Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შეუფარავი აგრესიული პროპაგანდა უკრაინაში


პრორუსული აქცია ყირიმში, 2014 წლის 5 მარტი
პრორუსული აქცია ყირიმში, 2014 წლის 5 მარტი
კიევში ფაშისტები დააბიჯებენ, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან დევნილები რუსეთს აწყდებიან, ადგილი აქვს სასტიკ ანტისემიტურ გამოხდომებს და თავდასხმებს მართლმადიდებლურ ეკლესიებზე - ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ გაზვიადებული და აშკარად გაყალბებული ცნობებისა, რომლითაც უკრაინაში კრიზისის გაშუქების დროს რუსეთის მედია შიდა საზოგადოებას ასაზრდოებს.

ისედაც არ არის იოლი იმის გაგება, თუ რა ხდება სინამდვილეში უკრაინასა და მის ცალკეულ რეგიონებში მას შემდეგ, რაც კიევში ხელისუფლება შეიცვალა ძლიერი ანტისამთავრობო დემონსტრაციებისა და ძალადობის შემდეგ, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის მედია ცდილობს ეს სურათი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადოსო, - ამბობს კეტრინ ფიცპატრიკი, მწერალი და ბლოგერი, რომელიც პირველი მსოფლიო ომისდროინდელ ერთ ცნობილ გამოთქმას შეგვახსენებს:

„ომებს ასე იწყებენ. ნათქვამია, „ომის პირველი მსხვერპლი სიმართლეაო“ და ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ რუსეთი სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს. ვფიქრობ, ეს არის ნამდვილი უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან. რუსეთის მედია საყოველთაო სიძულვილისა და პანიკის პროვოცირებას ახდენს. ისეთ რაიონებში, როგორიც ხარკოვია, ადამიანები რუსეთის ტელეარხებს უყურებენ. ისინი შესაძლოა ადგილობრივ ტელევიზიებსაც ადევნებდნენ თვალს, მაგრამ ხარკოვის მოსახლეობა დიდწილად დამოკიდებულია რუსეთის ტელეარხებზე, რომელთა ინფორმაციები არ დასტურდება“.

მაშინ, როდესაც, რუსი ეროვნების მოსახლეობის დაცვის საბაბით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ავტონომიურ ყირიმის რესპუბლიკაზე კონტროლს აძლიერებენ, რუსეთის მედია და წამყვანი პოლიტიკოსები უკრაინაში ფაშისტურ და ანტისემიტურ ტენდენციებზე, აღმოსავლეთ უკრაინაში ეთნიკური რუსების მასობრივ დევნაზე საუბრობენ.

კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი მედიით გავრცელებული ინფორმაციის დიდი ნაწილი ყალბია, ისინი ეყრდნობიან საეჭვო წყაროებს, თუმცა ამას არ დაგიდევენ რუსი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, რომლებიც ამ დეზინფორმაციას იმეორებენ.

ასეთი დეზინფორმაციის დიდოსტატად უკრაინაში ცნობილ რუს ტელეწამყვან დმიტრი კისელიოვს მიიჩნევენ, რომელმაც საკუთარ საავტორო გადაცემაში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაითქვა სახელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების არაობიექტურად, მიკერძოებულად და დამახინჯებულად წარმოჩენით.

ყირიმის კრიზისის დროს ყველაზე აშკარად მაინც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ იცრუა. 5 მარტს „ინტერფაქსთან“ საუბარში შოიგუმ „სრული ბოდვა“ და პროვოკაცია უწოდა გავრცელებულ ფოტოსურათებს, რომლებზეც ყირიმში რუსეთის სანომრენიშნიანი სამხედრო მანქანებია აღბეჭდილი.

არადა, ეს მოხდა იმ დროს, როდესაც უკრაინელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს საუბარი ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურესთან, რომელმაც დაადასტურა, რომ რუსეთის ჯარისკაცია და მან ყირიმში ყოფნის მიზეზზეც მიანიშნა:

ჟურნალისტი: რატომ არ გაქვთ არანაირი განმასხვავებელი ნიშანი? საიდან ხართ?

ჯარისკაცი: იმიტომ, რომ ასეთ უნიფორმას ვატარებთ, განმასხვავებელი ნიშნის გარეშე.

ჟურნალისტი: უკრიანის ხართ თუ რუსეთის?

ჯარისკაცი: რუსეთის ჯარისკაცი ვარ.

ჟურნალისტი: რუსეთის ჯარისკაცი?

ჯარისკაცი: დიახ.

მეორე ჟურნალისტი: რა ესაქმებათ რუსეთის ჯარისკაცებს უკრაინის ტერიტორიაზე?

ჯარისკაცი: ის, რომ... ტელევიზორს არ უყურებთ?

ზოგიერთი უკრაინელი პროპაგანდას იუმორით უყურებს. უკრაინაში გავრცელებულია რუსულენოვანი ქალის სურათი, რომელიც სულ მცირე ხუთ მედიასაშუალებაში მოხვდა და ხან ხარკოველ, ხან ოდესელ, ხან კიეველ და ხან უბრალოდ ჯარისკაცის დედად წარმოაჩენს საკუთარ თავს.

ასევე იუმორისტული დატვირთვა აქვს ვიდეოს, რომელზეც უკრაინელი ულტრანაციონალისტების „ავკაცობაზეა“ საუბარი.

თუმცა, რუსეთის სატელევიზიო მედიით წამოსული ეს დეზინფორმაცია ბევრს ამოუვიდა ყელში უკრაინაში, მათ შორის, 25 წლის ხარკოველ ჟურნალისტს სერგეი ბალბეკოს, რომელმაც გადაწყვიტა ვებსაიტ „ფეიკ კონტროლის“ დაარსებით აღდგომოდა წინ დეზინფორმაციის ნაკადს:

„მე მომივიდა იდეა, რამდენიმე ჩემ მეგობართან ერთად წამოვიწყოთ ეს პროექტი, რადგან დავინახეთ, რომ დიდძალი დეზინფორმაცია ვრცელდება მედიით სოციალურ ქსელებში, ბეჭდური ახალი ამბებისა და სხვა მედიასაშუალებებით“.

რუს კოლეგებს ობიექტურობისაკენ მოუწოდეს უკრაინელმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ამას წინათ ერთგვარი ჰიპოკრატეს ფიციც კი შეიმუშავეს. თუმცა რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი ტელევიზიები კვლავ განაგრძობენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების არაობიექტურად წარმოჩენას.

დეზინფორმაციის შესაჩერებლად ერთ-ერთი საინტერნეტო და საკაბელო პროვაიდერი, „ლანეტი“, რადიკალურ ზომამდე მივიდა და უკრაინის კანონმდებლობის სამი რუსული ტელეარხის - „რტრ პლანეტის“, „პირველი არხისა“ და „ნტვ მირის“ - ტრანსლაცია შეაჩერა.

ეს რუსული ტელეარხები ეწევიან აგრესიულ პროპაგანდას, მოსახლეობას მოუწოდებენ ომისაკენ, მტრობასა და ზიზღს ავრცელებენო, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG