Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში გაწევრიანების შანსი – რუსეთის აგრესიის ფონზე


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების დეკემბრის მინისტერიალისთვის მზადების პროცესში საქართველო მეტად ფასეულად მიიჩნევს თავდაცვის მინისტრების შეხვედრასა და ამ ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. ეს ღონისძიებები ბრიუსელში 8 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელს სტუმრობს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. 7 ოქტომბერს ის ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას ესწრებოდა ასევე ბრიუსელში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. რა მოლოდინი აქვს საქართველოს ნატოსთან მიმართებით?

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი 7 ოქტომბერს თბილისის დროით 18 საათისთვის შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მონაწილეობდა. ოფიციალური წყაროს ცნობით, განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა: საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, 2016 წლის ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები.

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი, რომელიც ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება, იმედით უყურებს ამ ფორუმს და საქართველოსთვის ხელსაყრელ შესაძლებლობად მიიჩნევს, რომ ქვეყანამ სრულად განმარტოს თავისი არგუმენტები და პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო ნახტომებით უნდა მიუახლოვდეს სტრატეგიულ ამოცანას, – ნატოში გაწევრიანებას, – აცხადებს თინა ხიდაშელი ჟურნალისტებთან საუბრისას და გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) სწორედ ამ სტრატეგიული ამოცანის კონტექსტში განიხილავს. ამავე ჭრილში განიხილება მომავალი წლის ვარშავის სამიტთან დაკავშირებული იმედებიც:

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩემთვის პირადად, საქართველო ვარშავის (სამიტის) შემდეგ გამოვიდეს იმ ეტაპზე, სადაც აღარ იარსებებს შუალედური ნაბიჯი ჩვენს ქვეყანასა და ნატოს შორის. შესაბამისად, როდესაც მე ვამბობ, რომ MAP-ი არ არის ჩემი ამოცანა, სწორედ ამას ვგულისხმობ: MAP-ს თუ მივიღებთ, ეს შუალედური ნაბიჯი ქრება, ანუ MAP-ი უკვე გვაქვს და პირდაპირ შეგვიძლია, რომ დავიწყოთ წევრობაზე მუშაობა. MAP-ს თუ არ მივიღებთ, ასევე ამოცანად იგივე რჩება: რომ მივიღოთ ისეთი ტიპის დეკლარაცია, რომელიც გვეტყვის, რომ შუაში არაფერი აღარ გვაქვს. მე მირჩევნია, ჩემთვის იდეალური გარემოებაა, რომ MAP-ის გარეშე მოხდეს ეს“.

MAP-ზე არაფერი უთქვამს, მაგრამ საქართველო „მეტად ფასეულ პარტნიორად“ მოიხსენია ნატოს გენერალურმა მდივანმა 6 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. იენს სტოლტენბერგისთვის მეტად მნიშვნელოვანია როგორც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ასევე ამ დღეებში დაგეგმილი ღონისძიებებიც, სადაც საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტუმრად მიიჩნევა:

„ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში და იქ ახალი საწვრთნელი ცენტრი გავხსენით. ის წარმოადგენს შემადგენელ ნაწილს არსებითი პაკეტისა, რომელიც ჩვენ, საქართველოსთან ერთად, ერთობლივად შევიმუშავეთ. ხუთშაბათს ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ნატოს თავდაცვის მინისტერიალთან დაკავშირებით. ეს არის ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის კიდევ ერთი ელემენტი. მოუთმენლად ველი თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას, მოუთმენლად ველი შეხვედრას ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე და ეს არის ნატოსა და საქართველოს გაღრმავებული თანამშრომლობის ელემენტები“.

თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც, „28+1“-ის ფორმატში, 8 ოქტომბერს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, ამჟამად არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმსჯელებენ. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების

40 000-მდე გაზრდის პროცესის ბოლომდე მიყვანა: სამხედრო კონცეფციის დამტკიცება თუ შეთანხმებების მიღწევა მართვისა და კონტროლის სისტემებთან დაკავშირებით. ოფიციალური წყაროს ცნობით, სწრაფი რეაგირების ძალების რეზერვში 130 ქართველი მებრძოლი ირიცხება.

ამ კონტექსტში უკვე საუნტერესოა, შეძლებს თუ არა საქართველო ითამაშოს ის როლი, რაც 50-იან წლებში თურქეთმა ითამაშა ნატოსთვის. ანუ გახდება თუ არა ის მათთვის ერთგვარი დასაყრდენი საფრთხის წყაროსთან ახლოს...
გიორგი გობრონიძე

მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ძალები სირიაშიექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით შევიდნენ, ხოლო ნატომ მოსკოვი ოპოზიციასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში ამხილა, კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამ კონტექსტში პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ახალ სავარაუდო შესაძლებლობაზე ლაპარაკობს:

„ამ კონტექსტში უკვე საუნტერესოა, შეძლებს თუ არა საქართველო ითამაშოს ის როლი, რაც 50-იან წლებში თურქეთმა ითამაშა ნატოსთვის. ანუ გახდება თუ არა ის მათთვის ერთგვარი დასაყრდენი საფრთხის წყაროსთან ახლოს. ვაკვირდებით, რომ რუსეთის ფედერაცია თანდათანობით ხდება სულ უფრო მეტი საფრთხის წყარო დასავლეთისთვის: იქნება ეს უკრაინის პროცესი თუ სირიაში მიმდინარე მოვლენები. პრაქტიკულად, რუსეთმა სირიაში გააკეთა ის, რასაც გააკეთებდა საბჭოთა კავშირი – მან თქვა, რომ სჭირდება ასადის რეჟიმი და ის ეხმარება ასადის რეჟიმს, რაც ვერ გააკეთა თავის დროზე იუგოსლავიაში, სადაც მილოშევიჩის რეჟიმი, ასე ვთქვათ, გაექცა და, საბოლოოდ, ეს რეჟიმი ნატოს კოალიციამ დაამარცხა“.

დასავლეთის მიერ რუსეთის აგრესიული სახის კიდევ უფრო უკეთ დანახვის ფონზე, საქართველოს ნატოსთან დაახლოების ახალი შანსი მართლაც რომ შეიძლება გამოუჩნდეს, ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც ლაპარაკობს. ის თვლის, რომ ასეთი შანსი საქართველოს ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე გამოუჩნდა:

„იმ ფონზე, როდესაც რუსეთს დაეძაბა ურთიერთობა ევროპის რიგ წამყვან სახელმწიფოებთან, იგივე გერმანიასთან, საფრანგეთთან თუ იტალიასთან, ანუ ქვეყნებთან, რომლებიც ბლოკავდნენ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას, ჩემი აზრით, დღეს რუსეთი ისეთ ზეგავლენას ვერ მოახდენს ამ ქვეყნებზე, როგორსაც ის ახდენდა, ვთქვათ, 2008 წლის აგვისტომდე, თუნდაც იგივე ბუქარესტის სამიტის დროს“.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ნატოსთან საქართველოს დაახლოების უპირველეს საყრდენად ნიკა ჩიტაძე მაინც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას მიიჩნევს, რომელ გზაზე წინსვლაც საქართველომ 2016 წლის არჩევნებზეც უნდა დაამტკიცოს. გარდა ამისა, ექსპერტის აზრით, შესაძლოა უარყოფითი როლი შეასრულოს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მოქცეულმა ინფორმაციამ შერჩევით სამართალთან, პოლიტიკური ოპონენტების დევნასა თუ მედიის შევიწროებასთან დაკავშირებით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG