Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებას ეთნიკურ უმცირესობათა ხმა მისწვდა


ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების წარმომადგენლებმა თბილისში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს რეგიონში არსებული პრობლემები გააცნეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე 21 სოფელში არსებულ იმ გადაუჭრელ საკითხებზე მსჯელობდნენ, რის თაობაზე ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენაც ეთნიკურმა უმცირესობებმა აქამდე ვერ შეძლეს.

როგორც ორგანიზაცია „რეგიონალური განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სოფრომაძე ამბობს, ენობრივი ბარიერისა და ძირითადად სოფლებსა და მუნიციპალიტეტებს შორის არსებული მანძილის გამო, ეთნიკური უმცირესობების სოფლის მცხოვრებთა პრობლემების მოგვარება ყოვნდება. ლიზა სოფრომაძის თქმით, მეტი დეცენტრალიზაციისა და სოფლის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა პრობლემების მოგვარების დაწყების გარანტი იქნებოდა:

„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს შეხვდეს, გაერკვეს პრობლემებში, ცენტრალური ხელისუფელბა ნაკლებად ახერხებს ასეთი შეხვედრების ორგანიზებას. პრობლემები, რომლებიც სოფელს აქვს, სამწუხაროდ, მარტო ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ვერ წყდება და ძალიან ბევრი საკითხი ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა“.
ამ მექანიზმების დახვეწაზე მუშაობის თვალსაზრისით, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამ კონფერენციის აზრი...
მამუკა აბულაძე

იმას, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასა და სოფლის მოსახლეობას შორის ინფორმაციის გაცვლის გარკვეული დეფიციტი მართლაც არსებობს, ადასტურებს მამუკა აბულაძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა კომუნიკაციის გამარტივებაც უნდა უზრუნველყოს:

„ამ მექანიზმების დახვეწაზე მუშაობის თვალსაზრისით, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამ კონფერენციის აზრი, თვითონ ეთნიკური უმცირესობების აზრი, რომ ჩვენ შემდგომში კანონპროექტში ავსახოთ უფრო სრულყოფილი ფორმები მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და უფრო მიზანმიმართულად იყოს სახელმწიფო სახსრები გამოყენებული მოსახლეობის პრობლემების გადასაწყვეტად“.

მამუკა აბულაძე გვიხსნის, თუ რა პრინციპით იღებს ინფორმაციას სამინისტრო სოფლის საჭიროებების შესახებ, რისთვისაც შემდეგ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსები გამოიყოფა. სოფლის რწმუნებული ატარებს სოფლის კრებას და ამ სოფლის კრების ოქმის საფუძველზე მიიღება მუნიციპალიტეტების რეკომენდაციით გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად სოფლის რა პრობლემა უნდა გადაწყდეს. ამ პროგრამით, წელს 50 მილიონი ლარი იხარჯება საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, არსებობს რეგიონალური პროექტების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც წელს პირველ ეტაპზე 140 მილიონი ლარით ფინანსდება. ეს თანხა უფრო მსხვილი პროექტების დაფინანსებას ხმარდება. რეკომენდაციას ამ პრობლემათა მოგვარების თაობაზე სოფლის რწმუნებული იღებს, სოფლის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად, და რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ მექანიზმის სრულყოფაზეც ფიქრობს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში ეთნიკური კუთხით პრობლემა არ არსებობს, - იმავე პირობებში ცხოვრობენ ქართულ სოფლებშიც, - მაგრამ 21-ე საუკუნეში სასმელი წყალი არასაკმარისია, „ვედრებით“ ვეზიდებით, ბაგა-ბაღი საერთოდ არ არის...
ხაჩატურ ჩახოიანი

მაგრამ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის სათემო კავშირის თავმჯდომარის, ხაჩატურ ჩახოიანის თქმით, სოფელში არსებული მთავარი პრობლემის - სარწყავი სისტემის -მოგვარებას სამინისტროს ჩარევის გარეშე ვერ შეძლებენ:

„ახალციხის მუნიციპალიტეტში ეთნიკური კუთხით პრობლემა არ არსებობს, - იმავე პირობებში ცხოვრობენ ქართულ სოფლებშიც, - მაგრამ 21-ე საუკუნეში სასმელი წყალი არასაკმარისია, „ვედრებით“ ვეზიდებით, ბაგა-ბაღი საერთოდ არ არის, სკოლა გასული საუკუნის 40-იანი წლებშია აშენებული და თანამედროვე სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ძირითადად - ჰიგიენურ-სანიტარულ სტანდარტებს“.

სოფელ იორმუღანლოს მკვიდრის კაზანფარ მამედოვის თქმით კი, ინფრასტრუქტურული პრობლემების შემდეგ, - მათ შორის, როგორიცაა გზის, სპორტული მოედნის ან სარწყავი სისტემის მშენებლობა, - მთავარ პრობლემად ენის შესწავლისა და, ზოგადად, განათლების მიღების პრობლემა რჩება და, მიუხედავად გარკვეული ღონისძიებებისა, რაც ქართული ენის შესწავლას უკავშირდებოდა, წინ საქმე არ წასულა:

„რეალურად არავინ დაინტერესებულა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა ქართული ისწავლონ. ქართულის სწავლა და განათლების მიღება ერთმანეთში გვაქვს არეული, იმიტომ რომ დღეს იორმუღანლოში მასწავლებლების 70% ქართულენოვანია, რომელმაც აზერბაიჯანული არ იცის, ბავშვებმა კი ქართული არ იციან. გაკვეთილს რომ დაესწროთ, სასაცილოა, მაგრამ თან სატირალია. ჩვენთვის სატირალია. სასაცილოა, ალბათ, იმ ხალხისთვის, ვისაც ჩვენ ვეჯავრებით“.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა თქმით, მათთვის პრობლემურია ასევე სოფლის საჭიროებებისთვის პრიორიტეტების მინიჭების საკითხიც, რადგან მწირი დაფინანსება რამდენიმე მოუგვარებელ საკითხს ერთდროულად ვერ სწვდება, ერთი კონკრეტულის შერჩევა კი ხშირად სოფლის მკვიდრთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამ მხრივ, მათი თქმით, სპეციალური უნარებით აღჭურვაც სასარგებლო იქნებოდა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG