Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუკაცრიელებული ოსური სოფლები


ერთ-ერთი სახლი სოფელ მიტარბში
ერთ-ერთი სახლი სოფელ მიტარბში

90-იან წლებში, ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად, ოსებმა საქართველო მასობრივად დატოვეს. ბევრი ოსური სოფელი დღემდე დაცარიელებულია. სოფლებში მრავლადაა მიტოვებული და დანგრეული სახლები. კერძო ქონების ნაწილი ოსებმა მიზერულ ფასად გაყიდეს, ნაწილი კი, უბრალოდ, უპატრონობით გაპარტახდა. საქართველოს მიღებული აქვს რესტიტუციის კანონი, რომელიც სწორედ ქონებრივი უფლებების აღდგენას გულისხმობს, მაგრამ ეს კანონი არასდროს ამოქმედებულა.

გაუკაცრიელებული ოსური სოფლები
please wait

No media source currently available

0:00 0:05:13 0:00
გადმოწერა

„ოსებო, გეყოფათ საქართველოში სტუმრობაო“, - ვალოდია მიტარბში ცხოვრობს და იმ დროს იხსენებს, როდესაც სხვადასხვა დაჯგუფებები ოსებს აწიოკებდნენ. მიტარბი ბაკურიანთან ახლოს მდებარეობს - ფაქტობრივად, საკურორტო ზონაა. მიტარბელი ციური ჯეირანაშვილი იმ წლებს იხსენებს, როდესაც სოფელში ხალხიც იყო, სკოლაც და ტრანსპორტიც დადიოდა:

„მიტარბი მთლიანად დაიცალა. იყო აბსოლუტურად ოსური სოფელი, მაგრამ იმ ავბედით დღეებში ზოგი ფეხშიშველი ბაკურიანში გარბოდა, ზოგი - ტაბაწყურის და ზოგი - წაღვერის მიმართულებით. შემდეგ სახლების საპატრონოდ მათი ქართველი ნათესავები ჩამოვიდნენ ან, სულაც, არანათესავები, შესახლდნენ და დღემდე ცხოვრობენ. ოსური ოჯახი მიტარბში სულ რამდენიმე დარჩა“.

ერთ-ერთი ასეთი ქართველი ნათესავი ნუგზარ გოგოლაძეა. ის ოსების სახლში ცხოვრობს, რომელსაც ნამდვილი პატრონები მხოლოდ დასასვენებლად აკითხავენ.

„წავიდნენ, მაგრამ ისე არ შემოვსულვარ ამ სახლში. ვთხოვე, თუ დამაყენებთ-მეთქი. აგერ, მოვაშენე საყოლებელი და ჩამოდიან ხოლმე ზაფხულობით. გოგო უმაღლესში სწავლობს და გოგოს რომ დაითხოვენ, ჩამოდიან ხოლმე“.

კიდევ ერთი სოფელი, რომელიც ოსებისგან დაიცალა, ახმეტის რაიონშია, სოფელი ფიჩხოვანი. სოფლის მკვიდრი მზია ქელეხსაშვილი ამბობს, რომ ოსებს წასვლა არ უნდოდათ, მაგრამ იძულებულნი გახდნენ ასე მოქცეულიყვნენ.

„ვინ წავა თავისი სამშობლოდან?! ვინ წავა?! სადაც დაიბადა, სადაც ამხანაგები ჰყავს, მასწავლებლები?!აიძულეს! აიძულეს! ძალიან ცუდი დრო იყო. აქ მოდიოდნენ, ისროდნენ: „ჩქარა წადით, მოშორდით აქედან““.

მზია ქელეხსაშვილი თავადაც ოსია, მაგრამ მაინც დარჩა. მისი თქმით, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ ქმრის საფლავი აქვს.

კიდევ ერთი ოსური სოფლის, ქორეთის, მკვიდრი კი ამბობს, რომ ყველაზე რთული ომის პერიოდი იყო, მანამდეც და მას მერე კი ქართველები და ოსები ჩვეულებრივად ცხოვრობენ.

„კარგად ვცხოვრობდით ერთად, მაგათი გოგოები ჩვენთან იყვნენ, ჩვენებს მათზე ათხოვებდნენ. არც ახლა ვართ ცუდათ“.

სოფელ ქორეთის კიდევ ერთი მკვიდრი, ნუნუ ბაგაური, აბობს, რომ იმ ოსების უმეტესობამ სახლები კაპიკებად გაყიდა ან, საერთოდ, მიატოვა. ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი ნაირა ბეპიევა რესტიტუციის შესახებ კანონზე ლაპარაკობს. კანონის მიზანი ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების ქონებრივი უფლებების აღდგენაა, მაგრამ ის არასდროს ამოქმედებულა:

„ოსი მოსახლეობის მიგრაციასთან დაკავშირებით უნდა მოგახსენოთ, რომ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა საქართველოდან და ძალიან ბევრს ჰქონდა სურვილი უკან დაბრუნებისა, თავიანთი ქონების დაბრუნებისა და ამის საშუალებას კანონიც იძლეოდა. პარლამენტს მიღებული აქვს რესტიტუციის კანონი, მაგრამ ეს კანონი არ ამოქმედებულა და, ამდენად, მათ უკან დასაბრუნებელი გზა, შეიძლება ითქვას, მოჭრილი აქვთ“.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელ მედეა ტურაშვილის თქმით, უნდა შექმნილიყო ოთხმხრივი კომისია, რომელიც ქონებრივ საკითხებს განიხილავდა, მაგრამ იმ წლებში ვითარება აირია, ქართულ-ოსური ურთიერთობები დღითი დღე იძაბებოდა და ამ ყველაფერს ბოლოს 2008 წლის ომიც დაემატა, რამაც კანონის ამოქმედება გაურკვეველი დროით გადაავადა.

„სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში გვქონდა რეკომენდაცია, რომ სახელმწიფომ დაიწყოს 90-იან წლებში დაზარალებული მოსახლეობისათვის რესტიტუციის პროცესი და შესთავაზოს მას შესაბამისი ქონების დაბრუნება ან კომპენსაცია“, - ამბობს მედეა ტურაშვილი.

საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთგვაროვანი მონაცემები აქვთ იმის შესახებ, თუ სულ რამდენმა ოსმა დატოვა საქართველო კონფლიქტის შედეგად. ნაირა ბეპიევა ამბობს, რომ რუსეთთან კომუნიკაციის უქონლობის გამო საქართველოდან გადასახლებულ პირთა დათვლა ვერ ხერხდება, ამიტომ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG