Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის აღმოსავლეთში ცენტრალურ ხელისუფლებას უჭირს წესრიგის აღდგენა


დონეცკი
დონეცკი
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ორშაბათ ღამით, სპეცოპერაციის შედეგად, სეპარატისტულად განწყობილ აქტივისტებს დაატოვებინეს ხარკოვის და დონეცკის საოლქო ადმინისტრაციისა და უშიშროების ქვედანაყოფის შენობები. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დასავლეთის ქვეყნებმა და ნატომ დაადანაშაულეს რუსეთი, რომელიც, თავის მხრივ, კიევს აფრთხილებს, რომ ძალის გამოყენებამ, შესაძლოა, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს.

ავაკოვმა ხარკოვში წარმატებული ოპერაცია ჩაატარა

კიევიდან ჩაყვანილმა პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილმა პრორუსულად განწყობილი დემონსტრანტებისაგან ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის შენობა ძალიან სწრაფად გაათავისუფლა. სპეცოპერაციას, რომლის დროსაც 70-მდე დემონსტრანტი დააკავეს, უშუალოდ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი ხელმძღვანელობდა.

„შენობა განთავისუფლებულ იქნა 18 წუთში. დაკავებულია, დაახლოებით, 70 კაცი, ამოღებულია იარაღი, ხანძარი ჩამქრალია. ამ წუთისათვის ადმინისტრაციის შენობა კონტროლდება, დაყენებულია შეიარაღებული დაცვა. დაკავებულია, სხვათა შორის, ხარკოვის სეპარატისტული ჯგუფის ლიდერი ბატონი ლოგინოვი და რიგი ამხანაგებისა, რომელთა შორის, ჩვენთვის მოულოდნელად, ძალიან საინტერესო პირები აღმოჩნდნენ“.
ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ჩვენთან ნაციონალისტები პროდასავლურ და პროამერიკულ პოლიტიკას ატარებენ და მათ ინტერესებს იცავენ. მაგრამ შევცდი. გავიხსენოთ, ვინ და როდის იკავებდა შენობებს და ადმინისტრაციას...
პეტრო სიმონენკო

ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში სეპარატისტული გამოსვლების შესაჩერებლად უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, „ვერხოვნა რადამ“, ცვლილება შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში, რომელიც, ახალი რედაქციით, სეპარატიზმისათვის 10-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკრაინელმა კომუნისტებმა ნაციონალისტები რუსული სცენარით მოქმედებაში „ამხილეს“

ამასთან, 8 აპრილის სხდომას უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში მოჰყვა ხელჩართული ჩხუბი კომუნისტური ფრაქციის წევრებსა და ნაციონალისტურ პოზიციებზე მდგომი „თავისუფლების“ პარტიის წევრებს შორის, რომლებმაც ტრიბუნიდან ჩამოაგდეს კრიტიკის ეშხში შესული კომუნისტების ლიდერი პეტრო სიმონენკო.

„ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ჩვენთან ნაციონალისტები პროდასავლურ და პროამერიკულ პოლიტიკას ატარებენ და მათ ინტერესებს იცავენ. მაგრამ შევცდი. გავიხსენოთ, ვინ და როდის იკავებდა შენობებს და ადმინისტრაციას. დაგავიწყდათ ეს, ბატონო ნაციონალისტებო?! განა თქვენ არ მიეცით სცენარი და უჩვენეთ მაგალითი?! აქედან გამოდის, რომ თქვენ არა ამერიკელების სცენარს, არამედ უკრაინის დამოუკიდებლობის განადგურების, უკრაინის გახლეჩის და უკრაინის გაძარცვისკენ მიმართულ რუსეთის ფედერაციის სცენარს ახორციელებდით“.
არსებობს მყარი სამხილი ვივარაუდოთ, რომ ამ დემონსტრანტებს ფული გადაუხადეს და ისინი არ იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლები...
ჯეი კარნი

დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილი მოქალაქეების მიერ დაწყებულ საპროტესტო აქციებსა და ადმინისტრაციული შენობების დაკავებას რუსეთის მიერ ორგანიზებულად მიიჩნევენ.

7 აპრილს თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ უკრაინის სამხერთ-აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს „რუსეთის მზარდი ზეწოლის შედეგი“ უწოდა:

„ჩვენ დავინახეთ, რომ პრორუსულად განწყობილმა დემონსტრანტებმა დაიკავეს სამთავრობო შენობები აღმოსავლეთ ქალაქებში - ხარკოვში, დონეცკსა და ლუგანსკში - და არსებობს მყარი სამხილი ვივარაუდოთ, რომ ამ დემონსტრანტებს ფული გადაუხადეს და ისინი არ იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლები“.

პარიზში 8 აპრილს ნატოს ტრანსფორმაციისადმი მიძღვნილ სემინარზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ „ევროპის უსაფრთხოებისათვის უდიდესი ეპოქალური გამოწვევა უწოდა“.

რუსეთი კვლავ უკრაინის ფედერალიზაციას ემხრობა

7 აპრილს გამართულ სატელეფონო საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გააფრთხილა, რომ უკრაინის შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობა რუსეთს „ძვირად დაუჯდება“. სერგეი ლავროვმა კი კოლეგასთან საუბარში კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინაში ირღვევა ეთნიკური რუსების უფლებები, ხოლო პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო რეფორმებით, რაც რეგიონებს მეტ უფლებებს მიანიჭებს. ამასთან, ლავროვმა გააფრთხილა კიევი, რომ არ გამოიყენოს ძალა პრორუსულად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

უკრაინის ხელისუფლება, რომელიც სეპარატიზმის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებით იმუქრება, ჯერჯერობით არ აპირებს შტურმს დონეცკში, სადაც ანტისახელისუფლებო დემონსტრაციის მონაწილეებს საოლქო ადმინისტრაციის შენობა აქვთ დაკავებული. შეტაკების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცველებმა 8 აპრილს დატოვეს ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც სეპარატისტულად განწყობილი აქტივისტები აკონტროლებენ. ვითარება ასევე დაძაბულია ქალაქ ლუგანსკში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების სამინისტროს რეგიონალურ ოფისში გამაგრებულმა პრორუსულმა დაჯგუფებებმა შენობაში „ლუგანსკის რესპუბლიკის პარლამენტის“ შექმნა გადაწყვიტეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სეპარატისტულად განწყობილი აქტივისტების მხარდასაჭერად სევასტოპოლიდან სპორტული აღნაგობის რამდენიმე ათეული კაცი ჩავიდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG