Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები თვითმმართველობის არჩევნებში


ხათუნა ფილიევა სოფელ ნაწრეტში ცხოვრობს. ეს სოფელი შავშვების თემში შედის. ფილიევამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. მას კოალიცია „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის“ წევრები ეხმარებიან. ეს კოალიცია გორში „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ადგილობრივი ქალების გააქტიურება დაისახა. ხათუნა ფილიევა კოალიციის შეკრებებს სისტემატიურად ესწრება. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სოფლის პრობლემებს კარგად იცნობს და შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას.

გორის საკრებულოს წევრობა გადაწყვიტა ერგნეთის მცხოვრებმა ლია ჩლაჩიძემ. კონსულტაციების შემდეგ იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ადგილს პირველ ხუთეულში დაიკავებს. ლია ჩლაჩიძემ ერგნეთში არსებული პრობლემები კარგად იცის და ამ პრობლემების გადასაჭრელად მუდმივად აქტიურობს. მისი აზრით, ქალთა კოალიცია ადგილობრივი ქალებისთვის ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს და მათ პოლიტიკურ გააქტიურებას ხელს უწყობს.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ და კოალიცია „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის“ იმ ქალბატონებისთვის, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ტრენინგების სერიის ჩატარებას აპირებენ. გარდა ამისა, კოალიციის ქალები კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად ჩაერთვებიან და ეცდებიან მეტი წარმომადგენელი შეიყვანონ საკრებულოში. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ცენტრი აქტიურად მუშაობს პოლიტიკურ პარტიებთან და ლიდერ ქალბატონებს ლობირებს, რომელთა გადამზადებას ორგანიზაცია კისრულობს.

ამჟამად გორის 31-კაციან საკრებულოში მხოლოდ სამი ქალია წარმოდგენილი. კოალიცია „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ეს სურათი ქალთა სასარგებლოდ შეიცვლება. „ქალთა საინფორმაციო ცენტრს“ და კოალიციას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ეხმარებიან. ერთ-ერთი პროექტი, მაგალითად, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“(OXFAM) საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია გაზარდოს ქალთა ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
XS
SM
MD
LG