Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროება


ელექტრონული კურსის პრეზენტაცია
ელექტრონული კურსის პრეზენტაცია

30 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახალხო დამცველის აპარატთან ერთად გამართა ელექტრონული კურსის პრეზენტაცია, რომელიც სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების აღმოფხვრას ეხება. კურსის მიზანი სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება და მისი პრევენციაა. როგორია დღეს არსებული კანონმდებლობა და რა სიძნელეებს აწყდებიან ადამიანები სამუშაო ადგილებზე?

როგორ ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროება
please wait

No media source currently available

0:00 0:05:22 0:00
გადმოწერა

„მე ნათია მქვია. დაქორწინებული არ ვარ. ჩემი მენეჯერი, დავითი, თვლის, რომ აუცილებლად უნდა „დამიცვას“ და ამ მიზნით ჩემს საზოგადოებრივ ცხოვრებას აკონტროლებს. დაჟინებით მთხოვს, სამსახურიდან პირდაპირ სახლში წავიდე, რამდენჯერმე კი მან თავისი მანქანით წაყვანაც შემომთავაზა. როცა ვინმე მირეკავს ან ტექსტურ შეტყობინებას ვიღებ, ის ყოველთვის მეკითხება, თუ ვინ დარეკა ან მომწერა“...

„გამარჯობა. მე ლეილა მქვია. სამსახურში უფრო მაღალ თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდა და მეც დაწინაურების შანსი გამომიჩნდა. მიმაჩნია, რომ ამ პოზიციისთვის სათანადო კომპეტენციაც მაქვს და გამოცდილებაც. მენეჯერმა, რომელიც კაცია, მითხრა, რომ ახალი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი „არაფორმალურ გარემოში ურთიერთობა“ იქნება. ბუნებრივია, დავინტერესდი, რა იგულისხმებოდა „არაფორმალურ გარემოში ურთიერთობის“ მიღმა და მანაც მიპასუხა, რომ ჩემგან მეტ სიახლოვესა და სითბოს ელოდა“...

„გამარჯობა. მე ლიკა მქვია. სამსახურში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გავხდი, ამიტომ სახალხო დამცველის ოფისში ინფორმაციის მისაღებად და საჩივრის შესატანად მივედი. საქმე იმაშია, რომ უფროსი დასალევად წასვლას მთხოვდა და სამსახურებრივი საკითხების განსახილველად სახლში მეპატიჟებოდა“...

ეს არის ნაწყვეტები იმ მაგალითებიდან, რომელთაც შეგიძლიათ გაეცნოთ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის მიზნით შექმნილ ელექტრონულ კურსში. კურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახალხო დამცველის აპარატთან ერთად შეიმუშავა. აქ გაერთიანებული პრაქტიკული მასალა საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება, თუმცა, ამავდროულად, მასში მოცემული პრაქტიკული რჩევები და კონკრეტული შემთხვევები ქართულ კონტექსტზეა მორგებული. ერიკა კვაპილოვა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, ამბობს, რომ კურსში მოცემული ინფორმაცია, პრაქტიკული რჩევები და კონკრეტული შემთხვევების განხილვა, საქართველოს საჯარო თუ კერძო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირებასა და ამგვარი სიტუაციების ამოცნობაში დაეხმარებათ:

ერიკა კვაპილოვა
ერიკა კვაპილოვა

„პირველ რიგში, კურსის მიზანია, რომ ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება სექსუალური შევიწროების ფენომენის შესახებ და გააცნობიეროს საზოგადოებამ, რომ სექსუალური შევიწროების ნეგატიური შედეგები აისახება არა მხოლოდ სამუშაო გარემოზე, არამედ მსხვერპლის ჯანმრთელობასა და მის მენტალურ მდგომარეობაზე“.

ერიკა კვაპილოვას თქმით, საქართველოში არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს განუცდია სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე, თუმცა ის იშველიებს ევროკავშირის ქვეყნების სტატისტიკას და ამბობს, რომ ამ მონაცემების განზოგადება საქართველოზეც შეიძლება. როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში წერია, ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ ქალთა 50- 52 % სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების სხვადასხვა ფორმის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა. არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სექსუალური შევიწროებისგან ყველაზე დაუცველები ქორწინებაში არმყოფი და ახალგაზრდა ქალები არიან.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელზეც როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ისე სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწაა. დღეს არსებული მდგომარეობით, საქართველოს შრომის კოდექსი, რომელსაც დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვა შემოაქვს, შეიცავს ასევე ჩანაწერს შევიწროების შესახებ, თუმცა ის არ ეხება კონკრეტულად სექსუალურ შევიწროებას და არც მის ფორმებს განსაზღვრავს. „სექსუალური შევიწროების“ ტერმინს არ იყენებს არც გენდერული თანასწორობის მარეგულირებელ სპეციალურ კანონი, თუმცა განმარტავს მის შინაარსს. გუგული მაღრაძე, პარლამენტის წევრი და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრისთვის აუცილებელია განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები. გენდერული თანასწორობის საბჭო ამჟამად სწორედ ცვლილებების პროექტზე მუშაობს:

