Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქალთა აქტივისტები ქალებისთვის ფრთებივით არიან“


ქალებზე ძალადობის საწინააღმდეგო ერთ-ერთი აქცია თბილისში
ქალებზე ძალადობის საწინააღმდეგო ერთ-ერთი აქცია თბილისში

რა შეცვალა ქალთა აქტივიზმმა, რომელსაც საფუძველი ორი წლის წინ ფეისბუკის საშუალებით ჩაეყარა? კამპანიები, საკანონმდებლო ინიციატივები, აქციები - ორწლიანმა აქტიურობამ, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში ბევრი რამ შეცვალა, თუმცა ქალთა აქტივისტები მიღწეულით არ კმაყოფილდებიან. მათი აზრით, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უნდა გადაწყდეს.

„ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რამდენ ადამიანს დაეკისრა სასჯელი ოჯახის შექმნის მიზნით 16 წლამდე პირთან სქესობრივი კავშირის დამყარების გამო?“ „ვინმემ ხომ არ იცით, ბათუმში გოგოს რომ სცემა ყოფილმა ქმარმა და გაიქცა, საქმე როდის აღიძრა?“ „ვეძებ სასამართლო გადაწყვეტილებებს, სადაც ნახსენებია გენდერული დისკრიმინაცია და/ან სექსუალური შევიწროება“. „შეიძლება დაგაინტერესოთ, რა ხდება აზერბაიჯანში ქალთა ძალადობაზე, უთანასწორობაზე და ვინ იცავს იქ ქალთა უფლებებს“. „გოგოებო, დახმარება გვჭირდება. ერთი გოგოა, რუსი. გუშინ კიდევ ერთხელ მივიდა ქმარი სახლში მთვრალი და კიდევ ერთხელ სცემა 9 წლის შვილთან ერთად“. „ახლა მწერს 21 წლის გოგო მარტვილიდან. ფეხმძიმე იყო, ქმარმა რომ მიატოვა. ახლა წლისა და ოთხი თვის ბავშვით ცხოვრობს დედასთან, რომელიც საშინლად ძალადობს ორივეზე“ - ეს არის იმ ფეისბუკპოსტების სულ მცირე ჩამონათვალი, რომელიც ყოველდღიურად იწერება ჯგუფში, სახელწოდებით „25 ნოემბერი და მეტი“. ჯგუფი 1000-ზე მეტ წევრს აერთიანებს, უმეტესად - ქალებს. აერთიანებს ყველა პროფესიის ადამიანს: იურისტს, ექიმს, მასწავლებელს, სამართალდამცავს, ხელოვნებათმცოდნეს, ჟურნალისტს და ა.შ.

ჯგუფი 2014 წელს შეიქმნა, დახურული ჯგუფის შექმნის ინიციატორი კი იურისტი ბაია პატარაია იყო. 2014 წლის 17 ოქტომბერს ილიას უნივერსიტეტში ყოფილმა ქმარმა უნივერსიტეტის ლექტორი მაკა წივწივაძე მოკლა. 33 წლის ქალი იმ წელს იმ 20-ზე მეტი ქალის სიაში მოხვდა, რომლებიც ქმრებმა, ყოფილმა ქმრებმა თუ პარტნიორებმა დახოცეს. მაკას მკვლელობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ბაიამ გადაწყვიტა შეექმნა ჯგუფი, რომლის წევრებიც მოიფიქრებდნენ, როგორ დაპირისპირებოდნენ ფემიციდს, 2014 წელს პიკს რომ მიაღწია. და ბაიამ დაიწყო პირადი მესიჯების გაგზავნა იმ ქალებთან, რომლებიც სოციალურ ქსელში განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოხატავდნენ ქალთა მკვლელობების გამო:

ბაია პატარაია
ბაია პატარაია

„და ასე სპონტანურად შევიკრიბეთ, დაახლოებით, 45 ქალი. ესენი იყვნენ ყველა ასაკის, ყველა სოციალური ჯგუფის აქტიური ქალები და დავიწყეთ ლაპარაკი იმაზე, რომ ქალებმა უნდა გავაკეთოთ რამე იმისათვის, რომ ძალადობას წინ აღვუდგეთ. მაშინ არც სახელი გვქონდა და არც არაფერი და გადავწყვიტეთ, რომ იმისათვის, რომ ჩვენი ხმა მიგვეწვდინა ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისათვის, ამისათვის აუცილებელი იყო ქუჩაში გამოსვლა და დიდი აქციის ორგანიზება და დავთქვით 25 ნოემბერი“.

25 ნოემბერი, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო დღე, 2014 წელს საქართველოში უპრეცედენტო მანიფესტაციის დღედ იქცა. ფეისბუკის საშუალებით შეკრებილმა ქალებმა საქართველოს 23 ქალაქში ერთობლივი მანიფესტაციის ორგანიზება მოახერხეს. ეს იყო პირველი, შეიძლება ითქვას, წარმატებული ნაბიჯი, ქალების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული, და მას შემდეგ აღარ გაჩერებულან. ბაია თვლის, რომ ამ ორი წლის განმავლობაში სწორედ მათი ინიციატივით დაგეგმილმა აქტივობებმა და კამპანიებმა შეცვალეს ბევრი რამ როგორც, ზოგადად, საზოგადოების, ისე კონკრეტულად მსხვერპლი ქალების აზროვნებაში და, რაც მთავარია, მათი აქტივობები გახდა მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკა შეეცვალა და გაემკაცრებინა:

„ჩვენ როდესაც მუშაობას ვიწყებდით, მაშინ მთავრობა არც კი საუბრობდა ამ თემებზე. საერთოდ არ ცდილობდა, რომ შეეცვალა პოლიტიკა ძალადობის მიმართ. თვლიდა, რომ საკმარისი იყო ის, რასაც შსს აკეთებდა. მაგრამ ჩვენმა ძალიან ინტენსიურმა ჩართულობამ და უპრეცედენტო მედიამხარდაჭერამ, საბოლოო ჯამში, აიძულა მთავრობა და პარლამენტი, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გამართულიყო უმაღლეს დონეზე“.

ამას მოჰყვა საკანონმდებლო ცვლილებები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონში, რომელიც დღეს გაცილებით მეტადაა დახვეწილი, ვიდრე წინა წლებში. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ შსს-მ შეცვალა პოლიტიკა და დამოკიდებულება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით. შეიცვალა და გაიზარდა სტატისტიკა გამოძიებებისა და შემაკავებელი ორდერების. შსს-მ დაიწყო ცნობიერების ამაღლების კამპანია და, ქალთა აქტივისტების აზრით, დღეს უკვე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ოჯახში და ქალთა ძალადობის მიმართ სამართალდამცავთა მგრძნობელობა. სწორედ ამ შეცვლილ დამოკიდებულებებზე გვესაუბრება ქალთა მოძრაობის აქტივისტი იდა ბახტურიძე:

იდა ბახტურიძე
იდა ბახტურიძე

„თუნდაც პატრულის რეაგირების ხარისხი, იგივე შსს-ს სტატისტიკის ხარისხი და ა.შ. 200 %-ით არის შეცვლილი უკეთესობისკენ, რადგან ძალადობის შესახებ ის სტატისტიკა, რაც ჩვენ გამოკვლევების მიხედვით გვქონდა, ოდნავადაც კი არ ემთხვეოდა შსს-ს რეაგირების მონაცემებს. მათი რეაგირების მაჩვენებელი იმდენად დაბალი იყო, რომ 10%-ითაც კი არ ემთხვეოდა იმ რეალობას, რაც გვქონდა. გარდა ამისა, გაზრდილია ქალების რეზისტენტულობაც და ჩვენში მოკავშირეებს ხედავენ“.

კიდევ ერთი რეზონანსული კამპანიის ავტორები არიან ჯგუფ „25 ნოემბრის“ წევრები. „ნუ გაათხოვებ!“ - სწორედ ამ სლოგანით გაიმართა აქცია საქართველოს 14 ქალაქში გასული წლის 25 ნოემბერს. კამპანიის მიზანი კი ნაადრევი და იძულებითი ქორწინების გახშირებული და მანკიერი ტრადიციის დარღვევა იყო. სწორედ ეს კამპანია დაედო საფუძვლად ცვლილებას კანონში. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმად, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. ამჟამად, გამონაკლისის სახით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა.

თუმცა არის საკითხი, რომლის გადაჭრაც ჯგუფის წევრებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს. ეს არის ინიციატივა, რომელიც გაზრდის ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში და რომელსაც გენდერული კვოტირების, როგორც დროებითი ნორმის, შემოღება ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა აქტივისტების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, ბაია პატარაია ფიქრობს, რომ სწორედ ქალთა მოძრაობის მიღწევაა ის, რომ ამ საკითხზე საუბარი ინტენსიურად მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებში, თუმცა კონკრეტული შედეგის მისაღწევად ქალთა აქტივისტები უკვე ახალი შემადგენლობით დაკომპლექტებულ პარლამენტთან აპირებენ მუშაობის გაგრძელებას.

ამას გარდა, არის გადაძახილი ერთმანეთთან: „რატომ ითმენ? დარეკე“. ვერ ავხსნი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვებს ჩემთვის. ანუ ტყუილად არ ხარ. ეს აქტიურობა, რასაც ქალთა აქტივისტები იჩენენ, ქალებისთვის ფრთებივითაა...
მაია ფელიშვილი

მხოლოდ გენდერული კვოტირების შემოღების საკითხის გადაჭრა არ აღმოჩნდა ერთადერთი პრობლემა ქალთა მოძრაობისათვის. რამდენიმე კვირის წინ პარლამენტმა ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ორ უმნიშვნელოვანეს პროექტს არ დაუჭირა მხარი. ესენია გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობისთვის სასჯელის დამძიმება და სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის შევიწროების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აღიარება. თუმცა, როგორც ქალთა აქტივისტები ამბობენ, მიუხედავად მცირე შეფერხებებისა, ქალებს შესწევთ ძალა და უნარი, რომ თავიან მიერ დასახული მიზნები ბოლომდე განახორციელონ. ამ ქალებს შორისაა ჯუფის კიდევ ერთი აქტიური წევრი, ანა სუბელიანი:

„ვფიქრობ, რომ ქალთა მოძრაობამ დიდი გარდატეხა მოახდინა ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით. დღეს მე ბევრად უფრო მეტ ძალას ვხედავ ქალებში, ვიდრე ორი წლის წინ. ალბათ, მეტი აქტიურობა იქნება სასურველი, მეტი პროტესტი და მგონია, რომ იმდენად სწრაფად მზარდია ეს პროცესი, რომ ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევას“.

„ეს ქალები სუნთქვაში მეხმარებიან“, - მეუბნება ჯგუფ „25 ნოემბრის“ ერთ-ერთი წევრი, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მაია ფელიშვილი. წლების წინ, როცა ის თავადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, ვერ წარმოიდგენდა, რომ ქალებს ასეთი სოლიდარობის გაწევა და დახმარება შეეძლოთ. მან საკუთარი ძალებით დააღწია თავი ოჯახის მოძალადე წევრს და დადგა იმ ქალების სამსახურში, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან. დღეს მაიას თითქმის ყოველდღიურად უწევს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან შეხვედრა, ვინაიდან ქალებს აღარ ეშინიათ ხმის ამოღების და იციან, რომ მარტოები არ არიანო, ამბობს ის:

„როდესაც პრაქტიკაში უყურებ ამ ყველაფერს, ხედავ რა დიდი სხვაობაა დღეს არსებულ მდგომარეობასა და წარსულს შორის. მაშინ სხვანაირი დაკითხვები იყო, მომართვიანობა იყო სხვანაირი და სხვა მიზეზებით. ამას გარდა, არის გადაძახილი ერთმანეთთან: „რატომ ითმენ? დარეკე“. ვერ ავხსნი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვებს ჩემთვის. ანუ ტყუილად არ ხარ. ეს აქტიურობა, რასაც ქალთა აქტივისტები იჩენენ, ქალებისთვის ფრთებივითაა“.

ამ ორი წლის განმავლობაში ქალთა აქტივისტები არაერთხელ გამხდარან სოციალური ბულინგის, მუქარის მსხვერპლნი. თუმცა აქტივისტებმა ისიც კარგად იციან, რომ პატრიარქალურ სამყაროში ქალების უფლებებისთვის ბრძოლა არ არის მარტივი და ისინი ამ ბრძოლისთვის მზად არიან.

XS
SM
MD
LG