შეჩერების მექანიზმში ჩადებულია პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებს მისი ამოქმედების პირობებს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, მექანიზმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი საგრძნობლად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა...ვანო ჩხიკვაძე
ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალი საბანაძე უდასტურებს რადიო თავისუფლებას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა აღინიშნება, მაგრამ ამ ეტაპზე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს და ევროკომისიის ანგარიშის განხილვამ მშვიდად ჩაიარა 15 იანვარსაც ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში (LIBE):
„ჯერჯერობით კომისიის მხრიდან არანაირი შეშფოთება ამ მიმართულებით არ არის - არც ჩემთან დაუსვამთ ეს საკითხი, როგორც შეშფოთების საგანი, და ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის... მაგრამ, რა თქმა უნდა, აკვირდებიან. ვერ უარვყოფთ, რომ არის ტენდენცია ზოგ ქვეყანაში, რომ გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა. ზოგ ქვეყანაში ზრდა დაიწყო მანამდე, ხოლო ზოგში გაიზარდა მას მერე, რაც მივიღეთ ეს უვიზო რეჟიმი“.
ევროპის მთელ რიგ სახელმწიფოებში, სადაც საქართველო „უსაფრთხო ქვეყნად“ არის აღიარებული (მათ შორის არის, მაგალითად: ბელგია, საფრანგეთი და ავსტრია), თავშესაფრის მოთხოვნა აზრს მოკლებულია, რადგან ეს პრაქტიკულად ავტომატური უარით მთავრდება. ამის გათვალისწინებას ყველას ურჩევს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე შეჩერების საფრთხე არ არსებობს, მაგრამ სავიზო ლიბერალიზაციის შენარჩუნების მიზანს პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს საქართველოს თითოეული მოქალაქე:
„შეჩერების მექანიზმში ჩადებულია პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებს მისი ამოქმედების პირობებს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, მექანიზმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი საგრძნობლად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. შეიძლება ეს „საგრძნობი გაზრდა“ პირდაპირ ციფრებში არ არის ასახული, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს გახდეს მიზეზი, რომ ცალკეული ადამიანების გამო მთელმა ქვეყანამ დაკარგოს ის, რაც ერთობლივად მოვიპოვეთ“.
ევროკომისიის 20 დეკემბრის ანგარიშში საყურადღებოა ასევე ორგანიზებული დანაშაულის პრობლემა, რომელმაც, თავის დროზე, გარკვეულწილად გააჭიანურა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცედურები. ეს პრობლემა, როგორც ჩანს, კვლავაც სერიოზულ გამოწვევად რჩება და ევროკომისია საქართველოს კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს. ანგარიშის ტექსტში აღნიშნულია, რომ, კრიმინალის ჭრილში, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ყველაზე მეტად არიან შეწუხებული: საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი.