ეკონომიკურად განვითარებულ მრავალ ქვეყანაში თავს იმტვრევენ იმაზე, რა მოუხერხონ მილიონობით ადამიანს, რომელიც, სავარაუდოდ, სამუშაოს დაკარგავს ტექნოლოგიის სფეროში ახალი მიღწევებისა და, შესაბამისად, შრომის მზარდი ავტომატიზაციის შედეგად. რუსეთში კი განსხვავებული პრობლემის წინაშე დგანან: აკლიათ სამუშაო ძალა - ადამიანები, ვისაც მუშაობა შეუძლია და სურს.
ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ ორეშკინმა რუსეთში შექმნილ დემოგრაფიულ ვითარებას ამ კვირაში უწოდა „ერთ-ერთი ურთულესი მსოფლიოში“. მისი მონაცემებით, მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში რუსეთის მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილი წლიურად 800 ათასამდე ადამიანით შემცირდება. ორეშკინი ამ დემოგრაფიული ტენდენციის მიზეზად მიიჩნევს შობადობის მკვეთრ კლებას გასული საუკუნის 90-იან წლებში - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა სოცუზრუნველყოფის სისტემის მოშლის ფონზე იმატა სიღარიბემ და დამნაშავეობამ.
რუსეთში ყველაზე დაბალი შობადობა აღირიცხა 1999 წელს და მაშინ დაბადებული ხალხი ახლა 18 წლისაა, უერთდება მოსახლეობის შრომისუნარიან ნაწილს. ეს თაობა ძალიან მცირერიცხოვანიაო, აღნიშნა ორეშკინმა 25 სექტემბერს მოსკოვში, “სბერბანკის” კორპორაციულ უნივერსიტეტში გამოსვლისას.
შრომისუნარიანი მოსახლეობის კლება უზარმაზარ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 140 მილიონზე ცოტა მეტია, უეჭველად გაართულებს ეკონომიკური ზრდის მიღწევას ორწლიანი მძიმე რეცესიის შემდეგ. მოსკოვის დემოგრაფიული ინსტიტუტის დირექტორმა, ანატოლი ვიშნევსკიმ, იცის, რომ რუსეთი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ მეცნიერი ხედავს პრობლემასთან გამკლავების გზებსაც: მაგალითად, მეტი მიგრანტის მიღებას შრომის ბაზრის შესავსებად და შრომის ნაყოფიერების გაზრდას.
როცა რუსეთის პრეზიდენტი 2000 წელს ვლადიმირ პუტინი გახდა, დემოგრაფიული დაღმასვლა უკვე მკვეთრად იყო გამოხატული. მას შემდეგ მიმართეს ზომებს შობადობისა და მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად, შრომისუნარიანი მიგრანტების მისაზიდად. 2012 წელს პუტინი შეშფოთებას გამოთქვამდა: თუ რუსეთში ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდება, მოსახლეობა 143-მდე მილიონიდან 107 მილიონამდე შემცირდება 2050 წლისთვისო.
ბოლო მონაცემები, რომლებიც ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ ორეშკინმა 25 სექტემბერს წარმოადგინა „სბერბანკის“ კორპორაციულ უნივერსიტეტში, მონაცემები, რომელთა თანახმადაც რუსეთის მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილი მომდევნო ექვს წელიწადში, სავარაუდოდ, 4,8 მილიონ ადამიანს დაკარგავს, ნაკლებად დამაჯერებელს ხდის კრემლის განცხადებებს, რომ თანდათან აგვარებს 90-იანი წლებიდან შემორჩენილ დემოგრაფიულ კრიზისს.