Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციებს ეტაპობრივად ამკაცრებს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 17 მარტს გააკეთეს განცხადება, რომელშიც ძალიან მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მოქმედება უკრაინაში. თუმცა ბრიუსელის მიერ შემოღებული სანქციები უფრო რბილ სადამსჯელო ზომებს ითვალისწინებს. ევროკავშირში სანქციები, რაც აქტივების გაყინვას და ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას გულისხმობს, რუსეთისა და ყირიმის ხელისუფლებების მხოლოდ იმ 21 წევრზე ვრცელდება, რომლებიც ძირს უთხრიან ან ემუქრებიან „უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ევროკავშირის მიერ შედგენილ სიაში რუსეთის ხელისუფლების შედარებით დაბალი რანგის მოხელეები, მათ შორის, სახელმწიფო დუმის დეპუტატები არიან, თუმცა, როგორც ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა, ევროკავშირის სანქციები მომავალში შესაძლოა გაღრმავდეს.

„ეს არ არის ისეთი სია, რომლის მომავალში შეცვლა შეუძლებელია. დაემატება თუ არა ამ სიას სხვა პირები, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ყირიმის რეფერენდუმის მიმართ, რაც ნებისმიერი დემოკრატიის დაცინვას წარმომადგენს“.

17 მარტსვე რუსეთისა და ყირიმის მოხელეების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო აშშ-მა. იმ პირთა სიაში, რომელთა აქტივებიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას განკარგულებით დაუყოვნებლივ გაიყინება, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო, პრემიერ-მინისტრის მოადგილე დმიტრი როგოზინი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეები ვლადისლავ სურკოვი და სერგეი გლაზევი და სამი რუსი კანონმდებელი მოხვდნენ.

უფრო ადრე სახელმწიფო დეპარტამენტმა ანალოგიური სანქციები დაუწესა უკრაინის დამხობილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, მისი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ვიქტორ მედვედჩუკს, ასევე სეპარატისტული ყირიმის ორ ლიდერს - სერგეი აკსიონოვსა და ვლადიმირ კონსტანტინოვს.

უფრო საინტერესო ასპექტი, ცხადია, ისაა, რომ არსებობს 120 კაციანი ორიგინალური სია და სწორედ ესაა ნამდვილი სია, რის ნახვასაც რუსები მოელოდნენ, რადგან ის ძალიან სრულყოფილი სიაა, რომელშიც, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარდა, თითქმის ყველა შედის...
იან ტეკოვი
თუმცა ევროკავშირის მიერ შემუშავებული შავი სია იმაზე უფრო მოკლე აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ. სანქციების პროექტში, რომელმაც მედიაში გაჟონა, დაახლოებით, 120-130 კაცის, მათ შორის, რუსეთის სახელმწიფო კომპანიების - „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ - ხელმძღვანელების გვარებიც ფიგურირებდა.

იან ტეკოვი, ბრიუსელში მდებარე ევროპული კარნეგის დირექტორი, მიიჩნევს, რომ ევროკავშირი შეგნებულად მოიქცა ასე, როცა თავდაპირველად უფრო მოკლე სია დაამტკიცა.

„უფრო საინტერესო ასპექტი, ცხადია, ისაა, რომ არსებობს 120 კაციანი ორიგინალური სია და სწორედ ესაა ნამდვილი სია, რის ნახვასაც რუსები მოელოდნენ, რადგან ის ძალიან სრულყოფილი სიაა, რომელშიც, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარდა, თითქმის ყველა შედის. რუსებმა ახლა იციან, რომ ამ პირებზე ახლა მიმდინარეობს მსჯელობა. და ეს მნიშვნელოვანი მესიჯია. დიდი მნიშვნელობა არა აქვს ახლანდელ 20 კაციან საბოლოო სიას, რადგან ეს სია, როგორც მომდევნო ნაბიჯი, მომავალში აუცილებლად გაფართოვდება“.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიუბიმორ ზაორალეკმაც აღნიშნა, რომ სანქციების სია შესაძლოა ძალიან მალე გაფართოვდეს:

„მე მესმის, რომ ეს არის თავდაპირველად შემუშავებული სია და მე არ ვიტყოდი, რომ ეს სია შეუძლებელია გაფართოვდეს, თუნდაც ევროკავშირის საბჭოს მომავალი შეხვედრის დროს“.

დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი არა მხოლოდ სანქციებით, არამედ შიდა პრობლემების გამწვავებითაც გვაშინებს. მინდა ვიცოდე, რა აქვთ მხედველობაში?...
ვლადიმირ პუტინი
რუსეთმა დასავლეთის სანქციებს 18 მარტსვე უპასუხა. სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ყირიმის პრემიერ-მინისტრმა სერგეი აკსიონოვმა, ყირიმის პარლამენტის თავმჯდომარემ ვლადიმირ კონსტანტინოვმა და სევასტოპოლის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი ჩალიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყირიმისა და სევასტოპოლის, როგორც ახალი სუბიექტების, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. ამასთან, საკუთარ მიმართვაში ვლადიმირ პუტინი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებსაც გამოეხმაურა და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა:

„დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი არა მხოლოდ სანქციებით, არამედ შიდა პრობლემების გამწვავებითაც გვაშინებს. მინდა ვიცოდე, რა აქვთ მხედველობაში? მეხუთე კოლონის, ათასი ჯურის გამყიდველი ნაციონალისტების ამოქმედება თუ იმის იმედი აქვთ, რომ გააუარესებენ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას რუსეთში და ამით ხალხის უკმაყოფილების პროვოცირებას შეძლებენ? მსგავს განცხადებებს განვიხილავთ როგორც უპასუხისმგებლოსა და აშკარად აგრესიულს და მათზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“.

მსოფლიოს „დიდი რვიანის“ ლიდერებმა რუსეთი ამ გაერთიანებიდან გარიცხეს, ყირიმში მისი მოქმედების გამო. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა დღეს უთხრა საფრანგეთის რადიოს - „ევროპა 1“-ს.

ყირიმში რუსეთის მოქმედების პასუხად, ევროკავშირი დაჰპირდა უკრაინას, რომ 20-21 მარტს ხელს მოაწერს ასოცირების შეთანხების პოლიტიკურ ნაწილს, ხოლო კავშირის ლიდერები ამავე შეხვედრაზე მაისში დაგეგმილი რუსეთ-ევროკავშირის სოჭის სამიტის გაუქმების საკითხზე იმსჯელებენ.

იან ტეკოვის თქმით, ამ საკითხზე, ისევე როგორც სიის გაფართოებაზე ევროკავშირი სწრაფად მიაღწევს კონსენსუსს. რაც შეეხება მომდევნო, მესამე ეტაპს, რომელიც რუსეთისათვის უფრო მკაცრ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს, ჯერჯერობით ამის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებს შორის არ არსებობს ერთიანი აზრიო, დასძენს იან ტეკოვი, ბრუსელში მდებარე ევროპული კარნეგის დირექტორი.
XS
SM
MD
LG