Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას ბრიუსელის სიტყვა


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ბრიუსელის სიტყვა, რომელსაც ბევრი ადამიანი მოელოდა, განსაკუთრებით უკრაინაში, ძალიან შთამბეჭდავი იყო, თუმცა მოკლებული იყო კონკრეტიკას ვაშინგტონის პოლიტიკური ნაბიჯების თაობაზე, რასაც ანალიტიკოსთა ნაწილი აშშ-ის ლიდერს ნაკლად უთვლის, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ობამამ ახალი მძლავრი მესიჯი გაახმაურა.

ოთხშაბათს ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისადმი მიძღვნილ სიტყვაში ბარაკ ობამას დასავლეთისათვის ახალი არაფერი შეუთავაზებია უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, თუმცა მხარდაჭერის მძლავრი სიგნალი გაუგზავნა მოსკოვის წინააღმდეგ ევროპელ მოკავშირეებსო, - ამბობს ელჩი ჯეიმს კოლინზი, რომელიც ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს რუსეთში აშშ-ის ელჩად მუშაობდა:

„ეს იყო სიტყვა, რომელშიც აღინიშნა, რომ ჩვენ ამით გრძელ გზას დავადექით და ამას დრო დასჭირდება“.
ობამას სიტყვა აშშ-ისა და ევროპის საერთო ფასეულობების დაცვის, თავისუფლების დაცვის მნიშვნელობისა და ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, გარკვეული თვალსაზრისით, ცოტათი წააგავდა რონალდ რეიგანის სიტყვას...
უილიამ ტობი
ობამას სიტყვამ ბრიუსელში, ალბათ, იმედი გაუცრუა იმ ადამიანებს, რომლებიც მოელოდნენ ახალ სანქციებს, რასაც აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ ამზადებდა, თუკი მოსკოვი გააგრძელებდა აგრესიულ კურსს.

ამის ნაცვლად, ბარაკ ობამამ ევროპელ მოკავშირეებს ნატოს მხრიდან მათი ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და მოსკოვზე ზეწოლის გაგრძელების მტკიცე გარანტია მისცა. ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი მიძღვნილი ობამას სიტყვის თემატიკა, დიდი ანგარიშით, არ იყო ახალი, თუმცა ბოლო 25 წლის განმავლობაში იგი ახლებურად გაისმაო, - ამბობს უილიამ ტობი, პოლიტიკისა და შეიარაღების კონტროლის ექსპერტი:

„ობამას სიტყვა აშშ-ისა და ევროპის საერთო ფასეულობების დაცვის, თავისუფლების დაცვის მნიშვნელობისა და ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, გარკვეული თვალსაზრისით, ცოტათი წააგავდა რონალდ რეიგანის სიტყვას“.

თუმცა ყველა ასე როდის ფიქრობს. ბარაკ ობამას ბრწყინვალე ორატორულ გამოსვლას აკლდა პოლიტიკური შინაარსი და მისი მოსმენა იმედს გაუცრუებდა კიევში მყოფ ადამიანებს, მოსკოვში კი ობამას სიტყვაზე მხოლოდ გაეცინებოდათ, - ამბობს ვაშინგტონში არსებული სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი ენდრიუ კუჩინსი.

აშშ-ის ლიდერის სიტყვას ოთხშაბათს ძირითადად ახალგაზრდებისაგან შემდგარი 200 ათასკაციანი აუდიტორია ისმენდა. სწორედ ამიტომ არჩია ბარაკ ობამამ ევროამერიკული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბარი და გვერდი აუარა კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებზე საუბარსო, - მიიჩნევს ელჩი ჯეიმს კოლინზი.
XS
SM
MD
LG