ნატოს გენერალური მდივანი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩები 8 სექტემბერს მთელი დღის მანძილზე მართავდნენ შეხვედრებს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მესამე სექტორის, მედიისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. დღის პირველ ნახევარში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის. იენს სტოლტენბერგმა ილაპარაკა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, რეფორმების აუცილებლობაზე, რეგიონის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკაზე.
„საქართველომ უნდა გააგრძელოს ზუსტად იმის გაკეთება, რასაც ამჟამად აკეთებს და ეს არის რეფორმების განხორციელება“, აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას. იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება ნატოს წევრი, აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება, მაგრამ ამისათვის, უბრალოდ, გარდაუვალია დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება:
„ეს საშუალებას აძლევს საქართველოს მიაღწიოს ნატოს წევრობას, რადგანაც რეფორმების განხორციელება გადამწყვეტი და საკვანძო აუცილებლობაა მომავალი წევრებისთვის... მაგრამ რეფორმები მნიშვნელოვანია ნატოსგან დამოუკიდებლადაც, რადგანაც ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია, კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა მნიშვნელოვანია ნატოსგან დამოუკიდებლადაც. ნატომაც რომ არ გირჩიოთ, თქვენ ეს მაინც უნდა გააკეთოთ, რადგანაც ამას მოაქვს თავისუფლება, ქმნის საუკეთესო პირობებს ინვესტირებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“.
ეს სახიფათოა საქართველოსთვის, ეს სახიფათოა უკრაინისთვის და ეს, ასევე, სახიფათოა მთელი დანარჩენი ევროპისთვის, რადგანაც ეს ანგრევს სისტემას, რომელსაც ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა უნდა ეფუძნებოდეს...იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი ისევ რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, როცა, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში, საქართველოს როლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, თუმცა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში საუბარი ვერ უვლის გვერდს რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას, გამოხატულს ოკუპაციითა თუ ანექსიით. იენს სტოლტენბერგი თვლის, რომ ამ გზით ხელყოფილია ევროპის უსაფრთხოების სისტემის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღიარებული ფუნდამენტური პრინციპები, რაც საზღვრების აღიარებასა და ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას გულისხმობს:
„მიზეზი, რის გამოც ჩვენ ასე შეგვაშფოთა საქართველოს ზოგიერთი რეგიონის ოკუპაციამ და ასევე იმან, რასაც ვხედავთ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში, სწორედ უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპების ხელყოფას უკავშირდება. ეს სახიფათოა საქართველოსთვის, ეს სახიფათოა უკრაინისთვის და ეს, ასევე, სახიფათოა მთელი დანარჩენი ევროპისთვის, რადგანაც ეს ანგრევს სისტემას, რომელსაც ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა უნდა ეფუძნებოდეს“.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო დაეხმარება საქართველოს გააძლიეროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები და, ასევე, ღირსეულად გააგრძელოს მისია გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.
სტუდენტებთან შეხვედრის გარდა, 8 სექტემბერს კიდევ არაერთი შეხვედრა გაიმართა. ნატოს გენერალური მდივანი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩები ზოგ შემთხვევაში ერთად, ხოლო ზოგ შემთხვევაში – ცალ-ცალკე მართავდნენ შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან – მათ შორის, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელ დეპუტატებთან თუ საგარეო საქმეთა მინისტრთან. გაიმართა, ასევე, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩების სამი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და უმცირესობათა წარმომადგენლებთან. შეხვედრაში, რომელიც კონფლიქტების მოგვარების საკითხებს შეეხებოდა, „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილიც მონაწილეობდა. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, შეხვედრაზე გამოითქვა სინანული, რომ ბოლო პერიოდში ნატო თუ ევროკავშირი შედარებით ნაკლებ ყურადღებას უთმობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პრობლემას, თუმცა ელჩები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან:
„იყო პასუხი, რომ მათ ძალიან კარგად იციან ყველაფერი, რაც ხდება, და ფიქრობენ, რომ საკმარის ყურადღებას აქცევენ საქართველოს, იმის გათვალისწინებით, თუ ზოგადად რა ფონია მსოფლიოში... ძალიან ბევრი პრობლემა იმდენად ცხელ ფაზაშია (იგივე უკრაინა, სირია და ასე შემდეგ), რომ ისინი გარკვეულწილად, ბუნებრივია, ჩრდილავენ საქართველოს საკითხს, მაგრამ (ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩები) მაინც ფიქრობენ, რომ საკმარის ყურადღებას აქცევენ საქართველოს“.
გიორგი კანაშვილის თქმით, საუბარი იყო, ასევე, რუსეთის რბილ ძალაზე და, აქედან გამომდინარე, საფრთხეებზე. ეს საკითხი წამოწეული იყო, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ სხვა შეხვედრაზეც. ამის შესახებ 8 სექტემბერს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ლაპარაკობდა. თუმცა „რეფორმების საკითხებზე“ გამართული შეხვედრის მთავარი თემები მაინც იყო შიდაპოლიტიკურ სარბიელზე არსებული პრობლემები და, ასევე, გამოწვევები დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ვიზიტის (7-8 სექტემბერი) პირველ დღეს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილეს საქართველოს წვლილი გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამოწვევები, შავი ზღვის რეგიონის გაძლიერების გეგმები და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების პერსპექტივები. ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო, ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ნატოს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით, უკვე მეოთხედ ესტუმრა საქართველოს.