Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიცხე, ყირიმ-კონგო და ებოლა - საფრთხეები და პრევენცია


19 აგვისტოს საქართველოში ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა - 41 გრადუსი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კვირის განმავლობაში ისევ ცხელი ამინდი იქნება, თუმცა მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმებიც. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მაღალი ტემპერატურის პირობებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგი გამართა. მან ასევე ისაუბრა ყირიმ- კონგოს ჰემორაგიულ ცხელებაზე და ებოლას ვირუსზე, კერძოდ კი იმაზე, თუ რამდენად საგანგაშოა ეს დაავადებები საქართველოსთვის.

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა ის რჩევები, რომელსაც ექიმები ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის დროს, იძლევიან, კერძოდ: სიცხეში გარეთ გამოსვლას უნდა მოერიდონ ბავშვები, მოხუცები, ორსულები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. რეკომენებულია მსუბუქი საკვების მიღება და ბევრი წყალი. აკრძალულია სპირტიანი სასმელები.

თბილისში დარჩენილები სიცხეს განსაკუთრებით უჩივიან:

„დღეს თბილისში ძალიან მაგრად ცხელა, 40 გრადუსია თუ მეტი. პარკებში და სკვერებში გავდივართ, თბილისის ზღვაზე ავდივართ, ბაზალეთის ტბაზეც და ამით შეიძლება განიტვირთოს ადამიანი“.

ჩვენთანაც და საერთაშორისო პრაქტიკაშიც არავითარი ნორმატიული აქტი ან რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ამ დროს სამსახურები ჩერდებოდეს, არ არსებობს...
ამირან გამყრელიძე

„სიცხეა, აუტანელი სიცხეა. ველოდებით ამინდი შეიცვალოს, მაგრამ პროგნოზი ჯერჯერობით ჩვენ სასარგებლოდ არ არის“.

გაჩნდა კითხვა, რამდენად კანონიერია მაღალი ტემპერატურის პირობებში მუშაობა. ამირან გამყრელიძის თქმით, მსგავს საკითხს კანონმდებლობა არ არეგულირებს. არსებობს მხოლოდ ერთი ნორმატიული აქტი - 2014 წლის 15 იანვრის მთავრობის დადგენილება.

„ჩვენთანაც და საერთაშორისო პრაქტიკაშიც არავითარი ნორმატიული აქტი ან რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ამ დროს სამსახურები ჩერდებოდეს, არ არსებობს. ჩვენთან არის ერთადერთი ნორმატიულია ქტი, რომელიც არეგულირებს, სამუშაო ადგილზე დამსაქმებელმა რა პირობები უნდა შეუქმნას დასაქმებულს, რომ მაღალმა ტემპერატურამ მისი ჯანმრთელობა არ დააზიანოს“.

გარდა ამისა, აქტუალური თემაა ყირიმ-კონგოს ვირუსი. ამ დაავადებამ წელს საქართველოში სამი ადამიანი იმსხვერპლა. ვირუსი ადამიანს, უმთავრესად, გადაეცემა ტკიპებისა და მსხვილფეხა რქოსანი ცხოველებისაგან. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მარინა დარახველიძის თქმით, ცხოველებთან აუცილებელია რეზინის ხელთათმანებით მუშაობა, ხოლო მინდორსა თუ ვენახში დახურული ტანსაცმლის ჩაცმა.

სხვადასხვა ქვეყნებში უკვე ამოწმებენ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსულ ხალხს და, შესაბამისად, საქართვლოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, თუ განსაკუთრებული შემთხვევა არაა, არ ეწვიონ სიერა-ლეონეს, გვინეას და ლიბერიას...
ვახტანგ ჯაოშვილი

„მოსახლეობა გამოთქვამდა პროტესტს, რომ არ იწამლება მინდვრები და ის ტერიტორიები, სადაც ეს ტკიპა არის გავრცელებული. მე მესმის, რომ გარკვეული ზომები გასატარებელია, მაგრამ მანამდე მოსახლეობას ვურჩევ, თავად მიიღონ ზომები, რომლებიც მათ აარიდებთ ამ მძიმე სნეულებით დასნებოვნებისაგან“.

კიდევ ერთი: რამდენად სახიფათოა საქართველოსთვის ვირუსი ებოლა, რომელმაც აფრიკაში 2 127 დაავადებულიდან 1 145 ადამიანი შეიწირა? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აგვისტოში ებოლას მიმდინარე ეპიდემია საერთაშორისო მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსი გავრცელებულია ოთხ ქვეყანაში: ლიბერია, გვინეა, სიერა-ლეონე და ნიგერია.

ვახტანგ ჯაოშვილმა, საქართველოს ელჩმა ეთიოპიაში, ჯერ კიდევ 6 აგვისტოს მოუწოდა მოსახლეობას თავი შეიკავონ აღნიშნულ ქვეყნებში გამგზავრებისგან:

„სხვადასხვა ქვეყნებში უკვე ამოწმებენ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსულ ხალხს და, შესაბამისად, საქართვლოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, თუ განსაკუთრებული შემთხვევა არაა, არ ეწვიონ სიერა-ლეონეს, გვინეას და ლიბერიას“.

ამირან გამყრელიძის თქმით, ებოლასგან თავის დასაცავად სათანადო ზომებია მიღებული:

„საბაჟოს და შემოსავლების სამსახურს საზღვრებზე ჰყავთ შესაბამისი პერსონალი, რომელთაც დარიგებული აქვთ სამახსოვროები. ეს სამახსოვროები ურიგდებათ ყველა ამ რისკის ქყეყნიდან შემოსულს, მათი მისამართები გადმოეცემა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. ამ დროისთვის რისკის ქვეყნებიდან შემოსულია სულ რვა ადამიანი - შვიდი ნიგერიიდან და ერთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ლიბიიდან დაბრუნდა უკან და მათ ვაკვირდებით“.

ებოლას ვირუსი ვრცელდება პირდაპირი გზით, დაავადებული ადამიანის ბიოლოგიური სითხეების მეშვეობით (სისხლი, შარდი, განავალი, ნერწყვი და სხვა გამონადენი) ან საგნებით, მაგალითად, შპრიცებით.

ებოლა არ ვრცელდება ჰაერით, საკვებითა და წყლით.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG