Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიის ატლასი - საქართველო 69 რუკაზე


გამომცემლობა „არტანუჯმა“ ახლახან დასტამბა „საქართველოს ისტორიის ატლასი“ - წიგნი, რომელშიც ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის XX საუკუნემდე საქართველოს სხვადასხვა ეპოქის შესატყვისი პოლიტიკური სიტუაციის ამსახველი 69 რუკაა თავმოყრილი. რუკებს ახლავს განმარტებითი ტექსტები და საძიებლები. როგორც წიგნის შემდგენლები და ავტორები აცხადებენ, ეს არის ყველაზე სრულყოფილი ისტორიული ატლასი, რაც კი ამ დრომდე საქართველოში გამოცემულა და უწყვეტად გადმოსცემს საუკუნეების განმავლობაში როგორ იცვლებოდა ქვეყნის საზღვრები, როდის რამხელა იყო საქართველო, როგორ იცვლებოდა რუკაზე გავლენის სფეროები, როდის იყო ქვეყანა ერთიანი და როდის დანაწევრებული.

ისტორიის ატლასი - საქართველო 69 რუკაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:09:14 0:00
გადმოწერა

საქართველოს ისტორიის ატლასის გამოცემას თითქმის ოცი წელი დასჭირდა. ატლასის მაკეტი ჯერ კიდევ 80-იან წლებში მომზადდა, თუმცა, როგორც ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი გიორგი ჭეიშვილი მოგვითხრობს, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერა და ვერ დაიბეჭდა - ხან საბჭოთა ხელისუფლება იყო ხელის შემშლელი ფაქტორი, ხან ომი და ეკონომიკური სიდუხჭირე. ბოლოს, 2000-იანი წლების დასაწყისში, ამ ატლასის მომზადება სახელმწიფო პროგრამით განისაზღვრა, შედეგად კი, ასეთი მასშტაბის, პოლიგრაფიული დონისა და მეცნიერული ნამუშევრის წიგნად ქცევა მხოლოდ 2016 წელს მოხერხდა.

გიორგი ჭეიშვილი
გიორგი ჭეიშვილი

„ასე, პირველად შეიქმნა ნაშრომი, რომელშიც ასახულია საქართველოს ტერიტორიული ევოლუცია, ძვ.წ.აღ-ის VI საუკუნიდან დაწყებული - დღემდე.ასე რომ, შეგიძლიათ ნახოთ ყოველ ასწლეულში როგორ იცვლებოდა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები და როგორ ყალიბდებოდა საქართველოს ტერიტორია. მიუკერძოებელი მკითხველი ადვილად დაინახავს, რომ დღევანდელი საქართველოს არც ერთი გოჯი მიტაცებული არ არის. ეს ყველაფერი არის ბუნებრივი ევოლუციის შედეგი“, - მოგვითხრობს გიორგი ჭეიშვილი. მისი თქმით, განსხვავებულია რუკებზე დართული ტექსტიც - სხვა ატლასებისგან განსხვავებით, ის საქართველოს ისტორიიდან ამა თუ იმ ეპიზოდის შესახებ კი არ მოგვითხრობს, არამედ მეცნიერულად ასაბუთებს, თუ რატომ არის ამა თუ იმ რუკაზე სწორედ ასე წარმოდგენილი საქართველოს საზღვრები.

საქართველოს ისტორიის ატლასზე მრავალწლიანი მუშაობა არ მოიცავდა მხოლოდ პირველწყაროების დამუშავებას და კაბინეტურ საქმეს, გვითხრა ტექსტის ერთ-ერთმა ავტორმა, წიგნის რედაქტორმა, აკადემიკოსმა დავით მუსხელიშვილმა. - ატლასზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფი ყველა დეტალს ექსპედიციებში მუშაობის შედეგად აზუსტებდა:

დავით მუსხელიშვილი
დავით მუსხელიშვილი

„მე ვთვლი, რომ უნიკალური გამოცემაა, ბევრი ატლასი დაბეჭდილა ევროპაშიც, ამერიკაშიც, სხვადასხვა ეპოქების ამსახველი, თუმცა ყველა ტექსტი, რომელიც ასეთ ატლასებს ახლავს, უფრო განმარტებითი შინაარსისაა. ჩვენ კი ამ რუკებს დავურთეთ განმარტებითი ტექსტი, რომელშიც მითითებულია ყველა პირველწყარო, არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოურიც, ლათინური, ბერძნული, სპარსული, თურქული, სომხური და რომლებიც შეეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მოცულობას“.

