Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ინტერესებშია აფხაზეთის რკინიგზა


აფხაზეთის რკინიგზის ოჩამჩირის მონაკვეთი
აფხაზეთის რკინიგზის ოჩამჩირის მონაკვეთი
კვლავაც მწვავე კამათის თემად რჩება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის პერსპექტივა, რასაც პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს დეოკუპაციის ”პარალელურ” მოვლენად მიიჩნევს, ხოლო ახალი მთავრობა ასეთ მიდგომას ”არაკომპეტენტურს” უწოდებს. რატომ შეიძინა საკითხმა ესოდენ დიდი პოლიტიკური წონა და რამდენად საფუძვლიანად მიიჩნევა აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის მხარდაჭერა რუსეთის ინტერესების მხარდაჭერად?

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის გეგმის მიღმა, დღეისათვის არსებულ ვითარებაში, რუსეთის ვერაგი ზრახვები იმალება:

”ეს რკინიგზა იქნება რუსეთისთვის პლაცდარმი კავკასიის დაპყრობის, სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის მოპოვებისა და ირანზე გასვლისთვის. რატომ ვართ ჩვენ პაიკი ჩვენთვის ძალიან მძიმე და რუსეთისთვის ძალიან გასაგებ, იაფფასიან თამაშში?! რატომ აქცევენ საქართველოს პაიკად, როცა ის ხდება დიდი სტრატეგიული მოთამაშე ახალი რკინიგზით, რომელიც საქართველოს აკავშირებს თურქეთთან, ევროპასთან?!”

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 28 იანვარს აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის დროს გააკეთა და იქვე დააზუსტა მთავარი შეკითხვა, რომელსაც, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, მისი აზრით, პასუხი უნდა გაეცეს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენამდე - სად დადგება ქართველი მესაზღვრე? პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუკი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა საქართველოს დეოკუპაციის პარალელურად არ მოხდება, მაშინ ეს მხოლოდ დააკანონებს რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციას.
რკინიგზის გახსნაზე თუ იქნება ლაპარაკი, იქნება ლაპარაკი რკინიგზის გახსნაზე და არა სხვა რამეზე. დეოკუპაცია პროცესია, ხოლო რკინიგზის გახსნა არის კონკრეტული მოქმედება ...
პაატა ზაქარეიშვილი

პრეზიდენტის ამგვარ მიდგომას 29 იანვარს აბსოლუტურად ”არაკვალიფიციური” და ”არაკომპეტენტური” უწოდა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში - პაატა ზაქარეიშვილმა:

”რკინიგზის გახსნაზე თუ იქნება ლაპარაკი, იქნება ლაპარაკი რკინიგზის გახსნაზე და არა სხვა რამეზე. დეოკუპაცია პროცესია, ხოლო რკინიგზის გახსნა არის კონკრეტული მოქმედება. ამდენად, რკინიგზის გახსნა შეიძლება იყოს დეოკუპაციის ნაწილი და არა დეოკუპაციის პარალელურად წარმოებული”.

აფხაზეთის რკინიგზის თემამ აქტუალობა და სიმწვავე მას შემდეგ შეიძინა, რაც სომხეთში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკითხის დადებითად გადაწყვეტის მხარდაჭერა გამოხატა. 17 იანვარს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ რკინიგზის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა ხელშემშლელ ფაქტორებს შორის ძირითადია რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ ისევ არსებული დიდი პრობლემები, რაც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას უკავშირდება. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს პრობლემა ”ალბათ, ძალიან სწრაფად ვერ მოგვარდება”, მაგრამ რკინიგზის საკითხი გაცილებით სწრაფად შეიძლება მოგვარდეს, თუკი ყველა მხარის ნება იქნება.

ბიძინა ივანიშვილის სომხეთში ვიზიტის შემდეგ აფხაზეთის რკინიგზის თემა არაერთხელ წამოწიეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისი ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. შეიძლება ითქვას, რომ მათთვის აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის მხარდაჭერა უტყუარი მაჩვენებელია იმისა, რომ მხარდამჭერი რუსეთის ინტერესების გამტარებელია. არის თუ არა მართლაც ეს ასე?

ამ შეკითხვაზე აბსოლუტურად უარყოფითი პასუხი აქვს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელს ირაკლი მენაღარიშვილს. ის ამბობს, რომ ეკონომიკური ურთიერთინტეგრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს ქართველი და აფხაზი ხალხების რეალურად გაერთიანების პროცესში და ამ ჭრილში შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობისაც კი აღმოჩნდეს კომუნიკაციის ისეთი ეფექტიანი საშუალება, როგორიც რკინიგზაა:
თუ ეს არის ცალმხრივი ჟესტი, ისეთი ჟესტი, როგორიც იყო ვიზების გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისთვის (წინა ხელისუფლების შემთხვევაში), ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ, რომ ეს არის საქართველოსთვის რამენაირად სასარგებლო ნაბიჯი ...
ირაკლი მენაღარიშვილი

”აქედან გამომდინარე, დასკვნა იმის შესახებ, რომ რკინიგზა უნდა გაიხსნას და გაიხსნება ყველა შემთხვევაში, ეს ეჭვს, უბრალოდ, არ იწვევს. საუბარია მხოლოდ პირობებზე - რა შემთხვევაში, რადგანაც ეს საკითხი მხოლოდ ქართული და აფხაზური მხარის დიალოგის თემა არ გახლავთ”.

ირაკლი მენაღარიშვილისგან განსხვავებით, ეჭვებს იმის შესახებ, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ლოგიკური საფუძვლის მქონედ აღიქვამს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დეკანი ბაკურ კვაშილავა. ეს იმიტომ, რომ ამ ეტაპისთვის გახმაურებული ინფორმაცია მას არ აძლევს საშუალებას პასუხი გასცეს შეკითხვას, თუ რატომ არის რკინიგზის ამ კონკრეტული მონაკვეთის აღდგენა სასარგებლო საქართველოსთვის, თუმცა ფარული პროცესების ალბათობა მთლად უარყოფითი დასკვნების გამოტანის საშუალებასაც არ იძლევა:

”ანუ ეს იმ დაშვებით, რომ ამ გარიგების, ამ შეთავაზების უკან დგას ისეთი წინაპირობები, რაც არ ხმაურდება, მაგრამ რაც გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას აფხაზეთზე და იმავე ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთზე... თუ ასეთი რამ განიხილება, მე ვთვლი, რომ ეს, რა თქმა უნდა, მოსალაპარაკებელი საკითხია, მაგრამ თუ ეს არის ცალმხრივი ჟესტი, ისეთი ჟესტი, როგორიც იყო ვიზების გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისთვის (წინა ხელისუფლების შემთხვევაში), ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ, რომ ეს არის საქართველოსთვის რამენაირად სასარგებლო ნაბიჯი”.

რკინიგზის აღდგენის საკითხთან დაკავშირებული ფარული პროცესების წინასწარმეტყველება ნამდვილად შეუძლებელია. ფაქტია, რომ საკითხის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუმჟღავნებია მოსკოვს და პერსპექტივას ეჭვით უყურებენ სოხუმშიც. როგორც 17 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე უთხრა ჟურნალისტებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა, სოხუმისთვის ჯერ არავის მიუმართავს შესაბამისი წინადადებებით რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით და თუკი მიმართავენ, წინადადება ”კოლექტიურად” იქნება განხილული ყველა მხარის მიერ. ისე კი, ანქვაბისთვის პერსპექტივა მეტად ბუნდოვანია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG