Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რახმანინოვის ოჯახი - რუსეთში მისი გადასვენების წინააღმდეგ


სერგეი რახმანინოვი
სერგეი რახმანინოვი

დიდი რუსი კომპოზიტორისა და პიანისტის სერგეი რახმანინოვის გარდაცვალებიდან 70 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ მის გარშემო დიდი ხმაურია ატეხილი. მოსკოვი გამოდის რახმანინოვის რუსეთში გადასვენების ინიციატივით, რაზეც მუსიკოსის შთამომავლები უარს ამბობენ, რადგან რახმანინოვის ანდერძით, ის დაკრძალული უნდა იყოს იქ, სადაც ახლაა - შეერთებულ შტატებში.

სერგეი რახმანინოვი 44 წლის იყო, უკვე აღიარებული კომპოზიტორი და პიანისტი, როცა მან რუსეთში ბოლშევიკური რევოლუციის გამო1917 წელს ემიგრაციაში წასვლა ამჯობინა. მომდევნო წლებში ევროპასა და შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და 1943 წელს გარდაიცვალა შეერთებულ შტატებში, ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ.

რახმანინოვის რუს თაყვანისმცემლებს არაერთხელ გამოუთქვამთ სურვილი, რომ სამშობლოში დაბრუნდეს მუსიკოსის ნეშტი მაინც. სულ რამდენიმე დღის წინ ეს სურვილი გამოთქვა რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმაც: ის 15 აგვისტოს ნოვგოროდში ვიზიტისას ესაუბრა ჟურნალისტებს თავის ინიციატივაზე, რახმანინოვი შეერთებული შტატებიდან გადაასვენონ რუსეთში, ნოვგოროდის ოლქში, რახმანინოვების მამულში.

„რახმანინოვის საფლავი ამჟამად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ამას მოწმობს ფოტოგრაფია ინტერნეტში. რამდენიმე წლის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ ინიციატივით, დაიწყოს რახმანინოვის ნეშტის დაბრუნების პროცესი. თუ ნოვგოროდის ოლქის ხელმძღვანელობა დაგვეხმარება, ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ დასახმარებლად“, - ამბობს რუსეთის კულტურის მინისტრი. მისი ინიციატივის ფონს ქმნის დასავლეთთან, უწინარეს ყოვლისა, შეერთებულ შტატებთან რუსეთის მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობა, რაც აისახა კიდეც რახმანინოვის შესახებ კულტურის მინისტრის განცხადებაში.

ამერიკელები ურცხვად დაეპატრონნენ რახმანინოვის სახელს - ისევე როგორც იმ ათობით და ასობით რუსის სახელებს, რომლებიც საკუთარი ნებით თუ ბედისწერით რევოლუციის შემდეგ საზღვარგარეთ აღმოჩნდნენო, უთხრა მედინსკიმ 15 აგვისტოს ჟურნალისტებს. მისი ინფორმაციით, რახმანინოვს სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ „რუსული წარმოშობის ამერიკელად“...

ამ ყველაფრისა და, მედინსკის შეფასებით, საფლავის არასახარბიელო მდგომარეობის გამო, მინისტრის სურვილია რახმანინოვის გადასვენება ნოვგოროდის ოლქში, რახმანინოვების მამულში აღმართულ მდიდრულ მემორიალზე. თავის მხრივ, ნოვგოროდის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრ სმირნოვი აცხადებს, რომ ნიუ-იორკში რუსი დიპლომატები აქტიურად მუშაობენ გამოჩენილი მუსიკოსის ნეშტის რუსეთში გადასასვენებლად.

არადა, რახმანინოვის შთამომავლები უარზე დგანან. ერთმა მათგანმა, სიუზან სოფია ვოლკონსკაია-უანამეიკერმა, სამაუწყებლო კომპანია BBC-ის უთხრა, რომ ის და მისი ნათესავები არ აპირებენ დაარღვიონ გამოჩენილი წინაპრის ანდერძი: სერგეი რახმანინოვს სურდა მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით ყოფილიყო დაკრძალული იქ, სადაც ახლა განისვენებს, ნიუ-იორკის შტატში მდებარე ვალჰალაში.

„არ ვაპირებთ, გადავდგათ მისი ნების საწინააღმდეგო ნაბიჯი, ამიტომ ის იქ დარჩება. შეგიძლიათ ინტერნეტში მოძებნოთ: საფლავი ძალიან ლამაზ ადგილას არის“, - ამბობს რახმანინოვის შთამომავალი.

დიდი კომპოზიტორისა და პიანისტის სამშობლოში გადასვენების ინიციატივას ოპონენტები ჰყავს რუსეთშიც. პიანისტი დენის მაცუევი, მიუხედავად იმისა, რომ კრემლთან დაახლოებულ ხელოვანებს მიეკუთვნება (ის არის პრეზიდენტ პუტინის მრჩეველი კულტურის საკითხებში და კულტურის სამინისტროს საზოგადოებრივ საბჭოს ხელმძღვანელობს), „ძალიან დელიკატურს“ უწოდებს გადასვენების საკითხს, რომელზეც, მისი აზრით, ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე.

გაიმართება თუ არა ასეთი დისკუსია რუსეთში, სავარაუდოდ, ეს ვერ გადაჭრის სერგეი რახმანინოვის გადასვენების საკითხს, რახან მისი შთამომავლები უარზე დგანან. ის კვლავაც შეერთებულ შტატებში იქნება დაკრძალული. თუმცა ამის გამო, განსხვავებით რუსეთის კულტურის მინისტრის განცხადებისაგან, ამერიკელები ურცხვად დაეპატრონნენ რახმანინოვის სახელსო, მას ნამდვილად არ მიიჩნევენ ამერიკელ კომპოზიტორად...

XS
SM
MD
LG