თავად დავით მუსხელიშვილისათვის ყველაზე შთამბეჭდავი დავით აღმაშენებლის ეპოქის რუკაა:

„და ეს არ იყო იმპერია. დაპყრობის შედეგი კი არ ყოფილა ასეთი სახელმწიფოს შექმნა, როგორც ეს ხდებოდა ჩვეულებრივ იმპერიების შექმნის შემთხვევაში, გნებავთ, რუსეთის იმპერიისა. ამის კარგი მაგალითია ესეთი ამბავი, რომ დიდგორის ბრძოლაში, სადაც ქართველთა წინააღმდეგ მაჰმადიანთა კოალიცია იბრძოდა, დავითის ლაშქარში კავკასიელი მაჰმადიანები იბრძოდნენ -შირვანისა და დარუბანდის სახელმწიფო ლაშქარი. კავკასიური სახელმწიფო, რომელიც მაშინ დავითმა შექმნა, იყო ოპტიმალური ვარიანტი იქ მცხოვრები ხალხისთვისაც,მათ შორის, ჩრდილო კავკასიელებისთვისაც. შუა საუკუნეების მსოფლიოში ეს უნიკალური შემთხვევა იყო, რომ ერთ სახელმწიფოში ყოველგვარი კონფლიქტების გარეშე ცხოვრობდნენ ქრისტიანები, მუსლიმები და წარმართი ტომები. და ეს დავით აღმაშენებელმა გააკეთა. ამიტომ ეს რუკა განსაკუთრებულაად მომწონს“.

გამომცემლობა „არტანუჯისათვის“ საქართველოს ისტორიის ატლასი გამორჩეული წიგნია. როგორც ისტორიკოსმა, „არტანუჯის“ დამფუძნებელმა ბუბა კუდავამ გვითხრა, თუ შეიძლება წიგნს სამაგიდო ვუწოდოთ, ეს სწორედ ასეთი წიგნია. ამ დრომდე არ არსებობდა სრულყოფილი ისტორიული ატლასი, ასე ერთად არასოდეს შეკრებილა საქართველოს პოლიტიკური ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ აკადემიური ცოდნა, გვითხრა ბუბა კუდავამ, და პარადოქსია ის ფაქტიც, ამბობს ის, რომ საქართველოში ხშირად ქვეყნის ისტორია რუკების გარეშე ისწავლება:

საქართველოს ისტორიული ატლასის პრეზენტაცია
საქართველოს ისტორიული ატლასის პრეზენტაცია

„ხშირად ეს იწვევს დაბნეულობას. მოსწავლეებს თუ სტუდენტებს სწორედ ამის გამო აღარ უყვართ ისტორიის სწავლა მხოლოდ თეორიულად. ვერ აღიქვამენ, რადგან თუ რუკას არ დახედე და არ გაიაზრე საქართველოს ისტორიული გეოგრაფია, თუ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს არ დახედე, ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა მიხვდე, რა ხდებოდა, რა საიტორიო პროცესი მიდიოდა, ან რისთვის იბრძოდნენ, ან დამპყრობელთა ლაშქრობები რა მიზანს ემსახურებოდა. რა პოლიტიკური ცენტრები იქმნებოდა და რომელი ეცემოდა, რომელი საერო თუ საეკლესიო პუნქტი რომელ პროვინციაში იყო - ამის აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს ეს ატლასი“.

და ასეცაა. თუ რუკებზე მონიშნულ ადგილებს დააკვირდები და განმარტებებსაც მოიშველიებ, კონკრეტული საუკუნის კონკრეტული ამბავი ცოცხლდება. ხედავ, რომ, მაგალითად, ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე-მესამე საუკუნეებში მწვანედ ეგრისის (კოლხეთის) სამეფოა მონიშნული,მოვარდისფროდ კი- ქართლის, იბერიის სამეფო. მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში რუკაზე სვანეთის სამთავრო ჩნდება. მეშვიდე საუკუნეში აფხაზეთის სამთავრო ემატება...1014 წელს რუკას აწერია „აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა სამეფო“. მე-11 საუკუნის პირველი ნახევრის რუკაზე აფხაზთა და ქართველთა სამეფოს, კახეთ-ჰერეთის სამეფოს, ტაშირ-ძორაკეთის სამეფოს, ტფილისის საამიროს, ანისის მხარეს ჩრდილო კავკასიის ყნადნაფიცი ქვეყნები ემატება: ლეკეთი, ხუნძეთი, დურძუკეთი, ოვსეთი, ჯიქეთი, ქაშაგეთი...