„ჩვენ მიერ შემუშავებულ პროექტში პირდაპირ არის მითითებული სექსუალური შევიწროების განმარტება. ასევე, როგორი უნდა იყოს ჯარიმა, რა ხდება განმეორებითი ქმედების შემთხვევაში და ა. შ. ამავე დროს, ჩვენ ასევე ვგულისხმობთ, რომ შრომის კოდექსშიც უნდა იყოს შეტანილი ასეთივე შესწორებები. ასევე აუცილებელია განისაზღვროს, თუ ვინ იქნება კანონის აღმსრულებელი. ადმინისტრაციულ შემთხვევაში ეს იქნება ისევ შსს, მაგრამ შრომის კანონთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი შრომის ინსპექტორმა უნდა შეისწავლოს. ჯერჯერობით ჩვენთან შრომის ინსპექცია არ არის, მაგრამ აუცილებლად შეიქმნება და როგორც სხვა ქვეყნებში, პოლონეთსა და ესტონეთში, შრომის ინსპექტორს ევალება სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენა და არა სასამართლოს, ჩვენც მიგვაჩნია, რომ ასეთი შრომის ინსპექცია უნდა იყოს და შრომის ინსპექტორმა უნდა დაადგინოს და გამოიკვლიოს, ადგილი ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას“.

სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, დღეს საქართველოში, კერძოდ კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში სექსუალური შევიწროების ორი საქმე განიხილება. მათგან ერთ-ერთ საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაც წარადგინა, რადგან ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე, ფიქრობს, რომ სექსუალური შევიწროების საქმეები არის ახალი თემა სასამართლო სისტემისთვის და სახალხო დამცველის ოფისის მოსაზრება შესაძლებლობას აძლევს მოსამართლეს, გაეცნოს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ამ მიმართულებით არსებობს:

სავაჭრო ქსელში შეინიშნება ფაქტები იმისა, რომ სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროება ხდება. ჯერჯერობით ამის გასაჯაროებისაგან ჩვენ თავს ვიკავებთ, რადგან შემდგომში შეიძლება მართლაც ხმაურიანი განცხადება გაკეთდეს, თუმცა ამჟამად დეტალებს ვაზუსტებთ...
ეთერ მათურელი

„სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა სექსუალური შევიწროების მიმართულებით არის ძალიან დაბალი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზოგადოების ცნობიერების დაბალ დონეს. სულ რამდენიმე შემთხვევას სწავლობდა სახალხო დამცველი. სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობა ამ მიმართულებით საჭიროებს დახვეწას და ჩვენ პრაქტიკაში გვიწევს გამოვიყენოთ ევროკავშირის დირექტივები და საერთაშორისო სტანდარტები, რადგან ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა შევიწროების დეფინიციას არ მოიცავს“.

სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ ოფიციალურად არ მიმართავენ საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს, ამ პრობლემაზე ლაპარაკი მხოლოდ პირადი საუბრებით შემოიფარგლება, ამბობს ეთერ მათურელი, პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე. მისი თქმით, დღესდღეობით პროფკავშირი ამ მიმართულებით მოკვლევას აწარმოებს:

„სავაჭრო ქსელში შეინიშნება ფაქტები იმისა, რომ სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროება ხდება. ჯერჯერობით ამის გასაჯაროებისაგან ჩვენ თავს ვიკავებთ, რადგან შემდგომში შეიძლება მართლაც ხმაურიანი განცხადება გაკეთდეს, თუმცა ამჟამად დეტალებს ვაზუსტებთ. ის, რომ ადამიანმა, ქალმა - და, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ქალმა - უნდა ისწავლოს ამაზე ხმამაღალი ლაპარაკი, ეს არის ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება, რომ შემდეგ ვიღაცებმა ეს აღარ გაბედონ“.

სექსუალური შევიწროება შეიძლება ბევრი სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს - მათ შორის, ფიზიკური შევიწროება შეიძლება გულისხმობდეს არასასურველ შეხებას, პირადი სივრცის დარღვევას; სიტყვიერი შევიწროება გულისხმობს შეუფერებელ და სქესობრივი ხასიათის შეურაცხმყოფელ შენიშვნებს, ხუმრობასა და შეკითხვებს გარეგნობასთან, ცხოვრების სტილსა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს, ასევე, მუქარები, შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები და, ბოლოს, არავერბალური შევიწროება. ამგვარი შევიწროების შედარებით ბოლოდროინდელი ფორმაა სექსუალური ხასიათის წინადადებების შემცველი, არასასურველი და შეურაცხმყოფელი ელექტრონული წერილები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ კიბერშევიწროებას.

მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური შევიწროების ობიექტი უმრავლეს შემთხვევაში ქალია, ხშირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კაცი ხდება მსგავსი ხასიათის არასასურველი დამოკიდებულების ობიექტი. რისკჯგუფებს წარმოადგენენ ახალგაზრდა კაცები, ჰომოსექსუალები, ეთნიკური უმცირესობების წევრები, ის კაცები, რომლებიც მუშაობენ უმთავრესად ქალებით დაკომპლექტებულ სამსახურებში.

XS
SM
MD
LG