Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ყირიმის მიერთება პრეცედენტი ცხინვალისთვის?


როკის გვირაბი
როკის გვირაბი
რუსეთის მიერ ყირიმის და სევასტოპოლის მიერთებამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პრორუსულად განწყობილ პოლიტიკოსებში გააჩინა იმედი, რომ ეს პრეცედენტი დე ფაქტო რესპუბლიკისთვისაც გამოყენებული იქნება.

ორიოდე თვის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ედინაია ოსეტიამ“, და მისმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, რუსეთის ფედერციაში გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს, თუმცა ამ იდეას ცხინვალში მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა ბრძოლით მოიპოვა და მასზე უარის თქმა წარმოუდგენელია.

რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებას თავიდან მხარს თიბილოვის ხელისუფლებაც უჭერდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებს კრემლის კურატორმა ვლადისლავ სურკოვმა გასაგებად მიანიშნა, რომ რუსეთი ამ საკითხზე არ ფიქრობდა, ცხინვალში დისკუსია შეწყდა. პუტინის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ კი დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილობრივ პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ შეახსენა რეფერენდუმის ჩატარების იდეა.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის „შენი არჩევანი - ოსეთი“ ლიდერი ალან ჯუსოევი მიიჩნევს, რომ ყირიმის ვარიანტი სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების საშუალებას მისცემს. ჯუსოევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში სხვადასხვა ფორმატით გამართული არაერთი შეხვედრისას გამოითქმოდა აზრი, რომ რუსეთთან შეერთების მექანიზმი არ არსებობს და, ამასთან, ეს მოსკოვისთვის დიპლომატიურად მომგებიანი არ იქნებოდა. „მაგრამ ყირიმის პრაქტიკამ აჩვენა, რომ მექანიზმი საკმაოდ სწრაფად შეიქმნა და ეს ჩვენთვის პრეცედენტია“, - აცხადებს ალან ჯუსოევი. მისივე თქმით, რუსეთთან შეერთებაზე სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი უკვე ორჯერაა ჩატარებული და ამიტომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს რუსეთის პრეზიდენტისთვის მიმართვა, რომელსაც პარლამენტის ორივე პალატა განიხილავს. ჯუსოევის შეფასებით, რუსეთის ფედერაციაში ორი ოსეთის გაერთიანება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ცხინვალელ პოლიტოლოგს დინა ალბოროვას. ჩვენს რადიოსთან საუბარში იგი ამბობს, რომ ყირიმის ვარიანტს ადგილობრივი პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებენ, მაგრამ აქ მთავარი იქნება არა პარტიული ინტერესები, არამედ რუსეთის პოზიცია. დინა ალბოროვას განცხადებით, დღეს არ არსებობს რუსეთთან სამხრეთ ოსეთის შეერთების აუცილებლობა, რადგან რუსეთის წყალობით რესპუბლიკის უსაფრთხოება უკვე დაცულია და, ამასთან, მოსკოვი ჯერჯერობით არ არის დაინტერესებული სამხრეთ ოსეთის შეერთებით.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის შეერთებას არ იჩქარებს და ნატოს სამიტს დაელოდება. გარდა ამისა, მისი აზრით, ფედერაციასთან ინტეგრაციის მიმართ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ყირიმში უკვე გაგზავნა მილოცვის წერილები. ჯერჯერობით უცნობია, მიმართავს თუ არა თიბილოვის მთავრობა ვლადიმირ პუტინს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების თხოვნით. ამ თემაზე დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტშიც იმსჯელებენ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში კი უახლოეს დღეებში კიდევ არაერთი დისკუსია გაიმართება.
XS
SM
MD
LG