Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები და ტექნოლოგიები


გუგლისა და GDG - გუგლის დეველოპერთა ჯგუფის ორგანიზებით, მარტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართებოდა ღონისძიება „Women Techmakers Tbilisi”. 29 მარტს კონფერენცია თბილისშიც ჩატარდა. მისი მიზანი იყო გაეცნო საზოგადოებისთვის ქალები, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობენ და დაემსხვრია სტერეოტიპები, თითქოს ინფორმაციული ტექნოლოგიები მხოლოდ მამაკაცების საქმეა.

კონფერენციის შესახებ GDG თბილისის მენეჯერი და ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნინო ნანიტაშვილი, საუბრობს:

„ეს ღონისძიება არის გუგლის გლობალური ინიციატივა, რომელიც მარტის თვეში ხორციელდება მსოფლიოს 120-ზე მეტ ქალაქში. მთავარი მიზანი არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ქალების ჩართულობას ამ სფეროში, იმიტომ რომ IT პოზიციების უმეტესობა მამაკაცების მიერაა დაკავებული. ეს არის არა იმდენად დამსაქმებლის პრობლემა, რამდენადაც თვითონ ქალების, რომელთა ცნობიერება ნაკლებადაა მზად საიმისოდ, რომ ადგნენ და გადაწყვიტონ გახდნენ პროგრამისტები ან აირჩიონ ეს მომავლის კარიერად და ცხოვრების გზად. ჩვენ ამ ღონისძიებით გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ქალ ლიდერებს, რომლებიც არიან ახლა ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში და მათი წარმოჩენით შთაგონება და მოტივაცია მივცეთ ახალგაზრდებს და დამწყებებს“.

გუგლის მასობრივი პროექტი, რომელიც გეგმავს როგორმე წაახალისოს ქალების ჩართულობა ტექნოლოგიების სფეროში, უფრო და უფრო აქტიური ხდება. აშშ-ის ეკონომიკისა და სტატისტიკის ადმინისტრაციის კვლევების მიხედვით, მამაკაცებს ტექნოლოგიების სფეროში 25%-ით მეტი სამუშაო ადგილი აქვთ, ვიდრე ქალებს. გუგლის წამოწყების მიზანიც სწორედ ამ დისბალანსის შეცვლაა. კამპანიის ფარგლებში ეწყობა კონფერენციები და ჰაკათონები, გუგლი მიესალმება ასევე ქალების მიერ შექმნილ ახალ პროექტებსაც. „Woman 2.0“-ის კვლევების მიხედვით, დისბალანსს „start up”-ების შემთხვევაშიც ვხვდებით - მსხვილ კომპანიებში წარმოდგენილი ახალი პროქეტების 5%-ზე ნაკლებია ქალების მიერ შექმნილი.
მე ვფიქრობ, რომ კონფერენციაზე დამსწრე ბევრი პროგრამისტი უკვე შემდგარი და წარმატებულია და, მათ შემხედვარეს, რატომაც არა, რატომ არ უნდა შეგეძლოს, თუ სწავლობ და შრომობ?! ...
ნანა გვათუა

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტექნოლოგიების სფეროში ცოტა ქალს შეხვდებით, მისაბაძი მაგალითების ნაკლებობაა, თუმცა კონფერენცია ცდილობს ეს სტერეოტიპიც დაამსხვრიოს. „Women Techmakers”-ის დამსწრეებს შეეძლოთ წარმატებული ქართველი დეველოპერი ქალებისთვისაც მოესმინათ. კონფერენციაზე ნაჩვენები იყო ვიდეო სალომე ვახტანგაძის, რომელიც უკვე მესამე წელია გუგლში მუშაობს.

ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი იყო ნანა გვათუა, პროგრამისტი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროექტზე მუშაობს. პროგრამისტის აზრით, მიუხედავად იმისა, თუ როგორი სტერეოტიპებია საზოგადოებაში, ტექნოლოგიების სფეროში ქალებს შეუძლიათ კონკურენტუნიარიან გარემოში წარმატებას მიაღწიონ:

„მე ვფიქრობ, რომ კონფერენციაზე დამსწრე ბევრი პროგრამისტი უკვე შემდგარი და წარმატებულია და, მათ შემხედვარეს, რატომაც არა, რატომ არ უნდა შეგეძლოს, თუ სწავლობ და შრომობ?! პრობლემა ისაა, რომ საკმაოდ მძიმე სამუშაოა, იქიდან გამომდინარე, რომ გიწევს ძალიან ბევრი ღამის გათენება, გიწევს შაბათ-კვირას მუშაობა, ხანდახან ვერ ისვენებ, ხანდახან შეიძლება გვიან ღამით დაგირეკონ, რომ იქ რაღაც გაფუჭდა და შეიძლება მოგიწიოს უცებ გაკეთება, მაგრამ, საბოლოოდ, შედეგი მაინც ღირს ამ მუშაობად, რადგან ყველაზე მთავარი ისაა, რომ არის კარგი ანაზღაურება, გაფასებენ როგორც პროფესიონალს და არ უნდა შეგეშინდეს პასუხისმგებლობის. იმიტომ რომ ვარ ქალი დეველოპერი, ეს გაკვირვებას იწვევდა, მაგრამ არასდროს ამის გამო ნაკლები პასუხისმგებლობა არ მიგრძვნია“.
კონფერენციაზე გამომსვლელები ცდილობდნენ მეტი ესაუბრათ მიზეზებზე, თუ რატომ მიიჩნევა ტექნოლოგიები მამაკაცების სფეროდ. საუბარი იყო კვლევებზე, წარმატებულ პროგრამისტ ქალებზე, მომხსენებლები წარმოადგენდნენ საკუთარ დაკვირვებებს და პროექტებსაც. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები - ამ მიზეზს ყველაზე ხშირად მოისმენდით მომხსენებლებისგანაც და კონფერენციის დამსწრეებისგანაც. სწორედ სტერეოტიპები მიიჩნევა მთავარ მიზეზად, რის გამოც ქალები უფრო იშვიათად ირჩევენ განათლების მიღების დროს ტექნიკურ საგნებს, ვიდრე მამაკაცები.

კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერი იყო ჟურნალისტი ნინო ნატროშვილი, რომელიც ტექნოლოგიებზე მუშაობს. ჟურნალისტის აზრით, ასეთი გენდერული დისბალანსის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებია:

„საქართველოშიც არის ზუსტად ეს სტერეოტიპები, რომ ბიჭებს უფრო მეტი ტექნიკური უნარები აქვთ, ბიჭებს უფრო გამოსდით მათემატიკა და ეს იმ შემთხვევაში, როცა თანაბარი აკადემიური მოსწრება აქვთ გოგოს და ბიჭს. სამწუხაროდ, გოგონები, მიუხედავად იმისა, რომ კარგი აკადემიური მოსწრება აქვთ და კარგი უნარები აქვთ, ნაკლებად მიდიან IT კარიერაში. ამის მიზეზი არის ის, რომ ოჯახი და საზოგადოება კვლავინდებურად ზემოქმედებს მათ არჩევანზე. კვლავინდებურად ის, რომ „ეს ქალის საქმე არ არის“ - ძალიან ბევრ გოგონას შეიძლება ჰქონდეს სურვილი, მაგრამ ამ სტერეოტიპის გამო არ აირჩიოს ტექნოლოგიები“.
ნინო ნატროშვილის აზრით, ქალების ტექნოლოგიების სფეროში ჩართულობას მსგავსი კონფერენციები ხელს შეუწყობს. ჟურნალისტი თვლის, რომ ისეთი დიდი კომპანიების დაინტერესება დეველოპერი ქალებით, როგორიცაა, მაგალითად, გუგლი, ხელს შეუწყობს ქალების მოტივირებას.

„ჩამოყალიბებულია ასეთი აზრი თავიდანვე, რომ ბიჭებს უფრო აქვთ ტექნიკური უნარები. რატომ ითვლება ასე? თვითონ ოჯახში თვლიან ასე, მასწავლებლები თვლიან ასე და მერე თვითონ მოსწავლეებსაც სკოლის ასაკშივე უჩნდებათ ამის განცდა. საიდან მოდის ეს სტერეოტიპები, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, იმიტომ რომ, თუკი ისტორიას გადავხედავთ, პირველი პროგრამისტი, ადა ლავლეისი, იყო ქალი. ამიტომ ისტორიულად ვერ ვიტყვი, რომ ეს სწორი შეხედულებაა. რაღაც დროთა განმავლობაში რატომღაც არის ჩამოყალიბებული ეს სტერეოტიპი. ჩემს გამოსვლაშიც ვთქვი, რომ რატომღაც გოგონებს ჰგონიათ, რომ პროგრამირება იგივე ფიზიკურ შრომას მოითხოვს, როგორც, მაგალითად, მშენებლობა. ამ დროს აბსოლუტურად არ არის ასე და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სფერო, რომელიც გონებრივ მონაცემებზე არის დამოკიდებული და კვლევები აჩვენებენ, რომ გოგონები არათუ ჩამორჩებიან, არამედ უსწრებენ ან უტოლდებიან ბიჭების მონაცემებს ტექნიკურ საგნებში. ამიტომ ცოტა უცნაურია ამ სტერეოტიპის არსებობა“, - ამბობს ნინო ნატროშვილი.

მართალია, თბილისის კონფერენცია დასრულდა, მაგრამ კამპანია მთელ მსოფლიოში გრძელდება. 2014 წლის შემოდგომიდან უკვე ძალაში შევა პროექტი „FemTech”, რომლის მიზანიცაა მხარი დაუჭიროს დეველოპერი ქალების „Start Up”-ებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG