Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შვიდეული“ რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრა


„რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსვლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის ხელშემწყობი მოქმედებები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. ეს მოქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც ყველა ქვეყანას უნდა აშფოთებდეს“, - აცხადებენ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები. მათ მოუწოდეს რუსეთს აღიაროს უკრაინის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, დაასრულოს უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანა და შეაჩეროს უკრაინაში იარაღისა და მეომრების შედინება. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამუშაო სადილის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება მეტად ვეღარ გაუარესდება და დასავლეთის ლიდერები მზად არიან რუსეთზე ზეწოლისთვის, რათა მან ვითარების განსამუხტად გამოიყენოს თავისი ზეგავლენა პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებზე. ზუსტად იგივე გაიმეორა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა:

„თუკი ვერ დავინახავთ პროგრესს საკითხების გადაჭრაში, არსებობს კიდევ უფრო მძიმე - მესამე ფაზის - სანქციების დაწესების შესაძლებლობა. ჩვენ ვერ დავუშვებთ უკრაინაში ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას“.


იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის სუვერენულ საქმეებში დაუშვებელ ჩარევას აქვს ადგილი, ჩვენ უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მხარეზე ვართ...
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდგომ მოსკოვი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა უარი თქვეს ჩასულიყვნენ სოჭში და მონაწილეობა მიეღოთ ე.წ. „დიდ რვიანის“ სამიტში. ამის ნაცვლად შვიდეულის შეხვედრა გადაწყდა რუსეთის გარეშე ბრიუსელში. თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს შეხვდება 6 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავის ფარგლებში. საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეულია უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც, თუმცა მასა და ვლადიმირ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები მიესალმნენ უკრაინის პრეზიდენტად პეტრო პოროშენკოს არჩევას და მოუწოდეს მას, იზრუნოს უკრაინის მთელ მოსახლეობაზე. „იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის სუვერენულ საქმეებში დაუშვებელ ჩარევას აქვს ადგილი, ჩვენ უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მხარეზე ვართ“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაცია 7 ივნისს გაიმართება კიევში. მასში მონაწილეობა უკვე დაადასტურა ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG