Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავიზო რეჟიმი უცხოელებისათვის: გამკაცრება თუ მოწესრიგება?


მოწესრიგება და არა გამკაცრება - ასე აფასებენ საქართველოს მთავრობაში ცვლილებებს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება და საქართველოში შემომსვლელთათვის საჭირო სავიზო პროცედურებსა და ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს შეცვლის. ევროკავშირის, ნატოს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნებული იქნება, ხოლო ქვეყანაში შემოსასვლელი ყველა ტიპის ვიზის ღირებულება 50 დოლარი ეღირება. საქართველოში უვიზოდ ყოფნის 360-დღიანი ვადა კი 180-დღიან პერიოდში 90 დღით შეიცვლება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 აგვისტოს იმ ქვეყნების სიაც გამოაქვეყნა, რომელთა მოქალაქეებსაც მოკლევადიანი მიზნებისათვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლებათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ 26 აგვისტოს იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილება მიგრაციული პროცესების უფრო ეფექტურად მართვას ისახავს მიზნად და რომ ეს ცვლილება აქამდე საქართველოში არსებულმა უკიდურესად ღია პოლიტიკის შედეგად წარმოშობილმა მოუწესრიგებელმა მიგრაციულმა პროცესებმა გამოიწვია.

რა შეიცვლება, კონკრეტულად, საქართველოში მომავალი უცხოელებისათვის? - ვკითხეთ გიორგი ტაბატაძეს.

სიახლეა ის, რომ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს საქართველოს ვიზებს.

იმ უცხოელს, რომელსაც ბინადრობის ნებართვა და შესაბამისი მოწმობა ახალი კანონის ამოქმედებამდე აქვს აღებული, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა შეეძლება უვიზოდ, ბინადრობის ნებართვის მოქმედების მთელ პერიოდში.

ასევე საქართველოს ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.

ახალი კანონით, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა განისაზღვრა 180-დღიან პერიოდში 90 დღით. ეს ცვლილება ეფუძნება ევროკავშირში, კერძოდ, შენგენის სივრცეში არსებულ პრაქტიკას.

მოკლევადიანი ვიზა შესაძლოა იყოს ერთჯერადი, 30 დღემდე მოქმედების ვადით, ან მრავალჯერადი, 5 წლამდე მოქმედების ვადით, 180 დღეში 90 დღის ყოფნის უფლებით.

მოკლევდიანი ვიზის საფუძველზე უცხოელს არა აქვს უფლება მიიღოს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, სამუშაო, სასწავლო და ოჯახის გაერთიანების მიზნით, ან დიპლომატიური აკრედიტაცია.

შემცირდა საქართველოში უვიზოდ ყოფნის 360-დღიანი ვადა.

მოკლევადიანი ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში, თუმცა ეს ვადა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს 30 დღემდე.

ევროკავშირის, ნატოს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნებული იქნება ერთადერთი ცვლილებით - ამ კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებს უფლება ექნებათ საქართველოში უვიზოდ დაყონ არაუმეტეს 90 დღისა 180-დღიან პერიოდში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.

ახალი კანონის თანახმად, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა კვლავაც დაისჯება სისხლის სამართლის წესით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, საკანონმდებლო ცვლილებებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებიც მუშაობდნენ.

იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს უფროსი სოსო გიორგაძე უცხოეთის მოქალაქეების მიმართ ამოქმედებულ სავიზო რეგულაციებზე ამბობს, რომ ეს რეგულაციები მოწესრიგდა, რაც ევროკავშირთან დიალოგისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში აუცილებელი გადასადგმელი ნაბიჯი იყო:

„მიგრაციის პოლიტიკა იქნება უფრო მოწესრიგებული, ვიდრე აქამდე, რაც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მოახდინოს საკითხის ადმინისტრირება, ასევე დაითვალოს შემომსვლელთა რაოდენობა და, ყველაზე მნიშვნელოვანი, ქვეყანას ეცოდინება, აქ მომავალი უცხოელები რა მიზნით მოდიან. ეს კი მხოლოდ მიგრაციის პოლიტიკაზე კი არ აისახება, ეს აისახება ეკონომიკაზე, განათლებაზე და ა.შ.“.

შსს-ს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს სამართლებრივ საკითხთა კოორდინაციისა და ხარისხის მართვის განყოფილების უფროსი კოკა ელიზარიანი კი აცხადებს, რომ საქართველოში უცხოეთის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებულ საკითხებზე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი იმუშავებს. მას ძირითადად დაევალება საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხოელების გამოვლენა და შემდგომი პროცედურების განხორციელება, რაც გულისხმობს: „ უცხოელის დაკავებასა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებას და, თუ საჭირო გახდა, მის გაძევებას ქვეყნიდან“.

26 მაისს ასევე დამტკიცდა იმ ქვეყნების სიაც, რომელთა მოქალაქეებიც მოკლევადიანი მიზნებისათვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლას შეძლებენ. ამ ქვეყნებს შორისაა: ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და ა.შ. სულ 94 ქვეყანა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG