Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვის ხანა საქართველოში - ჰომინინები


გამოფენა "ქვის ხანა საქართველოში“
გამოფენა "ქვის ხანა საქართველოში“

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მიმდინარე კვირაში ორი მნიშვნელოვანი ამბის შუაგულში მოხვდა: ერთი, რომ საქართველომ, გერმანიის შემდეგ პირველმა ქვეყანამ, უმასპინძლა ზენკენბერგის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ჰომო ერექტუსის 125 და დმანისელი ჰომინინის აღმოჩენის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა; მეორე, რომ გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით "ქვის ხანა საქართველოში“. როგორ მოვიდა აფრიკიდან პირველი ადამიანი საქართველოში, როგორ ცხოვრობდა ის და რა გარემო დახვდა აქ?

ქვის ხანა საქართველოში - ჰომინინები
please wait

No media source currently available

0:00 0:08:32 0:00
გადმოწერა

ეს კონფერენცია ეძღვნება აღმოჩენებს დმანისში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ცენტრში, - გვეუბნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიმდინარე სამეცნიერო კონფერენციიდან შესვენების დროს ფოიეში გამოსული ამერიკელი პალეონტოლოგი რიკ პოტსი. მისი თქმითკონფერენციის მიზანია, გაარკვიოს, თუ რა კავშირი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში აღმოჩენილ ნამარხებს ერთმანეთთან - ადამიანებს, რომლებიც 1 მილიონ 800 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ.ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, აფრიკაში, აზიის სხვა მხარეებსა და ევროპაში აღმოჩენილი ნამარხების თუ უძველესი ქვის იარაღებისა და გარემოს შესახებ სხვადასხვა მოსაზრებების შედარებას.

„დმანისი, რასაკვირველია, არის ის გეოგრაფიული ადგილი დედამიწაზე, რომელიც მდებარეობს აფრიკას, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიასა და ევროპას შორის. დმანისი, ფაქტობრივად, ადამიანის ევოლუციის შესწავლის პოტენციური ცენტრია. დმანისის აღმოჩენებმა, თავის ქალებმა თუ სხვა ძვლებმა, ჩვენამდე განსაკუთრებულად კარგად მოაღწია. ეს საშუალებას გვაძლევს ისინი შევადაროთ მსოფლიოს სხვა კუთხეებში აღმოჩენილ არტეფაქტებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გათხრების შედეგად საკმაოდ დიდი ინფორმაცია დაგროვდა ჩვენი უძველესი წინაპრების შესახებ. წარმოდგენა შეგვექმნა ჩვენამდე 2 მილიონი წლით ადრე მცხოვრები ადამიანის, ჰომო ერექტუსის, ქცევის, განვითარების, განსახლებისა და აფრიკიდან სხვა კონტინენტზე მიგრაციის შესახებ“.

გამოფენა "ქვის ხანა საქართველოში"
გამოფენა "ქვის ხანა საქართველოში"

როგორც ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ანთროპოლოგი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, კონფერენციაზე კაცობრიობის ისტორიის შესახებ დაგროვილი ცოდნის და ახალი აღმოჩენების თაობაზე მეცნიერული მოსაზრებების გაზიარება ხდება. ამ კონტექსტში კი დმანისი უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, ვინაიდან, როგორც დავით ლორთქიფანიძე ამბობს, დმანისი არის ყველაზე ადრეული ძეგლი ევრაზიაში, რომელმაც შეცვალა უწინ არსებული წარმოდგენები:

„ადრე ითვლებოდა, რომ პირველი ჰომინიდი ან, ვთქვათ, ჰომო, აფრიკის გარეთ იყო მხოლოდ 1 მილიონი წლის წინ ევრაზიაში და ახლა აღმოჩნდა, რომ თითქმის 2 მილიონი წლის არის. კიდევ უფრო საინტერესოა მისი ფენომენის ახსნა. ჯერ ერთი, ვიტყვი, რომ არსად მსოფლიოში არ არის ასე კარგად შემონახული ძეგლი,სადაც ძალიან მცირე ფართობზე არის ამდენი ნაშთი, როგორც თავის ქალის, ასევე ჩონჩხის, ასევე ქვის იარაღების და ფაუნის. თითოეული ეს აღმოჩენა და თითოეული ეს ნაშთი ცალკე წარმოადგენს სამეცნიერო ინფრასტრუქტურას, ასე რომ, გარდა იმისა, რაც ვიცით, არის ძალიან ბევრი, რაც შეგვიძლია ვიცოდეთ და ვისწავლოთ“.

ის კი,რაც მეცნიერებმა უკვე იცინ ან რაც ჯერ კიდევ შესასწავლია, ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა - მაგალითად, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილი ჰომინიდების თავის ქალების ასლები, ჩადში (აფრიკა) აღმოჩენილი ტუმაი, რომელიც 7-6 მილიონი წლითაა დათარიღებული და ჯერჯერობით ყველაზე ძველი ადამიანის ნიშნების მქონე ჰომინინია დედამიწაზე. ასევე, აფრიკაში აღმოჩენილი 3,2 მილიონი წლით დათარიღებული აფარის ავსტრალოპითეკის - „ლუსის“- თავის ქალის ასლი, რომელიც არქეოლოგებმა The Beatles-ის ცნობილი სიმღერის, „Lucy in the sky with diamonds“-ის, სმენის დროს იპოვეს და ამიტომაც სენსაციურ აღმოჩენას, აფარის ავსტრალოპითეკს, ლუსი დაარქვეს.

ზენკენბერგის საერთაშორისო კონფერენცია
ზენკენბერგის საერთაშორისო კონფერენცია

რაც მთავარია, გამოფენის დამთვალიერებლებს დმანისელი ჰომინინების, მათ შორის, ზეზვას და მზიას შესახებ უნიკალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. დმანისში ადრეული ჰომოს5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა და 70-ზე მეტი ჩონჩხის ძვალია აღმოჩენილი.

