Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა - რუსეთის აგრესიის პირისპირ


საპროტესტო აქცია მარიუპოლში. 2014 წლის 28 აგვისტო
საპროტესტო აქცია მარიუპოლში. 2014 წლის 28 აგვისტო

უკრაინაში ვითარება დღითი დღე იძაბება. ქვეყნის მთავრობა ჯერჯერობით თავს იკავებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისგან, საერთაშორისო თანამეგობრობა კი რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს სამხედრო აგრესია ქვეყნის ტერიტორიაზე. 28 აგვისტოს დონეცკთან გამართულ სამხედრო შეტაკებებს კიდევ 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ უარყოფითად იმოქმედებს საერთაშორისო უსაფრთხოებაზეც.

ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებული მოვლენები ისევ მსოფლიო ახალი ამბების სათავეში მოექცა. უკრაინის მედია რუსეთის ჯარის უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილებას ქვეყანაში „შეჭრად“ აფასებს, ქვეყნის მთავრობა კი საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას სთხოვს.

ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა

რუსეთს აგრესიის შეჩერებისაკენ უკვე დასავლეთის ქვეყნების არაერთმა ლიდერმა მოუწოდა. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ, თეთრ სახლში გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ „რუსეთი პასუხისმგებელია ძალადობაზე უკრაინაში - ეს ძალადობა არის წახალისებული რუსეთის მიერ, სეპარატისტები გაწვრთნილები, შეიარაღებულები და დაფინანსებულები არიან რუსეთის მიერ, რუსეთი განზრახ ხელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნა ამ ყველაფერს ნათელს ხდის მთელი მსოფლიოსათვის“.

უკრაინას დახმარებას სთავაზობს საქართველოც.

საქართველოს მთავრობა რუსეთის ქმედებებს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე „ღია აგრესიად“ აფასებს - ეს განცხადება მედიასთან სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინას უსწრაფესად უნდა აღმოუჩინოს დახმარება და ის არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ განცხადებებით. ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის ასევე დაეხმაროს მეგობარ ქვეყანას საჭიროების შემთხვევაში:

"ჩვენ ინტენსიურ კონტაქტში ვართ უკრაინელ კოლეგებთან. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახლაც უკრაინაში იმყოფება და თავის კოლეგასთან განიხილავს, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ. ამავე მიზნით ყველა ჩემი კოლეგა თავის პარტნიორ უწყებასთან ინტენსიურ კონტაქტშია", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია და საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა. საჭიროა არ დავიშუროთ ძალისხმევა, რათა უკრაინაში დაისადგუროს მშვიდობამ და სტაბილურობამ...
ირაკლი ღარიბაშვილი

საგანგებო განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც:

„დღეს საფრთხის წინაშე დგას კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დაუშვებელია, რომ სახელმწიფოთა საზღვრები იცვლებოდეს გარე ძალების უხეში ჩარევისა და სამხედრო აგრესიის გზით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი ძალისხმევისაკენ მოვუწოდებთ, ევროპაში ახალი ომის თავიდან ასაცილებლად“.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა თურქეთში ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც:

„აუცილებელია ყველამ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას დაამყაროს წესრიგი და უზრუნველყოს უკრაინის თითოეული მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვა და მათი ღირსეული მომავალი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია და საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა. საჭიროა არ დავიშუროთ ძალისხმევა, რათა უკრაინაში დაისადგუროს მშვიდობამ და სტაბილურობამ“.

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში აღნიშნავს, რომ „საქართველო მყარად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

უკვე ცნობილია ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს უკრაინაში ვიზიტის შედეგებიც. მინისტრის განცხადებით, საქართველო, შეთანხმების თანახმად, უკრაინულ მხარეს დაეხმარება სამედიცინო დახმარების სპეციალური კომპაქტური აფთიაქებით, ტექნიკით, მედიკამენტებით. ასევე გეგმა მოიცავს კონფლიქტის უშუალო არეალში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას.

თენგიზ ფხალაძე
თენგიზ ფხალაძე

„ეს არ არის მხოლოდ ერთი სახლემწიფოს პრობლემა“, - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში თენგიზ ფხალაძეც. - „ეს პრობლემა არ შეიძლება გადავიტანოთ ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში, ისევე როგორც ჩვენი პრობლემები - ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი - არ შეიძლება განვიხილოთ საქართველო-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში. ამ პრობლემის გადასაწყვეტად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ჩართულობა და ძალისხმევა“.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ რუსეთის მთავარი გეგმა ახლა ოდესისაკენ გაჭრა და როგორც შავიზღვისპირეთის, ისე აზოვის ზღვისგან უკრაინის მოკვეთაა:

„თუ რუსეთმა თავისი გეგმა განახორციელა, მას ასევე ექნება სახმელეთო გასასვლელი ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომლის ანექსიაც თებერვალში მოხდა, ხოლო თუ ოდესამდე მივლენ, მაშინ ისინი შევლენ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში და, ფაქტობრივად, რკალს კრავენ“.

ირაკლი ალადაშვილი არ ელის, რომ ან ნატო, ან აშშ თუ დასავლეთის რომელიმე ქვეყანა უკრაინას სამხედრო ძალით დახმარებას გაუწევს. მისი აზრით, გამოსავალი შესაძლოა იყოს ნატოს გარეშე აშშ-ის მიერ უკრაინის (და, ამავე დროს, საქართველოს) თავის მთავარ მოკავშირედ გამოცხადება.

თუმცა, სანამ მსოფლიო თანამეგობრობას უფრო კონკრეტული ნაბიჯი გადაუდგამს, უკრაინაში შეტაკებები გრძელდება. გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის ადამიანის უფლებათა საკითხებში ივან სიმონოვიჩის განცხადებით, 2014 წლის აპრილიდან დღემდე უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკვე 2 593 ადამიანია დაღუპული.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG