Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირდაპირ ეთერში ნანახი ანექსია


რუსეთის პასპორტების მიღების პროცესი ყირიმში
რუსეთის პასპორტების მიღების პროცესი ყირიმში
ანექსირებულ ყირიმში რუსეთის პასპორტების გაცემა დაიწყო. ამ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო სამსახური ავრცელებს. როგორია რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რამდენად ადეკვატურია დასავლეთის რეაქცია რუსეთის ქმედებებზე და რა საფრთხეებს ხედავენ პოლიტოლოგები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მაშინ, როცა, მათი თქმით, მსოფლიომ პირდაპირ ეთერში უყურა ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ანექსიას?

წილი ნაყარია: ჯერ იყო და ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა თითქმის 96-მა პროცენტმა არჩევანი რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ გააკეთა, მერე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ყირიმის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას უკრაინის რეგიონის - ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის - რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ და ახლა ჯერი ნახევარკუნძულელებისათვის რუსეთის პასპორტების დარიგებაზე მიდგა. რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო სამსახურმა ანექსირებულ ყირიმში რუსული პასპორტების გაცემა უკვე დაიწყო. რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ეს ინფორმაცია დაადასტურა უწყების ხელმძღვანელმა კონსტანტინ რომადანოვსკიმ. მისი თქმით, პასპორტების გაცემა 19 მარტს დაიწყო და იმედოვნებს, რომ პასპორტების გაცემის ინტენსივობა ყოველდღიურად გაიზრდება.

მიუხედავად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 17 მარტის განცხადებისა, სადაც კიდევ ერთხელ მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მოქმედება უკრაინაში, და მიუხედავად „თეთრი სახლის“ მიერ გავრცელებული არაერთი გზავნილისა, რომელიც ყირიმში მიმდინარე პროცესებზე სრულად აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთს, როგორც ჩანს, რუსეთისათვის ჯერ კიდევ ვერ გამოიყურება დამაჯერებლად და შემაშფოთებლად ის სანქციები, რომლებსაც დასავლეთი რუსეთის მიმართ აწესებს. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის მიერ შემოღებული სანქციები, რომლებიც აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას გულისხმობს, რუსეთისა და ყირიმის ხელისუფლებების მხოლოდ იმ 21 წევრზე ვრცელდება, რომლებიც ემუქრებიან „უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. რუსეთისთვის არც „დიდი რვიანის“ წევრობის შეჩერება გახდა საბაბი იმისა, რომ მის მოქმედებებს ანექსირებულ ყირიმში ფერი ეცვალა. მეტიც, 20 მარტს გავრცელებული ცნობის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ყირიმის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების იურიდიული პროცესი მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.

სანქციები, საბოლოო ჯამში, მაინცდამაინც სერიოზული არ იქნება. ეს უკვე თვალნათლივ ჩანს. სამწუხაროდ, დასავლეთი სანქციებით ვერ გვაოცებს. მით უმეტეს, ვერ აოცებს პუტინს, რომელმაც, როგორც ჩანს, წინასწარ დაიჭირა თადარიგი სანქციებისთვის...
თორნიკე შარაშენიძე
პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ვერც დასავლურმა სტრუქტურებმა და ვერც აშშ-მა ვერ შეძლო რუსეთისათვის იმ ძალის ჩვენება, რაც რუსეთს აიძულებდა ყირიმის ანექსიაზე უარი ეთქვა. ახლა ჯერი თავად უკრაინაზეა, თუ რამდენად მოახერხებს უკრაინა გაერთიანებას და ერთ აზრზე ჩამოყალიბებას: „თუკი უკრაინამ ამას ვერ უპასუხა ჩამოყალიბებული, კარგი გაგებით, ნაციონალისტური უკრაინული პოლიტიკით და თუკი უკრაინა კიდევ უფრო დაიქსაქსა, მაშინ რუსეთი თავის მიზანს მიაღწევს. მეორე, ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჩემი აზრით, არის ის, თუ რა სანქციები განხორციელდება დასავლეთის მხრიდან. სანქციები, საბოლოო ჯამში, მაინცდამაინც სერიოზული არ იქნება. ეს უკვე თვალნათლივ ჩანს. სამწუხაროდ, დასავლეთი სანქციებით ვერ გვაოცებს. მით უმეტეს, ვერ აოცებს პუტინს, რომელმაც, როგორც ჩანს, წინასწარ დაიჭირა თადარიგი სანქციებისთვის და ახლა უკვე ის არაფერ სასწაულს აღარ ელოდება. არ ეშინია“, - მიაჩნია თორნიკე შარაშენიძეს.

ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურეთ ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ანექსიას, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში კიდევ ერთი პოლიტოლოგი, ლევან ცუცქირიძე. ამიტომ, მისი აზრით, სრულიად ლოგიკურად აგრძელებს რუსეთი ოკუპირებულ ტეროტორიაზე მოქმედებას, რაც ამჯერად ყირიმელებისათვის რუსული პასპორტების გაცემაში გამოიხატება. პოლიტოლოგის თქმით, ახლა რუსეთი მხოლოდ ფორმალურ მხარეს აგვარებს და ცდილობს მაქსიმალურად გაამყაროს როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად ის დე ფაქტო მდგომარეობა, რომელიც მან ნახევარკუნძულზე შექმნა. „ჩვენ, სამწუხაროდ, ეს სცენარი უკვე ნანახი გვაქვს“, გვეუბნება ლევან ცუცქირიძე და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ პასპორტიზაციის პროცესთან ავლებს პარალელს: „ჩვენთანაც ზუსტად იმავე სცენარით განვითარდა მოვლენები, მხოლოდ იმის გამოკლებით, რომ არ გაუფორმებიათ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შეერთება რუსეთთან, თუმცა იქაც იყო პასპორტიზაცია, იქაც იყო შეიარაღების მიწოდება, იქაც მიმდინარეობდა სამხედრო ოპერაციები და მერე ფართომასშტაბიანი ინტერვენცია საქართველოში“, - იხსენებს ლევან ცუცქირიძე, აფხაზეთის მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების დარიგება ჯერ კიდევ 1999 წელს დაიწყო. პასპორტებს მსურველები სოჭში გახსნილ ცენტრში იღებდნენ. მასობრივი სახე რუსული პასპორტების გაცემამ უკვე 2002 წლიდან მიიღო. 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ აფხაზეთის დემოუკიდებლობის აღიარების შემდეგ პასპორტების გაცემა სოხუმში, ე.წ. რუსეთის საკონსულოში, გაგრძელდა. პასორტების გაცემის პიკი ოლიმპიადის წინ - 2014 წლის იანვარში - დაფიქსირდა.

თუკი კონკრეტულად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა გაფართოვდეს იმ ადამიანების სია, რომლებზეც განხორციელდება სანქციები, ძალიან კონკრეტული უნდა იყოს აგრეთვე ის ქმედებები, რომლებიც განხორციელდება ფინანსური სანქციების თვალსაზრისით...
ირაკლი ფორჩხიძე
ლევან ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ შექმნილმა პრეცედენტმა, რომლითაც მან ფორმალურად მიიერთა ყირიმი, შესაძლოა ბიძგი მისცეს მსგავს პროცესებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. როგორც ის ამბობს, მას არ გაუკვირდება, თუკი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მოეწყობა რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების მოთხოვნით. პოლიტოლოგის აზრით, ეს არის ძალზე სახიფათო პერიოდი საქართველოსთვის, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ხედავს, რომ ის რეაქცია, რაც მის ქმედებებს დასავლეთის მხრიდან მოჰყვა, ამ ეტაპზე არცთუ ისე მკაცრია.

ლევან ცუცქირიძის მსგავსად ფიქრობს ირაკლი ფორჩხიძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი. მისი თქმით, თუკი კრემლი მოისურვებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავსი სცენარის განხორციელებას და რეფერენდუმის გამართვას რუსეთთან მიერთების მოთხოვნით, ეს რეფერენდუმი დასრულდება სწორედ ისე, როგორც კრემლს უნდა, მით უმეტეს, რომ, როგორც პოლიტოლოგთა უმეტესობა, ისიც სკეპტიკურად არის განწყობილი დასავლური სანქციებისადმი: „თუკი კონკრეტულად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა გაფართოვდეს იმ ადამიანების სია, რომლებზეც განხორციელდება სანქციები, ძალიან კონკრეტული უნდა იყოს აგრეთვე ის ქმედებები, რომლებიც განხორციელდება ფინანსური სანქციების თვალსაზრისით, ვგულისხმობ მათი აქტივების გაყინვას და ა.შ. დღევანდელი გადასახედიდან, იმ პოზიციების გათვალისწინებით, რაც ჯერჯერობით იკვეთება, მე ვერ ვხედავ რაიმე შემაკავებელ ფაქტორს, რამაც შესაძლოა რუსეთს გადააფიქრებინოს იმ ოკუპირებული რეგიონების მიერთება, თუკი, რა თქმა უნდა, ისინი ამას გადაწყვეტენ“, - ამბობს ირაკლი ფორჩხიძე.

რაც შეეხება სანქციების გამკაცრებას, გეტყვით, რომ 20 მარტს, გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერები მორიგ სამიტზე გამოთქვამენ მზადყოფნას რუსეთის წინააღმდეგ მეტი და უფრო მკაცრი სანქციის დაწესების თაობაზე.
XS
SM
MD
LG