Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტიის კანონი ხელმოწერილია


ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულება
ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ისარგებლა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და დღეს, 12 იანვარს, ხელი მოაწერა ამნისტიის კანონპროექტს. ამნისტიის კანონი 13 იანვრის 00 საათიდან შევა ძალაში. ამნისტია, საერთო ჯამში, შეეხება 17 ათას პატიმარს. მათგან საპატიმროებს 3 000-ზე მეტი მსჯავრდებული დატოვებს, მათ შორის, პოლიტპატიმრები, რომელთა რაოდენობაც, 5 დეკემბერს მიღებული დადგენილებით, პარლამენტმა 190 ადამიანით განსაზღვრა.

ამნისტიის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს მიიღო. კანონს პრეზიდენტის ვეტო და შენიშვნებით კანონმდებლებისთვის უკან დაბრუნება მოჰყვა. კანონმდებლებმა შენიშვნები არ გაითვალისწინეს და პარლამენტის რიგგარეშე სესიის ბოლო დღეს, 28 დეკემბერს, 91 მომხრით 24-ის წინააღმდეგ, პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს. კანონი, კონსტიტუციის თანახმად, ხელმოსაწერად ისევ პრეზიდენტს დაუბრუნდა, თუმცა ამისათვის გათვალისწინებული ვადა 11 იანვარს პრაქტიკულად უშედეგოდ ამოიწურა და ნათელი გახდა, რომ კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევიდოდა. პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის პროცედურულ ჭიდილს კი წინ უძღოდა არანაკლებ მწვავე დებატები თავად კანონის შინაარსის, მიზნებისა და მიზანშეწონილობის შესახებ. კანონის გარშემო წარმოქმნილი ვნებათაღელვა გასაგებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისთვის:

”თავად პროცესი ამნისტიის მომზადების არ იყო უხარვეზო და ამის თაობაზე ბევრი ითქვა, მაგრამ ეს ხარვეზები ახლოსაც ვერ მივა იმასთან, იმ პრობლემებთან, რაც ხდებოდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში წლების განმავლობაში და რაც ხდებოდა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში წლების განმავლობაში. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ - მთავრობამ, პარლამენტმა - შევასრულეთ ჩვენი დაპირება და ვთქვით, რომ ამ ყველაფერს ბოლო მოეღებოდა. ამან განაპირობა ასეთი მასშტაბური ამნისტია - მასშტაბური იმ თვალსაზრისითაც, რომ ყველა პატიმარს მინიმუმ სასჯელის შემსუბუქება შეეხო ერთი მეოთხედით”.
გარეთ გამოვა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობაში გასამართლებული აბსოლუტურად ყველა დამნაშავე, ყველა ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ახდენდა კოორდინაციას რუსეთის დავალებით საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო მოქმედებებისა...
გოკა გაბაშვილი


თავად ამნისტია, დავით უსუფაშვილის განმარტებით, რამდენიმე ფორმას ითვალისწინებს, მათ შორის - ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების სრულ გათავისუფლებას, ასევე სასჯელის განახევრებას, ერთი მესამედით ან ერთი მეოთხედით შემსუბუქებას. ამასთან, სასჯელის ერთი მეოთხედით დაკლება შეეხება ყველა იმ პატიმარს, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს, რომლებზეც ამნისტიის აქტის კონკრეტული მუხლები არ ვრცელდება. ამნისტია, სხვადასხვა ფორმით, პრაქტიკულად ყველა პატიმარს ეხება.

საპარლამენტო უმცირესობა ამნისტიის აქტს ზოგადად ფსევდოჰუმანურ მოსაზრებებს ამოფარებულ უპრეცედენტოდ სახიფათო ნაბიჯად მიიჩნევს. მისთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ამნისტიის კანონის პოლიტპატიმრების ნაწილი. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი, ამბობს, რომ ასეთ ნაბიჯებს სახელმწიფოები მხოლოდ სრულმასშტაბიანი და უპირობო კაპიტულაციის შემდეგ დგამენ:

”კანონის საფუძველზე თავაწეულები, ამაყები, და, პირიქით, მათ საქართველოს სახელმწიფო უხდის ბოდიშს, გარეთ გამოვა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობაში გასამართლებული აბსოლუტურად ყველა დამნაშავე, ყველა ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ახდენდა კოორდინაციას რუსეთის დავალებით საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო მოქმედებებისა. ყველა ჯაშუშური ქსელი - როგორც რუსეთის სამხედრო-სადაზვერვო სამსახურის, ასევე რუსეთის სადაზვერვო სამსახურისა, ყველა იქნება თავისუფალი – ადამიანები, რომლებიც საქართველო-რუსეთის ომის დროს გადასცემდნენ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ადგილმდებარეობის, რიცხოვნობის, გადაადგილების შესახებ”.

ამნისტიის შესახებ კანონი უკვე გამოქვეყნდა საქართველოს ”საკანონმდებლო მაცნეში”. თავის მხრივ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ უკვე გაავრცელა იმ პირთა სია, რომლებიც ციხეებს 13 იანვარს დატოვებენ. ესენი პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ადამიანები არიან.

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი
”დილის 10 საათზე 13-ში დაიწყება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანთა გათავისუფლება და პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან დაუყოვნებლივ. ეს გასტანს მაქსიმუმ ერთი საათის განმავლობაში. ისინი არიან ძალიან ბევრ სხვადასხვა დაწესებულებაში და პრაქტიკულად ყველგან ერთდროულად გაიღება კარი და 190-ვე ადამიანი დატოვებს ციხეებს”, – ამბობს სასჯელაღსრულების და პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მაია ხასია კი აზუსტებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში დღეს გათავისუფლებას დაქვემდებარებული 175 პოლიტპატიმარი იმყოფება, დანარჩენმა 15-მა კი ვადაზე ადრე დატოვა საპატიმრო.

რაც შეეხება იმ დანარჩენ 3 000-მდე პატიმარს, რომლებიც ამნისტიის ძალით ასევე ელოდებიან გათავისუფლებას, მათი საქმეების სასამართლოში გადასაგზავნად პარლამენტმა სასჯელაღსრულების სამინისტროს ორკვირიანი ვადა მისცა. მთლიანობაში კი, მათი გათავისუფლების პროცესი ორ თვეში უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG