Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰიუმან რაიტს უოჩი": ერაყში პატიმარ ქალებს ხშირად აწამებენ


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშის თანახმად, ერაყის ციხეებში მყოფი პატიმარი ქალები ხშირად ხდებიან წამების მსხვერპლნი.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ თანახმად, ერაყის ციხეებში ბევრი პატიმარი ქალი ხდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

ორგანიზაციამ ხუთშაბათს გამოაქვეყნა 105 გვერდისგან შემდგარი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალები, ფაქტობრივად, იდენტურ სისასტიკის ტაქტიკას იყენებენ. ამასთან, ასობით ქალი რჩება უკანონო პატიმრობაში. არადა, პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ ერთი წლის წინ დადო იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სისტემების რეფორმირების პირობა.

ანგარიშის სახელია „დაცული არავინაა: ქალთა უფლებების დარღვევა ერაყის სისხლის სამართლის სისტემაში“. დოკუმენტის თანახმად, ერაყის სუსტი სასამართლო სისტემა განაჩენს ხშირად აფუძნებს დაშინებით და ძალადობით გამოძალულ ჩვენებებზე, სამართალწარმოება კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებს.
გულწრფელად რომ ითქვას, საერთაშორისო თანამეგობრობას ბევრი არაფერი გაუკეთებია რეფორმების გატარებისთვის მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად...
ერინ ევერსი

აშშ-ში განთავსებული ამ ორგანიზაციის ერაყის საკითხების მკვლევარმა ერინ ევერსმა რადიო თავისუფლებას ბაღდადიდან უთხრა, რომ დაპირებული რეფორმებიდან არც ერთი არ აღსრულებულა: „სისხლის სამართლის სისტემა, რომელიც მოიცავს ბევრ რამეს, უსაფრთხოების ძალების, საგამოძიებო მოსამართლეების და საკუთრივ სასამართლოების ჩათვლით, აბსოლუტურად გაუმართავია. ის ყველა ეტაპზე კორუფციით და დარღვევებითაა მოცული და, გულწრფელად რომ ითქვას, საერთაშორისო თანამეგობრობას ბევრი არაფერი გაუკეთებია რეფორმების გატარებისთვის მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად“.

ანგარიში ეყრდნობა ინტერვიუებს ციხეებში მყოფ ქალებთან და გოგონებთან, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან. „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ ასევე შეისწავლა სასამართლოს დოკუმენტები და შეხვედრები გამართა ერაყის უსაფრთხოების სტრუქტურებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან.

ორგანიზაციის თანახმად, ერაყის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების საპატიმროებში მყოფი 4,200-ზე მეტი პატიმარი ქალის უმრავლესობას სუნიტი არაბები წარმოადგენენ, თუმცა უფლებების დარღვევისა და ძალადობის მსხვერპლნი „ყველა სექტისა და კლასის“ წევრი ქალები ხდებიან.

ბევრი ქალი თვეების და, ზოგჯერ, წლების განმავლობაშია დაკავებული ისე, რომ არც ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს და არც მოსამართლეს ახვედრებენ.

ორგანიზაცია 27 ქალს ესაუბრა. მათი უმრავლესობა ჰყვება დაკითხვების დროს უსაფრთხოების ძალების მხრიდან ცემის, წიხლის ჩარტყმის, ხელის გარტყმის, თავდაყირა დაკიდების, ელექტროშოკით წამების, გაუპატიურების ან გაუპატიურების მუქარის შესახებ.
ქალების ხვედრი განსაკუთრებით მძიმეა ერაყულ საზოგადოებაში მათი სოციალური პოზიციის გამო. მათ კოლექტიურად სჯიან იმ მიზნით, რომ ამ ქალების ოჯახისა თუ თემის მამაკაცი წევრები დაამცირონ, შეურაცხყოფა მიაყენონ ან დააშინონ...
ერინ ევერსი

ამასთან, ქალები ჰყვებიან, რომ დაკითხვა მათი ნათესავი მამაკაცების ქმედებებს ეხებოდა და არა დანაშაულს, რომელშიც პირადად მათ ედებოდათ ბრალი. ქალები ამბობენ, რომ ხელი ძალით მოაწერინეს ჩვენებებზე, რომლებიც არც კი წააკითხეს წინასწარ.

ინტერვიუების დროს „ჰიუმან რაიტს უოჩს“ უთხრეს, რომ თუ ნათესავი მამაკაცი „ტერორისტულ ქმედებაში“ იქნა ეჭვმიტანილი, ერაყში განურჩევლად და მასობრივად აპატიმრებენ ქალებს.

ევერსის თქმით, სისხლის სამართლის სისტემაში არსებული მანკიერება აზარალებს როგორც ქალებს, ისე კაცებს, თუმცა ქალების ხვედრი განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ისინი თავიდანვე მეორეხარისხოვან სტატუსს ატარებენ: „ქალების ხვედრი განსაკუთრებით მძიმეა ერაყულ საზოგადოებაში მათი სოციალური პოზიციის გამო. მათ კოლექტიურად სჯიან იმ მიზნით, რომ ამ ქალების ოჯახისა თუ თემის მამაკაცი წევრები დაამცირონ, შეურაცხყოფა მიაყენონ ან დააშინონ“.

ევერსის თქმით, ერაყის სამართლებრივი და უსაფრთხოების სექტორების რეფორმა აუცილებელი პირობაა საიმისოდ, რომ ქვეყანაში შემცირდეს ხარისხი ძალადობისა, რომელიც მთელი ქვეყნის სტაბილურობას ემუქრება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG