Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი განაგრძობს უკრაინის დანაწევრებას


მოსკოვი ძლიერ დაინტერესებულია იმ შედეგების დროული რეალიზებით, რაც 11 მაისს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გამართულმა ე.წ.-მა რეფერენდუმებმა გამოავლინა. რის მიღწევას ცდილობს რუსეთი დამოუკიდებლობის გამოცხადების წახალისებით დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში და რამდენად საფრთხილოა ეს საქართველოსთვის?

რუსეთში ყურადღებით აკვირდებოდნენ რეფერენდუმებისთვის მზადებისა და ჩატარების პროცესს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო ”იტარ ტასი” ავრცელებს. კრემლი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ, კიევის ძალადობის მიუხედავად, რეფერენდუმებში მონაწილეთა მაღალი აქტივობა გამოვლინდა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საარჩევნო კომიტეტების ცნობით კი, დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა ხმის მისაცემად მისული მოსახლეობის 90%-ზე მეტმა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა 12 მაისს, მოსკოვი შემდგომი ნაბიჯების მოლოდინშია:

”ჩვენ პატივს ვცემთ მოხახლეობის ნების გამოხატვას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. ველით, რომ ხმის მიცემის შედეგების პრაქტიკული რეალიზება მოხდება ცივილიზებული გზით, ძალადობის შემდგომი გამოვლინების გარეშე... დიალოგი უნდა შედგეს კიევის, დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებს შორის”.

ფაქტია, რომ მოსკოვი ჯერჯერობით არაფერს ამბობს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებაზე, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა, დასავლეთის ზეწოლის ფონზე, ერთგვარი ტაიმ-აუტი აიღო, ხოლო როცა რუსეთი ხელსაყრელ დროს იპოვის, ის არათუ აღიარებს, არამედ შეიძლება, ყირიმის მსგავსად, მიიერთოს კიდეც.
რუსეთი ისეთ დონეზეა გაღიზიანებული, რომ მას საქართველო კი არა, დასავლეთიც ვერ აჩერებს ელემენტარულად. დღეს გაცილებით უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე იყო ცივი ომის პერიოდშიც კი...
ვახტანგ მაისაია

როგორც ანალიტიკოსების დიდი ნაწილისთვის, პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიასთვისაც ფაქტია, რომ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე გავლენის შენარჩუნების სურვილით, რუსეთი უკრაინის დანაწევრების გეგმას განაგრძობს. გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთის უახლოესი პერიოდის პრიორიტეტი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლაა, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, ის, ვახტანგ მაისაიას აზრით, დღეს ქვეყანა ”შიშველი აგრესიის” წინაშე დგას და ამ აგრესიისგან დაცვის ერთადერთი იმედი კვლავ ნატოს უკავშირდება. მართალია, ამ ეტაპზე შედეგს არ მოელის, მაგრამ, პოლიტოლოგი სავსებით ეთანხმება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას წინადადებას, რომ საქართველოში ალიანსის თავდაცვითი საშუალებები განთავსდეს. ვახტანგ მაისაიას ნაკლებად ესმის მათი, ვინც რუსეთთან ”დაყვავების” პოლიტიკას მიმართავს და მის გაღიზიანებას ერიდება:

”რუსეთი ისეთ დონეზეა გაღიზიანებული, რომ მას საქართველო კი არა, დასავლეთიც ვერ აჩერებს ელემენტარულად. დღეს გაცილებით უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე იყო ცივი ომის პერიოდშიც კი. ანუ ეს არის ნეო ცივი ომი, რომელიც გაცილებით უფრო აგრესიულია და სისხლიან ლაქებს ტოვებს”.
შეიძლება ძალის კონცენტრაციას რუსეთი ამჟამად უკრაინის მიმართულებით ახდენს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჯერჯერობით რუსეთს აქვს რესურსი, რომ სხვა ქვეყნებზეც მოახდინოს ზეგავლენა, მათ შორის - საქართველოზე...
ნიკა ჩიტაძე

ბევრი ანალიტიკოსის მსგავსად, ნიკა ჩიტაძისთვისაც ცხადია, რომ უკრაინის დანაწევრებით რუსეთი ძალის დემონსტრირებას ცდილობს და ის უკვე ღიად უპირისპირდება დასავლეთს. როგორც “საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ის არ ეთანხმება აზრს, თითქოს უკრაინის პრობლემებში ჩაფლულ რუსეთს საქართველოსთვის აღარ სცალია:

”შეიძლება ძალის კონცენტრაციას რუსეთი ამჟამად უკრაინის მიმართულებით ახდენს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჯერჯერობით რუსეთს აქვს რესურსი, რომ სხვა ქვეყნებზეც მოახდინოს ზეგავლენა, მათ შორის - საქართველოზე. სამწუხაროდ, რუსეთს საქართველო არ დაუვიწყებია. ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეების გატაცებები გორის რაიონიდან თუ საჩხერის რაიონიდან, ეს ყველაფერი ამას უკავშირდება, რა თქმა უნდა”.

ნიკა ჩიტაძის აზრით, რუსეთს აქვს გამოკვეთილი სურვილი დასაჯოს საქართველო საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის გამო.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG