Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაადრევი ქორწინება, გენდერული კვოტები... გენდერული 2015 წელი


აქცია ოჯახური ძალოდობის წინააღმდეგ.
აქცია ოჯახური ძალოდობის წინააღმდეგ.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ნაადრევი ქორწინება, დისკუსია და განხილვები გენდერული კვოტირების შესახებ - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებიც 2015 წლის გენდერული საკითხების მიმოხილვაში მოხვდა.

2015 წელი იმით დაიწყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის ქალთა წლად გამოაცხადა. საზოგადოების ნაწილი, ქალთა აქტივისტები თუ უფლებადამცველები, ამ ინიციატივას ერთგვარი სკეპტიციზმით შეხვდნენ, ამის მიზეზად კი ისინი 2014 წელს ასახელებდნენ, რომელიც ბავშვთა წლად მოიხსენიებოდა და, მათი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 2015 წელს, ქალთა უფლებათა დამცველების აქტიურობისა და ამ საკითხით მედიის დაინტერესების შედეგად, ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა არაერთ კანონში და კვლავაც იგეგმება ცვლილებები, რომლებიც ქალთა უფლებების უკეთ დაცვისკენაა მიმართული.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარებისკენ გადაიდგა, ესაა ხელმოწერა სტამბოლის კონვენციის სახელით ცნობილი ევროსაბჭოს კონვენციისა „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“. მართალია, კონვენციას ხელი 2014 წელს მოეწერა, მაგრამ გასული წელი ამ კონვენციით გათვალისწინებული საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებასა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას დაეთმო. ქალთა აქტივისტები იმედოვნებენ, რომ კონვენციით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადდა, უახლოეს მომავალში აუცილებლად აისახება მთლიან კანონმდებლობაში.

ამ ცვლილებებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხია „გადაკიდება“, იგივე „ადევნება“. ეს ახალი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის, საქართველოს კანონმდებლობაში აქამდე არ არსებობდა. სწორედ ამაზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი:

„ეს მოგვცემს ეფექტური რეაგირების საშუალებას ქალთა მიმართ ისეთი ძალადობის შემთხვევებზე, რომლებიც ჯერჯერობით კანონმდებლობით დაფარული არ არის. მაგალითისთვის გეტყვით „გადაკიდებას“ - უკანონო ადევნება და თვალთვალი, რომელიც თანაბრად ეხება როგორც ქალებს, ისე კაცებს. ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და რომელზეც სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები ამ დრომდე არ გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ცვლილებათა ახალ პაკეტში გვხვდება, არის ქალთა მიმართ ძალადობის დეფინიციის განსაზღვრა, სექსუალური ხასიათის დანაშაულების კვალიფიკაციისა და, ზოგადად, მათი ცნებების დახვეწა და ახალი სახით ასახვა კანონმდებლობაში“.

მთლიანობაში კი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ოცამდე კანონს შეეხება. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც. სწორედ ამ ცვლილებების მიღების პირობებში უნდა მოახდინოს საქართველოს პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია. ანუ, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება, „ადევნება“, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება, ასევე სტერილიზაციის იძულება. ფართოვდება სამედიცინო პერსონალისა და ადვოკატის უფლებამოსილებაც, ძალადობის ფაქტების შესახებ აცნობონ სამართალდამცველებს და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ, სტამბოლის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, ეროვნულ კანონმდებლობაში უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც ქორწინების იძულებასა და ნაადრევ ქორწინებას არეგულირებს და სხვა.

სწორედ ნაადრევ ქორწინებაზე საუბრით უნდა განვაგრძოთ წლის გენდერული მიმოხილვა. 2015 წლის მიწურულს, 25 ნოემბერს, საქართველოს 13 ქალაქში, „ქალთა მოძრაობის“ ინიციატივით, გაიმართა აქცია პერფორმანსი „არ გაათხოვო“. მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებასა და ხელისუფლებას, რომ ამ საკითხს სამართლებრივი რეგულირება სჭირდება:

საქართველოს პარლამენტის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 17-დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება. ეს ინიციატივა სახალხო დამცველის ოფისს ეკუთვნის. 16 დეკემბრამდე არსებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის რედაქციის მიხედვით, არასრულწლოვანს ეძლეოდა შესაძლებლობა მისი ქორწინების რეგისტრაცია მშობლების თანხმობის საფუძველზე განხორციელებულიყო, ცვლილების შემდეგ კი ეს უფლება მშობლებს ჩამოერთვათ. თუკი სტატისტიკურ მონაცემებს მოვიშველიებთ, გეტყვით, რომ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2014 წელს 31 526 ადამიანი დაქორწინდა, აქედან 4 000-მდე, ანუ 13 %, არასრულწლოვანი გოგონაა.

აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ოჯახში ძალადობის საკითხზე. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახში ძალადობის საკითხებზე სერვისების დახვეწას 2015 წელს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავაც რჩება მთელი რიგი ხარვეზები, რომელიც ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის დახვეწას საჭიროებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს შსს-ს როლი ამ პროცესში. ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ღონისძიებებში სწორედ შსს უნდა ასრულებდეს. უნდა ითქვას, რომ, მაგალითად, 2014 წელს მომხდარი მკვლელობებიდან გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც მსხვერპლმა სიკვდილამდე სამართალდამცავებს მიმართა დახმარებისათვის, მაგრამ მათ მიმართვას სათანადო რეაგირება არ მოჰყვა. სამართალდამცავების მზაობასა და ოჯახში ძალადობის საკითხების ცოდნისა და რეაგირების თაობაზე სასაუბროდ ჩვენ მივმართეთ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსს მაკა ფერაძეს. მისი თქმით, შს სამინისტრო პერმანენტულად ახორციელებს სამართალდამცავების ტრენინგებს ოჯახში ძალადობის გამოვლენის მიმართულებით, რაც 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებზეც აისახა:

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ იყენებენ სამართალდამცავები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში, ეს უკვე აისახება გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობაში და მიმართვიანობის გაზრდაში. ესეც, გარკვეულწილად, სამართალდამცავების მუშაობის შედეგია, იმ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიის შედეგია, რომელსაც შსს, სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებთან ერთად, დღესაც ახორციელებს. მოსახლეობისთვის გახდა ცნობილი, რომ ძალადობა შეიძლება იყოს დასჯადი“.

მოდით, აქვე გავამახვილოთ ყურადღება 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შესახებ. შსს-ს იანვარ-ივნისის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 1 300-მდე ქალი. რაც შეეხება მკვლელობებს, ასევე შსს-ს ამავე თვეების მონაცემებით, ოჯახში მკვლელობის მსხვერპლი გახდა ხუთი ქალი, ერთი კი ყოფილმა პარტნიორმა მოკლა. რაც შეეხება 2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობას, მათმა რიცხვმა 1 500-ს მიაღწია.

2015 წლის გენდერული მიმოხილვის მიღმა ვერ დარჩება პრეცედენტული საქმე, რომელიც სწორედ ოჯახში ძალადობას ეხება. 2015 წლის ნოემბერში ცოლის გაუპატიურებაში ბრალდებულ 35 წლის მამაკაცს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე დახურული, თუმცა ხმაურიანი სასამართლო სხდომები რამდენიმე თვეს გაგრძელდა. პრეცედენტული საქმე და გადაწყვეტილება - ასე შეაფასეს ქალთა აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა ზუგდიდის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. რამდენიმეთვიანი სასამართლო სხდომების პარალელურად, დაზარალებულის მხარდასაჭერად ზუგდიდში არაერთი აქცია გამართეს ქალთა აქტივისტებმა. ერთ-ერთი მათგანი, იდა ბახტურიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ეს იქნება მაგალითი და გზავნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არ ისჯება. სწორედ ამიტომ მას მნიშვნელოვნად მიაჩნია ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის გაშუქება და ამ მიმართულებით როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ე.წ. „ვოჩდოგის“ ფუნქციის შესრულება:

„ამ ტიპის დანაშაულები აუცილებლად უნდა გაშუქდეს - ანუ როგორი იყო მათი გაგრძელება და შემდეგ რა მოხდა. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა მოჰყვა ამგვარი დანაშაულის ჩადენას. ეს არის ერთგვარი პრევენციის მექანიზმი. ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ადეკვატურად რეაგირებს სახელმწიფო და კანონი იმ დამნაშავის წინააღმდეგ, რომელიც ცოლის მიმართ ჩაიდენს დანაშაულს“.

როდესაც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ 9 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის საქართველოში ვიზიტი, როდესაც ის სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა. ამ ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის მოამზადებს რეკომენდაციათა პაკეტს როგორც სამთავრობო სტრუქტურების, ისე არასამთავრობო სექტორისა თუ სახალხო დამცველის აპარატისათვის. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს მზაობა საიმისოდ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დაიძლიოს, პროცესი მაინც საჭიროებს გაუმჯობესებას:

„ამ ეტაპზე ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ქალთა მიმართ ძალადობა. მე მინდა აღვნიშნო საქმეები, რომლებიც ფემიციდს ეხება. ის მონაცემები, რომლებიც ამ მიმართულებით გროვდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებაც. იმედს გამოვთქვამ, რომ როდესაც საქართველოში დავბრუნდები, ამჯერად უკვე ოფიციალური ვიზიტით, მექნება შესაძლებლობა წარმოვადგინო ჩვენი რეკომენდაციები“.

2015 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული გენდერული თემა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად კვოტების შემოღებისთვის ბრძოლა იყო. ჯერ კიდევ ზაფხულში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრებმა პარლამენტში შეიტანეს საკანონმდებლო წინადადება სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების შესახებ, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს და რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისათვის სიების წარდგენისას აუცილებელი გენდერული კვოტა უნდა დაიცვან. გენდერული კვოტირების შემოღება - ეს არის საკითხი, რომელიც საზოგადოებაში მკვეთრ აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა და იწვევს და რომელსაც 2015 წლის სექტემბერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, თუმცა დეკემბერში ის პარლამენტის იურიდიული კომიტეტისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. დღევანდელი მონაცემებით, პარლამენტში ქალები მხოლოდ 12 %-ით არიან წარმოდგენილნი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის კვლევის მიხედვით, რომელშიც 141 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველო, საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით, 106-ე ადგილს იკავებს. როგორც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის 53 %-ს ქალები შეადგენენ, მათი წარმომადგენლობა გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციაზე იმაზე გაცილებით დიდი უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის. ანუ, თუკი საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევა და პარტიულ სიებში ყოველი მეორე წარმომადგენელი ქალი იქნება, ამ გათვლით, მომდევნო მოწვევის პარლამენტში 150 პარლამენტარიდან 38 ქალი უნდა იყოს. ასე გააცნო კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ პარლამენტის წევრებს კანონპროექტი გენდერული კვოტირების შესახებ:

„ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობას! ჩვენ მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ მოვითხოვთ რეალურ თანასწორობას. მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქალია, მაშინ, როცა ამომრჩეველთა უმრავლესობა ქალია, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ 38 ქალს 150 პარლამენტარიდან. და ეს არ არის ბევრი“.

კონკრეტულად კი, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრები ფიქრობენ, რომ, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მატებით, გაიზრდება ისეთ საკითხებზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც, მათი აზრით, სოციალური კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. უფრო ზუსტად კი, ისინი ფიქრობენ, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ისეთი პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს, როგორიცაა კორუფცია, ჯანდაცვისა თუ განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები. ამის პარალელურად, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრები იშველიებენ საერთაშორისო გამოცდილებას და მაგალითად მოჰყავთ სკანდინავიის ქვეყნები, სადაც, დროებითი გენდერული კვოტირების შედეგად, პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ის, რომ ეს ქვეყნები დღესდღეობით მიიჩნევა საუკეთესოდ, ქალთა უფლებების რეალიზაციის მხრივ.

აქვე უნდა გავიხსენოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სიტყვები, წარმოთქმული ამ რამდენიმე თვის წინ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას: მართალია, თქვა მან, კვოტირების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მომხრე ვარ თანასწორობისა და თუკი თანასწორობა კვოტირების გარეშე შეუძლებელია, მაშინ კვოტირების მომხრე ვარ.

ქალთა აქტივისტები 2015 წლის მნიშვნელოვან გენდერულ მიღწევად მიიჩნევენ იმას, რომ სწორედ ამ წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრად და ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ქალები დაინიშნენ.

XS
SM
MD
LG