Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 15 აპრილი


ჟურნალი „კომერანსტ ვლასტ“ აქვეყნებს ოლგა ალიონოვას სტატიას, რომელიც შეეხება ჟურნალისტის მოგზაურობას კონფლიქტის ზონაში. სტატიის შესავალში ნათქვამია, რომ ალიონოვა გადავიდა ჯებირის მეორე მხარეს, გადავიდა საზღვარზე, რომელსაც ახლა ინტენსიურად აშენებენ, და შეეცადა გაეგო, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები საზღვრის მეორე მხარეს. ოლგა ალიონოვა წერს: „არ არის ნდობა, არ არის პატივისცემა და არ არის სურვილი მოუსმინონ და დაელაპარაკონ ერთმანეთს. უკვე მეხუთე წელია მხარეები ერთმანეთს ნეიტრალურ მოედანზე, ჟენევაში, ხვდებიან, რომ როგორმე მიიღონ გადაწყვეტილება ძალის არგამოყენების შესახებ. უკვე მეხუთე წელია ასეთი შეთანხმება ხელმოუწერელია. აქ მოუგვარებელია მარტივი საყოფაცხოვრებო საკითხებიც კი, მინდვრის სამუშაოები და გაზმომარაგება. საბოლოოდ, საირიგაციო არხები ცარიელია, წყალი არ არის და მოსავლის აღება მოსახლეობისთვის კვლავ პრობლემა იქნება. ჯერ კიდევ არ მიეწოდება გაზი რაიონს, რომელსაც ქართული მხარე ახალგორს ეძახის, სამხრეთ ოსეთში კი მას ლენინგორად მოიხსენიებენ. ამ რაიონში მოსახლეობის უმეტესობას ქართველები შეადგენენ, თუმცა ომის შემდეგ ის სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა“.

ჟურნალისტი წერს საზღვარზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ის ამბობს, რომ სოფლები „ჭადრაკის პრინციპითაა“ განლაგებული და რთულია გაარჩიო რომელ სოფელში რომელი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს და, ამავდროულად, რომელი მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზეა ეს სოფელი. საზღვრის გაყოფის მიზნით დიდი ხანია შენდება გამყოფი ხაზი, რომლის შესახებაც ალიონოვა ვრცლად საუბრობს. ჟურნალისტს ასევე მოჰყავს შემთხვევა სოფელ ხურვალეთიდან, სადაც სოფლის ერთი მცხოვრების სახლი საზღვრის მეორე მხარეს აღმოჩნდა. მთლიანად სოფელი ქართულ მხარეს დარჩა, თუმცა გამყოფმა ხაზმა სოფელში მდებარე ერთი სახლი და მისი მცხოვრები ოსურ მხარეს დატოვა. ალიონოვა ესაუბრა ამ სახლში მცხოვრებ 80 წლის დათო ვანიაშვილს, რომელიც ჰყვება კონფლიქტის ზონაში ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ.

ოკუპირებული ტერიტორიებისა და საზღვრის მიღმა დარჩენილი ოჯახების შესახებ საუბარი გაგრძელდა გაზეთ „კომერსანტში“, სადაც გამოქვეყნდა ინტერვიუ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან. მინისტრს გიორგი დვალი ესაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ ექცევა საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირებს ან პირებს, რომელთა სახლებიც საზღვრის მეორე მხარეს აღმოჩნდა, ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ სახელმწიფო ყველა იძულებით გადაადგილებული პირის დახმარებას ცდილობს, თუმცა რაც შეეხება ზარალს, რომელიც ოჯახებს მიადგათ სამეურნეო მიწების დაკარგვისას, მას სახელმწიფო არ ანაზღაურებს. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ადრე თუ გვიან დადგება დრო, როცა შესაძლებელი იქნება აღვადგინოთ კავშირები, გადავიდეთ გამყოფ ხაზზე, მოვინახულოთ სახლები და აღვადგინოთ მეურნეობა“ , - აცხადებს ზაქარეიშვილი.

რუსეთის პრესაში კიდევ ერთი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე იყო. „იზვესტია“ აქვეყნებს ინტერვიუს პრემიერ- მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან. საუბარი ჟურნალისტ მიხეილ ვიგნანსკისთან შეეხო პრაღაში დაგეგმილ აბაშიძე-კარასინის შეხვედრას, რომელიც ჯერ კიდევ 14 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო და ახლა აპრილის შუა რიცხვებისთვის არის დაგეგმილი.

აბაშიძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას ელის პრაღაში გასამართი შეხვედრიდან, უპასუხა: „რუსეთის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ შესაძლებელია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივება და ამაზე სოჭის ოლიმპიადის შემდეგ იმუშავებდა, თუმცა ჯერ არაფერი გაკეთებულა. ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის აპირებს რუსეთი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. თბილისში რუსეთის ვიზის მიღება ჯერ კიდევ ძალიან რთულია და ეს საგრძნობლად ართულებს როგორც ჰუმანიტარულ და ადამიანურ ურთიერთობებს, ასევე ბიზნესურთიერთობებსაც“.
XS
SM
MD
LG