ბუბა კუდავა
ბუბა კუდავა

ამ ატლასმა და მასში ერთად თავმოყრილმა 69 რუკამ, ბუბა კუდავას აზრით, არაერთი სტერეოტიპიც უნდა დაანგრიოს და ნათელი სურათი შექმნას, სინამდვილეში როდის ვკარგავდით ტერიტორიას ან როდის ვიბრუნებდით. რა საზღვრებში იყო ერთიანი საქართველოს სამეფო.

„ხშირად გაისმის ასეთი ფრაზები, რომ „არასოდეს ისტორიაში“, არასოდეს მსგავსი რა არ მომხდარა და ა.შ. თუ ამ ატლასს დავხედავთ და სხვადასხვა ეპოქის რუკებს გავეცნობით, ვნახავთ, რომ არასოდეს კი არა, ხშირად ხდებოდა მსგავსი რამეები ისტორიაში, რაც დღეს ხდება ჩვენს თავს. ამ მხრივ, ეს ატლასი ძალიან კარგი ორიენტირია“.

საქართველოს ისტორიის ატლასს, მისი ავტორების განცხადებით, გამოარჩევს ისიც, რომ მასში წარმოდგენილ რუკებს შორის არ არსებობს ქრონოლოგიური შუალედები - ისტორიული სურათი არ წყდება და წლიდან წლამდე, საუკუნიდან საუკუნემდე გვიჩვენებს როგორ იცვლებოდა საქართველო. ისიც უნდა ითქვას, განმარტავს ბუბა კუდავა, რომ ეს რუკები ყველა აქამდე შექმნილ რუკებზე დეტალურია.

საქართველოს ისტორიული ატლასი
საქართველოს ისტორიული ატლასი

„ერთი ასეთი დეტალური საქართველოს ისტორიული რუკა გვახსენდება, ივანე ჯავახიშვილის რედაქტორობით, პირველად 1920-იან წლებში გამოცემული, მართლაც არაჩვეულებრივი, მაგრამ მისი ნაკლი ის არის, რომ ის იყო ერთი რუკა მხოლოდ, რაც, საუკუნეების ჭრილში თუ შევხედავთ, ძალიან პირობითია, რადგან ხშირად იცვლებოდა პოლიტიკური საზღვრები, ისტორიული პუნქტებიც ეცემოდა, ვითარდებოდა, არსდებოდა და ა.შ“.

მართლაც, თუ1125 წლის რუკა ერთი ფერისაა, „საქართველოს სახელმწიფო“ აწერია და არ არის დაყოფილი ცალკე სამეფო-სამთავროებად, მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში რუკას ემატება ისეთი აღნიშვნები, როგორიცაა გავლენის სფეროში მოქცეული ქვეყნები, მოხარკე ქვეყნები, 20 საერისთაო (აფხაზთა, ცხუმის, ოდიშის, სვანთა, რაჭის, გურიის, ქართლის კახეთის, ჰერეთის, შაქის, ხორნაბუჯის, აჭარანასკერტის (ტაოს), სამცხის, თმოგვის, თორ-ჯავახეთის, კარის, ლორის (მხარგრძელთა), გაგის, ხაჩენის). მე-17 საუკუნეში რუკა ჭრელდება - ჩნდება სადავო ტერიტორიები, ამავე საუკუნის მეორე ნახევარში კი ირანელთა მიერ დაკავებული ციხეების აღმნიშვნელები მატულობს.

ბუბა კუდავა ამბობს, რომ საქართველოს ისტორიის ატლასის რუკები ისტორიის ინსტიტუტის საისტორიო გეოგრაფიის განყოფილებაში მზადდებოდა. კარტოგრაფიული თვალსაზრისით, რუკები ორგანიზაცია „გეოგრაფიკში“ მომზადდა, ხოლო წიგნად, როგორც უკვე ვთქვით, „არტანუჯმა“ აქცია. ბუბა კუდავამ ისიც გვითხრა, რომ გეგმაშია ამ ატლასის ინგლისურ ენაზე გამოცემაც.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG