საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის აზრით, „მცდარია“ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასება, რომლის თანახმადაც, ლარის კურსის სტაბილურობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი – ტურიზმის განვითარება – დიდწილად, საგარეო უწყების ბრალეულობით შეფერხდა. „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ექს-პრემიერი კონკრეტულად სავიზო რეჟიმის გამკაცრების წამგებიან პოლიტიკაზე აკეთებს აქცენტს. რას ფიქრობენ ექსპერტები – რა ზიანი მიაყენა სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ საქართველოს ეკონომიკას?
როდესაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს „ძალიან სუსტ ეკონომიკაზე“, „მძაფრ“ საგარეო ფაქტორებზე, ექსპორტის შემცირებაზე, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებასა და შექმნილ სიტუაციაში ლარის „სწორ ქცევაზე“ ლაპარაკობდა, „ტურიზმის შემცირებაც“ ახსენა და იქვე ამის ორი მიზეზიც დაასახელა: ერთი - რეგიონში „ეკონომიკური დაღმასვლა“ , ხოლო მეორე -დიდწილად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარსული მუშაობა:
„გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული საგარეო საქმეთა სამინისტროდან, როდესაც, აბსოლუტურად გაუაზრებლად, ძალიან ბევრ ქვეყანასთან გაამკაცრეს სავიზო რეჟიმი... შეიძლება ჩემი წვლილიც იყოს ამაში, ამ შეცდომის – ეს ჩემს დროს თუ დაიწყო, მე არ გამიკონტროლებია, როდის მოახერხეს ეს... მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გაკეთებულია და, მე ვფიქრობ, აქაც შეიძლება გარკვეული გადაცდომები იყო გაკეთებული“.
ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკრიტიკებულ საკითხს არეგულირებს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომელშიც 2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შესულმა ცვლილებებმა საკმაოდ დიდი კამათი და ვნებათაღელვა გამოიწვია. ოპონენტები აფრთხილებდნენ ხელისუფლებას, რომ, უცხოელების დაზარალების გარდა, ეს პროცესები სავალალო ეკონომიკურ შედეგებს საქართველოსთვისაც მოიტანდა. გავიხსენოთ, რომ ცვლილებების თანახმად, მაგალითად: საქართველომ 100-ზე მეტ ქვეყანასთან შეინარჩუნა უვიზო რეჟიმი, მაგრამ 90 დღემდე შეამცირა საქართველოში უვიზოდ ყოფნისთვის მანამდე მოქმედი თითქმის ერთწლიანი პერიოდი; უვიზო რეჟიმი საერთოდ გაუქმდა 10-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მართალია, ნოემბერში კანონი კვლავ დაექვემდებარა გარკვეულ ცვლილებებს, რაც შექმნილი სიტუაციის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად, და, მაგალითად, საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცათ ვიზების ხანგრძლივობა ქვეყნიდან გაუსვლელად გაიგრძელონ, მაგრამ, ექსპერტების ერთი ნაწილის აზრით, საერთო სურათი მაინც არ შეცვლილა.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი პარლამენტმა დაამტკიცა, ხოლო მანამდე, პროექტის დონეზე, მან ათასნაირი განხილვის პროცედურა გაიარა სამთავრობო თუ საპარლამენტო დონეზე, ტურისტული ნაკადის შემცირების გამომწვევი „გაუაზრებელი“ რეგულაციების დაწესება ექს-პრემიერ-მინისტრმა, დიდწილად, საგარეო საქმეთა სამინისტროს დააბრალა და, კონკრეტულად, იმდროინდელ სამინისტროს, როცა მას აწ უკვე ოპოზიციაში გადასული მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობდა. ექს-მინისტრი არც ამჯერად იზიარებს ექს-პრემიერის მიდგომას:
„ეს არის მცდარი, იმიტომ რომ საქართველოს დაახლოებით 120 ქვეყანასთან ჰქონდა უვიზო მიმოსვლა და ეს იყო მთავრობაში ერთიანი აზრი, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა მოწესრიგებულიყო. გარდა ამისა, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა, რადგანაც, მოგეხსენებათ, ჩვენ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადმოგვეცა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო ბიძინა ივანიშვილი“.
მაია ფანჯიკიძე თვლის, რომ სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდურად, საკითხის სხვადასხვა ჭრილში განხილვის შემდეგ, იქნა მიღებული და თუკი შეკითხვები მაინც არსებობს, ექს-მინისტრი შეახსენებს ხელისუფლებას, რომ საიმიგრაციო პოლიტიკის შემმუშავებელ კომისიას (მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას) იმხანადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. „თუ რაიმე გამოკვლევა აჩვენებს, რომ ამ რეგულაციებმა რამეს შეუშალა ხელი, პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, კომისიის თავმჯდომარეს ეკისრება", – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
„დავიწყოთ იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მინიმუმ პრემიერ-მინისტრის დონეზე მიიღება და არავინ არაფერს ეკითხება საგარეო საქმეთა სამინისტროს“, – გვეუბნება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელსაც არაბუნებრივად მიაჩნია ბიძინა ივანიშვილის მიერ კონკრეტულად საგარეო უწყების დადანაშაულება სავიზო რეჟიმის „გაუაზრებელი“ პოლიტიკის გამო:
„ხშირად ამ ხელისუფლებას ახასიათებს ის, რომ მას არა აქვს ჩამოყალიბებული კონცეფციები და ხედვები იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ის ღებულობს და ხშირად ამას აკეთებს ემოციურ დონეზე ანდა იმის გამო, რომ გააკეთოს ყველაფერი სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულის საწინააღმდეგოდ. ასეთი იყო ეს გადაწყვეტილებაც. როგორც შემდეგ აღმოჩნდა და დრომ გვაჩვენა, ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება და საჭიროა, რომ ეს ვიღაცას დაბრალდეს“.
გაუმართლებელი სავიზო პოლიტიკის გამო პასუხისმგებლობას მთელ ხელისუფლებას აკისრებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად არაფერ შუაშია საგარეო საქმეთა სამინისტრო. თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს საერთო სურათს არ ცვლის და ქვეყანა მცდარი გადაწყვეტილებების შედეგებს იმკის:
„გვინდა თუ არ გვინდა, ვაღიარებთ ამას თუ არ ვაღიარებთ, ფაქტები და ის ციფრები, რაც სხვადასხვა მაკროეკონომიკური პარამეტრის სახით მივიღეთ წლის ბოლოს, მოწმობს იმას, რომ ტურისტული ნაკადების მხრივ ჩვენ გვაქვს პრობლემები. ეს ყველაფერი, გარკვეულწილად, დაკავშირებულია სავიზო რეჟიმთან და, გარკვეულწილად, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობასაც ნეგატიურ კვალს დაამჩნევს სამომავლოდ“.
ლევან კალანდაძე წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს იმას, რომ 9 თებერვლიდან უცხოელებისთვის საქართველოში ჩამოსასვლელი ვიზების აღება ელექტრონული წესით გახდა შესაძლებელი, თუმცა იმისათვის, რომ საქართველოში მეტი ტურისტი და მეტი ფული შემოვიდეს, ექსპერტის აზრით, საქართველოს ღია საზღვრების პოლიტიკა ესაჭიროება.