ელენა მიზულინა რუსი კანონმდებელია, პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს, წევრი და უკვე რამდენჯერმე გამოიჩინა თავიდასამახსოვრებელი ინიციატივებით. მას ეკუთვნის, მაგალითად, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც ე. წ. ჰომოსექსუალური პროპაგანდის აკრძალვა მოჰყვა. მასვე ეკუთვნის, საბედნიეროდ, ჯერჯერობით წარუმატებელი ინიციატივა, აიკრძალოს „ბეიბიბოქსები“... და აი, 27 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია მის ახალ წინადადებაზე - მოხდეს ოჯახში ძალადობის ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია...
(ტელეპროგრამის რეკლამა)
„ელენა მიზულინას სრულიად გასაოცარ გამონათქვამებს მიაწერენ!“
რაც უნდა თქვას, ყველაფერი სისულელეაო!
პოლიტიკოსი, რომელიც ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.
არაფერს ვაკეთებ ისე, უბრალოდ. ყველაფერს განვიცდი!
ის მთელი თავისი ცხოვრების საქმედ მიიჩნევს ერის სულიერ სიჯანსაღეზე ზრუნვას.
თუ რამეზე მუშაობას ვიწყებ, ჯერ წიგნებიდან ვსწავლობ, სისტემას ვადგენ!
ელენა მიზულინა!“
ასე წარუდგინეს რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის მაყურებელს შარშან, მარტში, პარლამენტარი ელენა მიზულინა. პროგრამის წამყვანმა საუბარი დაიწყო აღიარებით, რომ ალმაცერად, ირონიულად უყურებდა მიზულინას, რადგან მის შესახებ სოციალურ ქსელებში გასაოცარი რაღაცები ჰქონდა წაკითხული, მაგრამ რახან მიზულინა პროგრამის სტუმარი უნდა ყოფილიყო, ჟურნალისტი მოემზადა, კანონმდებლის განცხადებებს გაეცნო და - ოი, საკვირველებავ! - აღმოაჩინა, რომ ელენა მიზულინაზე ნათქვამის 90 % თუ 95% სინამდვილეს არ შეესაბამება! მაგალითად ის, რომ მიზულინას, თითქოს, მოუთხოვია, უმაღლეს სასწავლებლებში არ მიიღონ ქალები შვილების გაჩენამდე ან აიკრძალოს სუროგატული დედობა... ეს, აღნიშნა აღტაცებულმა ტელეწამყვანმა, ასე არ ყოფილაო! ამავე ტელეწამყვანს კრიტიკული შეკითხვა არ გასჩენია წინადადებებზე, რომლებსაც მიზულინას კი არ მიაწერენ, არამედ, მართლაც, მისია.მიზულინას, მაგალითად, დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთში 2013 წელს „ჰომოსექსუალური პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონის მიღებაში, რომელსაც ყველა ავტორიტეტიანი უფლებადამცველი აკრიტიკებს.
მაგრამ დავუბრუნდეთ მიზულინას ახალ ინიციატივას, მოხდეს ოჯახში ძალადობის ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია. გასულ თვეში, რუსეთის ფედერაციის საბჭოში სისხლის სამართლის კოდექსის ზოგი მუხლის დეკრიმინალიზაციის განხილვისას, მიზულინამ აღშფოთება გამოხატა შესწორებების ინიციატივასთან დაკავშირებით:
„თქვენი შვილის ნებისმიერი დაჟეჟილობა, დალურჯებული ადგილი წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ იუვენალურიპოლიცია თქვენთან სახლში მოვიდეს, შეამოწმოს რა მოხდა, აღძრას სისხლის სამართლის საქმე. რასაკვირველია, ეს წარმოადგენს საფუძველს შვილის წასართმევად. იუვენალური სამართალი კი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შეიძლება მხოლოდ იმ ფაქტით, რომ არსებობს დალურჯებული ადგილი, ხოლო როგორ მიიღო ის ბავშვმა, მიდი მერე და არკვიე“, - ბრაზობს რუსი დეპუტატი და კიდევ ერთ შესწორებას აპროტესტებს: „არ ყოფილა სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულის საგანგებო შემადგენლობები ოჯახის წევრებთან, ახლო ნათესავებთან, მოყვრებთან მიმართებით. პირველად ხდება, რომ გათანაბრებულია ეროვნულ, რელიგიურ და რასობრივ ნიადაგზე დანაშაულებთან. ვის აძლევს ხელს ასეთი შესწორება? ვის უპირებთ დაცვას მისი მხარდაჭერით?“ - ეკითხება კოლეგებს ელენა მიზულინა. მე ვიტყოდი, ალბათ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს უპირებენ დაცვას, არა?
როგორც ჩანს, მიზულინა ან ასე არ ფიქრობს, ან თავისებურად ესმის ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა. ზემოხსენებულ ტელეპროგრამაში, რომელიც შარშან მარტში აჩვენა რუსეთის ტელევიზიის პირველმა არხმა, მიზულინა შემდეგ ხედვას აყალიბებს: „ჩვენს ოჯახში მთავარი მამაა, ჩემი მეუღლე, და სხვა არავინ. აუცილებლად ასე უნდა იყოს. მისი სიტყვა გადამწყვეტია! თან, ყოველგვარი თამაშის გარეშე. და რა არის, იცით, ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემა? ჩვენ ხომ გვაქვს სტატისტიკა და, თან,ხშირად მომმართავენ ხოლმე. თანამედროვე გოგოების პრობლემა ის არის, რომ ... ჩემი აზრით, ქორწინების სიმტკიცე ბევრით არის დამოკიდებული ქალზე. და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ურთიერთობაც უნდა იყოს მეუღლესთან, აუცილებელია პატივისცემა, ქალმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა უპასუხოს ლანძღვას ლანძღვით“.
ასეთია ელენა მაზულინას რეცეპტი: ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა იმით, რომ ძალადობამდე საქმე საერთოდ არ მივიდეს - ქალების ხარჯზე! ოჯახში კაცის სიტყვა გადამწყვეტი უნდა იყოს და თუ ილანძღება, ქალმა არ უნდა უპასუხოს...
ასე შეიძლება კიდევ ბევრი ფიქრობდეს, მაგრამ ელენა მაზულინა პარლამენტარია, თან - რუსეთის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 27 ივლისს ის გამოვიდა ინიციატივით, რომელიც ოჯახში ძალადობის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.