დმანისი მდიდარიაპალეონტოლოგიური მასალით, ასევე ადამიანის მიერ დამზადებული ქვის იარაღებით და ადგილობრივი ფლორა-ფაუნით, გვიხსნისრუსუდან ჩაგელიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბუნების ისტორიის კოლექციების მთავარ კურატორი.

„ეს არის დმანისის ფაუნა. ამის გარდა, აქ არის წარმოჩენილი დმანისის ლანდშაფტი. აქ ხედავთ მარტორქისმთელ თავის ქალას, ხმალკბილა ვეფხვს, აქ არის სირაქლემა, სპილო. საუბარია, დაახლოებით, 1 მილიონ 800 ათასი წლის წინანდელ პერიოდზე, ანუ რა ხდებოდა მაშინ დმანისში და, ასევე, საქართველოს სხვა ნაწილებში. დმანისში ამ ფაუნასთან ერთად ადამიანია აღმოჩენილი, მაგრამ საქართველოს სხვა ადგილებიც, მაგალითად, გარე კახეთიც ცნობილია ასეთი მდიდარი ფაუნით. მაგალითად, სამხრეთული სპილო, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ ტარიბანაში, კახეთშიც არის აღმოჩენილი“.

მაგრამ პირველ ჰომინინებს, რომლებიც დმანისში აფრიკიდან მოვიდნენ, თავის გასატანად იარაღი სჭირდებოდათ. ამიტომ ის მოიძიებს და მარტივად ამუშავებს ქვას, ჰყვება არქეოლოგი ნინო ჯაყელი, ეროვნული მუზეუმის სწავლული მდივანი:

იან კელი და დავით ლორთქიფანიძე
იან კელი და დავით ლორთქიფანიძე

„ადამიანს იარაღი სჭირდება პირველივე დღიდან. როგორც ჩვენ დღეს სამზარეულოში გვაქვს დანა-ჩანგალი, გასახსნელი, ზუსტად ეს იარაღებია, რომელსაც ადამიანი ქვის ხანაში იყენებს და სჭირდება იმისთვის, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი, უფრო სწორად, მოიპოვოს საკვები“.

ნინო ჯაყელის თქმით, ადამიანი, ქვის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, თვითონაც ვითარდება. მაგალითად, ძველი ქვის ხანის აშელურ პერიოდში ის უკვე იყენებს ცეცხლს და შუა პალეოლითის ხანაში კი, როცა უკვე ნეანდერტალელი ადამიანი ჩნდება, ის ეთაყვანება კულტებს. ამის დასტურია იმერეთში, ცუცხვათის მღვიმეში, ბუნებრივ თაროზე აღმოჩენილი დათვის თავის ქალები და კიდურები:

„აი, რასაც ჩვენ ვყვებით, ეს სულ საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მასალაა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ გამოფენაზე ადამიანის განვითარების მთელი სპექტრია ნაჩვენები, ყველა ეტაპი და ამის დამადასტურებელი მასალა სულ ჩვენს ტერიტორიაზეა ნანახი. დმანისისნაირი ძეგლი ინატროს ყველამ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ანთროპოლოგია, აქ არის იარაღი, ადამიანი და იარაღი ერთდა არის ნანახი“.

გარდა იმისა, თუ სად და რა პირობებში უწევდათ დმანისელ ჰომინინებს ცხოვრება, საინტერესოა, თავად ისინი როგორები იყვნენ, რა სიმაღლისები, რა საკვებს მიირთმევდნენ და ისიც კი, თუ რამდენად განვითარებული სხეული ჰქონდათ ან რა დაავადებები ემართებოდათ.

ანა მარგველაშვილი, პალეოანთროპოლოგი, დმანისელი 5 ჰომინინიდან ერთ-ერთის შესახებ გვიამბობს:

„მაგალითად, ეს ახალგაზრდა ინდივიდი ყველაზე ახალგაზრდაა ჩვენს 5 ინდივიდს შორის. გამოიყენებდა კბილის ჩხირს. აღმოვაჩინეთ კბილზე ღარი უკანა საღეჭ კბილებს შორის. კარგად რომ დავაკვირდით ამ ღარს, აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა ცილინდრის ფორმა, რომელიც ასახავს კბილის ჩხირის ფორმას. რა თქმა უნდა, ეს კბილის ჩხირი არ იყო ის, რაც დღეს იყიდებდა მაღაზიებში, მაგრამ რაღაცით ისუფთავებდა კბილთაშორისო სივრცეს“.

ანა მარგველაშვილის თქმით, ამ ინდივიდს, რომელიც, დაახლოებით, 2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და მოზარდი იყო, ზოგადად ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა უნდა ჰქონოდა. ამაზე მიუთითებს მისი ცუდად განვითარებული კბილები და მის პირის ღრუში ნაპოვნი ბევრი ნადები. აქვეა ყველაზე ასაკოვანი ინდივიდის თავის ქალაც, რომელსაც განლეული ქვედა ყბის ძვალი აქვს და არც ერთი კბილი, რაც მეცნიერებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მას უკბილოდ დიდხანს მოუწია ცხოვრება, რაც მისთვის ძალიან რთული ყოფის განმაპირობებელი იქნებოდა.

გამოფენა, რომლის სახელწოდებაცაა ,,ქვის ხანა საქართველოში“, 22 სექტებერს გაიხსნა და, როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, გამოფენას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ისიც, რომ აქ წარმოდგენილი მსოფლიოს მასშტაბით შეგროვილი ექსპონატების აღმომჩენები თბილისში პარალელურად მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG